კითხვები და პასუხები ჰიპერტენზიის შესახებ

1.რას გულისხმობს  სისხლის  მაღალი წნევა(ჰიპერტენზია)?

ჰიპერტენზია, ასევე ცნობილი როგორც სისხლის მაღალი ან მომატებული წნევა –მდგომარეობაა, როდესაც სისხლძარღვები მუდმივად მაღალი წნევის ქვეშ იმყოფებიან. სისხლი გულის მიერ სისხლძარღვების საშუალებით ორგანიზმის ყველა ნაწილს მიეწოდება. გულის ყოველი შეკუმშვისას, სისხლი გადაედინება სისხლძარღვებში. სისხლის წნევა წარმოიქმნება სისხლის ზეწოლით სისხლძარღვთა (არტერიების) კედლებზე გულის მიერ სისხლის გადასროლისას სისხლძარღვებში. როცა წნევა მაღალია – გულს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა, რათა შეასრულოს ტუმბოს ფუნქცია.

სისხლის წნევის მაჩვენებლები – სისტოლური -140 მმ ვერცხლ.სვ  და/ან  დიასტოლური 90 მმ.ვერცხლ.სვ-ზე ტოლი ან მეტი, ითვლება ჰიპერტენზიად.

        ზოგჯერ ჰიპერტენზიის სიმპტომებია თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის ფრიალი და ცხვირიდან სისხლდენა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზიას ხშირად ასიმპტომური (სიმპტომების გარეშე) მიმდინარეობა ახასიათებს.

 

2. რა საფრთხეები არსებობს ჰიპერტენზიის დროს?

თუ მაღალია სისხლის წნევა, მაღალია სისხლძარღვოვანი გართულებების ანუ გულის, ტვინისა და თირკმლის დაავადებათა განვითარების რისკები.

არაკონტროლირებული, ანუ ცუდად ნამკურნალები ჰიპერტენზია გულის გადიდების და საბოლოოდ გულის უკმარისობის განვითარების საფუძველია. სისხლძარღვის კედელში შესაძლოა წარმოიშვას ანევრიზმა (გამოზნექილობა), რაც ხშირად  სიხლძარღვის დახშობისა და დაზიანების მიზეზი ხდება. ეს პროცესი უხშირესად თავის ტვინში სისხლჩაქცევის (ინსულტი) მიზეზია, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, სიბრმავე და  გონებრივი სფეროს დარღვევები.

ჰიპერტენზიასთან ერთად  სხვა ფაქტორებიცაა, რომლებიც გულის შეტევათა, ინსულტის და თირკმლის უკმარისობის განვითარების ალბათობას ზრდის. ეს ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სუფრის მარილის სიჭარბე რაციონში, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მუდმივი სტრესები, სიმსუქნე, მაღალი ქოლესტეროლი სისხლში და შაქრიანი დიაბეტი.

3. როგორ ავიცილოთ თავიდან  ჰიპერტენზია ან ვუმკურნალოთ მას?

ყველა ადამიანმა რეგულარულად უნდა გაიზომოს სისხლის წნევა, თუ ის აღმოჩნდა მაღალი – მიმართოს ექიმს.

ზოგიერთი პირისთვის ცხოვრების წესის შეცვლა (თამბაქოზე უარის თქმა, ჯანმრთელი კვება, მარილის მოხმარების შემცირება, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე  უარის თქმა და ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია) საკმარისი ხდება, რათა წნევა დარეგულირდეს. მეორე, უფრო დიდი ნაწილისათვის – ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია წნევის დამწევი წამლების ჩართვა მკურნალობის პროცესში. მკურნალობის პროცესში მუდმივად უნდა მონაწილეობდეს სამედიცინო პერსონალი და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მასთან ერთად.

პირები, მაღალი წნევით და მასთან შეუღლებული  მდგომარეობებით, კერძოდ მაღალი გლუკოზით ან ქოლესტროლით სისხლში, მიეკუთვნებიან მაღალი რისკის კატეგორიას მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების მხრივ. ამდენად, სისხლში ქოლესტეროლის, გლუკოზის და შარდში ცილის რეგულარული კონტროლი ასევე მნიშვნელოვანია.

ყველას აქვს შანსი, აიცილოს თავიდან ჰიპერტენზია და მისი მძიმე გართულებები ხუთი კონკრეტული აქტივობის გზით:

  • ჯანსაღი კვება

ü  ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება, სწორად შერჩეული საკვების მოხმარება ახალშობილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკიდან;

ü  მარილის მოხმარების დღიური რეკომენდებული დოზის გათვალისწინება (5 გრამი დღეში);

ü  ხილისა და ბოსტნეულის 5 ულუფის საჭიროების გათვალისწინება დღიურ რაციონში;

ü  ცხიმის შემცირება რაციონში.

  • ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (შეზღუდული მოხმარება, არა უმეტეს ერთი სტანდარტული დოზისა დღეში);
  • ფიზიკური აქტივობა – მინიმუმ 30 წუთი დღეში, წონის კონტროლით;
  • თამბაქოზე უარის თქმა;
  • სტრესის მართვა აუტოტრენინგის, შესაბამისი ფიზიკური სავარჯიშოებისა და პოზიტიური სოციალური კონტაქტების გზით.

   4. როგორ არის გავრცელებული ჰიპერეტნიზია?

       ყოველი სამი მოზრდილიდან ერთზე მეტს მომატებული არტერიული წნევა აღენიშნება, რაც ინსულტითა და გულის შეტევით გარდაცვლილთა თითქმის 50%-ის მიზეზი ხდება. 2004 წელს არტერიული ჰიპერტენზია პასუხისმგებელი იყო 7,5 მლნ. სიკვდილის შემთხვევაზე, რაც საერთო სიკვდილიანობის 13% შეადგენს.

       მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობაში დროულად გამოვლენილი ჰიპერტენზიის სწორი მკურნალობა ადექვატური დაბალფასიანი მედიკამენტებით მიმართულია სისხლძარღვოვანი გართულებების შემცირებისაკენ. ამ მხრივ მისი შედეგები შესამჩნევია. მაგალითად, 1980 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 40% და ამერიკის რეგიონში 31%, 2008 წლისათვის შემცირდა 30% და 23%–მდე შესაბამისად. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის რეგიონში მაღალი წნევის გავრცელების მაჩვენებელი 40–50%-ია და იგი  წლიდან წლამდე მატულობს.

განვითარებად ქვეყნებში ჰიპერტენზიის მქონე პირების დიდი ნაწილი არადიაგნოსტირებული და არანამკურნალებია, რაც ნაადრევი სიკვდილიანობისა და ინვალიდობის მაღალ რისკს ქმნის.

 

 

                    ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო