ჰეპატიტი

B  ჰეპატიტი

  • B  ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებას;
  • ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით;
  • B  ჰეპატიტის შედეგად ყოველწლიურად კვდება 780 000-ზე მეტი ადამიანი;
  • B  ჰეპატიტი წარმოადგენს  მნიშვნელოვან პროფესიულ საფრთხეს სამედიცინო პერსონალისათვის;
  • 240 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია B  ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით.

B ჰეპატიტი პოტენციურად არის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ღვიძლის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია B  ჰეპატიტის ვირუსით. ის  ჯანმრთელობის მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული ინფექცია და ინფიცირებულებს შეუქმნას სიკვდლის მაღალი რისკი ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარების გზით.

B  ჰეპატიტი გახდა მართვადი ინფექცია უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გამოყენებით. B  ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიყენება 1982 წლიადან. მას აქვს 95%-იანი ეფექტურობა დაავადების პრევენციის და მისი გაქრონიკულების თვალსაზრისით და ამავე დროს ითვლება კიბოს საწინააღმდეგო პირველ ვაქცინად.

გეოგრაფიული  გავრცელება

B ჰეპატიტი ყველაზე მეტად გავრცელებულია  აფრიკაში საჰარის უდაბნოს სამხრეთით და აღმოსავლეთ აზიაში. ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა B ჰეპატიტით დაინფიცირებულია ბავშვობის  ასაკში და ზრდასრული მოსახლეობის 5-10% არის ქრონიკულად ინფიცირებული.

B ჰეპატიტის  ქრონიკული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია ასევე    აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სამხრეთ ნაწილებში და  შუა აღმოსავლეთის და ინდოეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 2-5% არის ქრონიკულად ინფიცირებული. B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული მოსახლეობა 1%-ზე  ნაკლებს შეადგენს დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

გადაცემა

მაღალ ენდემურ ადგილებში B ჰეპატიტის ვირუსი ყველაზე ხშირად ვრცელდება დედიდან შვილზე ბავშვის დაბადების დროს ან ერთი ადამიანიდან მეორეზე ადრეული ბავშვობის პერიოდში.

აღნიშნული გზის ხვედრითი წილი შედარებით მცირეა დაბალ ენდემურ რეგიონებში. აქ სქესობრივი გადაცემა და დასნებოვნებული ნემსების გამოყენება, რომელიც განსაკუთრებით ხშირია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში, არის დაინფიცირების უმთავრესი გზა.

B ჰეპატიტის ვირუსს ადამიანის ორგანიზმის გარეთ შეუძლია გადარჩეს მინიმუმ  შვიდი დღე. ამ დროის განმავლობაში, ვირუსს ჯერ კიდევ შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია თუ მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც წინასწარ არ იყო დაცული ვაქცინით.

B ჰეპატიტის ვირუსი არ ვრცელდება დაბინძურებული საკვებით და წყლით და  არ ახასიათებს სამუშაო ადგილებში შემთხვევითი გავრცელება.

B ჰეპატიტის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი არის საშუალოდ 75 დღე, მაგრამ შეიძლება ვარირებდეს 30 - 180 დღის ფარგლებში.

სიმტომები

ინფიცირებულთა უმრავლესობა არ განიცდის რაიმე სიმპტომებს  მწვავე ინფექციის ფაზაში. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს აქვს გამოხატული სიმტომები,  როგორიცაა კანის და თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ძლიერი დაღლილობა,  გულისრევა, პირღებინება და მუცლის ტკივილი.

ზოგ ინდივიდში B ჰეპატიტის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული ინფექცია, რომლისგანაც შემდგომში შეიძლება განვითარდეს  ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო. B ჰეპატიტის ვირუსით ზრდასრულ ინფიცირებულთა 90%  გამოჯანმრთელდება და სრულად იკურნება 6 თვეში.

ვინ  არის  ქრონიკული  დაავადების რისკის  ქვეშ?

ალბათობა იმისა, რომ B ჰეპატიტის ინფექცია გახდება ქრონიკული, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინდივიდის ასაკზე დაინფიცირების მომენტში. ამ მხრივ, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან 6 წლამდე ბავშვები:

  • 80-90% ჩვილი ბავშვებისა, რომლებიც არიან დაინფიცირებულნი სიცოცხლის პირველ წელს, უვითარდებათ დაავადების ქრონიკული ფორმა;
  • 6 წლამდე ბავშვებში  დაავადების ქრონიკული ფორმა  ვითარდება 30-50%-ში.

მოზრდილებში:

  • ინფიცირებულ ზრდასრულთა 5%-ზე ნაკლებს უვითარდებათ დაავადების ქრონიკული ფორმა;
  • 15-25% ზრდასრული ადამიანებისა, რომლებიც იყვენენ დაავადებულნი ბავშვობის ასაკში, კვდებიან B ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის კიბოთი ან ციროზით.

დიაგნოზი

კლინიკურად შეუძლებელია B ჰეპატიტის განსხვავება სხვა ვირუსული აგენტებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებისაგან, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ლაბორატორიული დიაგნოზი. ასევე არსებობს რამდენიმე სახის სისხლის ანალიზი, რომ გაკონტროლდეს B ჰეპატიტის ვირუსით დაავადებულთა კლინიკური მდგომარეობა. ზოგიერთი მათგანი შეიძლება გამოყენებული იქნეს  მწვავე და ქრონიკული ინფექციების დიფერენცირებისათვის

B ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოზი  ფოკუსირებულია B ჰეპატიტის ამოცნობაზე ანტიგენ HBsAg დახმარებით. ამ ნიშნით არის შემოწმებული ყველა დონაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული  ვირუსის გადაცემა რეციპიენტზე.

  • მწვავე B ჰეპატიტის ვირუსული ინფექცია ხასიათდება  HBsAg და იმუნოგლობულინ M (IgM) ანტისხეულის არსებობით ანტიგენის ბირთვში, HBcAg. ინფექციის საწყის ფაზაში პაციენტები არიან სეროპოზიტიურები HBeAg მიმართ.
  • ქრონიკული ინფექცია ხასიათდება HBsAg  გამძლეობით, სიმტკიცით (>6 თვე, HbeAg-თან ერთად ან მის გარეშე).  HBsAg  არსებობა არის ღვიძლის ქრონიკული დაავადების და შემდგომში ღვიძლის კიბოს  (HCC) განვითარების რისკის ძირითადი ნიშანი.
  • HBeAg  არსებობა მიგვანიშნებს იმაზე რომ დაინფიცირებული სისხლი და ბიოლოგიური სითხეები არის მაღალი გადამდებლობის.

მკურნალობა

B ჰეპატიტის მწვავე ფორმის რაიმე სპეციფიური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. მკურნალობის მიზანია ადეკვატური ნუტრიციული ბალანსის შენარჩუნება, რომელშიც შედის იმ სითხის რაოდენობის შეცვლა და შევსება, რომელიც დაკარგული იქნა პირღებინების და დიარეის შედეგად.

ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე ზოგიერთი ადამიანი შეიძლება განიკურნოს  მედიკამენტების საშუალებით, როგორიცაა ინტერფერონი და ანტივირუსული აგენტები. მკურნალობამ შეიძლება შეანელოს ციროზის განვითარების პროგრესი და შეამციროს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. თუმცა მკურნალობა  არ არის ადვილად მისაღწევი  შეზღუდული რესურსის პირობებში.

ღვიძლის კიბო უმრავლეს შემთხვევაში არის ფატალური და ხშირად ვითარდება ყველაზე პროდუქტიული ასაკის ადამიანებში. განვითარებად ქვეყნებში ღვიძლის კიბოთი დაავადებულთა უმრავლესობა კვდება დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე თვეში. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ქირურგიამ და ქიმიოთერაპიამ შეიძლება გაახანგრძლივოს ცხოვრება რამდენიმე წლით. ციროზით დაავადებულებს ზოგჯერ უტარდებათ ღვიძლის გადანერგვა წარმატების სხვადასხვა ალბათობით.

პრევენცია

B ჰეპატიტის ვაქცინა არის მთავარი საყრდენი B ჰეპატიტის პრევენციისთვის. რეკომენდებულია, რომ ყველა ახალშობილს გაუკეთდეს B ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებიდან რაც შეიძლება მოკლე დროში, უმჯობესია 24 საათში.

დაბადების პირველ დოზას უნდა მოსდევდეს შემდგომი 2-3 დოზა სრული პირველადი პრევენციისთვის. უმრავლეს შემთხვევაში, ამ დოზების მიღება განხილულია შემდეგნაირად:

  • B ჰეპატიტის 3- დოზიანი განრიგი, პირველი დოზა (მონოვალენტური) მიღებული უნდა იქნას დაბადებისას და მეორე და მესამე (მონოვალენტური ან კომბინირებული ვაქცინა) მიღებული უნდა იქნას იგივე დროს, როგორც პირველი და მესამე DTP ვაქცინის დოზები; ან
  • 4 დოზა, სადაც დაბადებისას მისაღებ ერთ მონოვალენტურ დოზას მოსდევს 3 მონოვალენტური ან კომბინირებული ვაქცინის დოზები, რომელთა მიღება ხდება სხვა  გეგმიურ ვაქცინებთან ერთად.

სრული ვაქცინაცია ზრდის, ასტიმულირებს ანტისხეულების დონეს ახალშობილებში, ბავშვებში და მოზრდილებში 95%-ზე მეტი ეფექტურობით.

ყველა ბავშვი და მოზარდი 18 წელზე ქვემოთ, რომელთაც არ აქვთ ვაქცინაცია ჩატარებული, უნდა მიიღონ ვაქცინა თუ ისინი ცხოვრობენ   დაბალი ან საშუალო ენდემურობის ქვეყნებში. ინფიცირების  საფრთხე აქვთ მაღალი რისკის ჯგუფების წარმოამდგენლებს, ამიტომ მათაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია.

ამ ჯგუფებში შედიან:

  • პაციენტები, რომელთაც ხშირად ესაჭიროებათ სისხლი ან სისხლის პროდუქტები, ჰემოდიალიზის პაციენტები, რეციპიენტები ორგანოთა გადანერგვისას;
  • პატიმრობაში მყოფი ადამიანები;
  • ინექციური ნაკროტიკული საშუალებების მომხმარებლები;
  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი  ქრონიკული HBV ინფიცირებულთან;
  • სამედიცინო პერსონალი,  რომელთაც უწევთ მუშაობა სისხლთან ან სისხლის პროდუქტებთან;
  • მოგზაურები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული  B ჰეპატიტის ვაქცინაცია, უნდა იქნას შეთავაზებული ვაქცინა, სანამ დატოვებენ ენდემურ ზონას.

ვაქცინა გამოირჩევა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაღალი ხარისხით. 1982 წლიდან  B ჰეპატიტის ვაქცინის 1 მილიარდ დოზაზე მეტი იქნა გამოყენებული მსოფლიოში. ბევრ ქვეყანაში, სადაც ბავშვების 8-15% იყო ქრონიკულად ინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით, ვაქცინაციამ შეამცირა ქრონიკული ინფექციების სიხშირე 1%-მდე  იმუნიზირებულ ბავშვებში.

2012 წლის მონაცემებით, 183 სახელმწიფომ საერთო გეგმიური ვაქცინაციის განრიგში დაამატა B ჰეპატიტის ვაქცინაციაც, რის შედეგადაც ბავშვების 79%-მა მიიღო B ჰეპატიტის ვაქცინა. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 1992 წელთან შედარებით, როდესაც მხოლოდ 31 ქვეყანა მონაწილეობდა. ასევე 1992 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზამ მიიღო რეზოლუცია B ჰეპატიტის გლობალური ვაქცინაციის შესახებ. გარდა ამისა, 2012 წელს 94 სახელმწიფომ შემოიღო B ჰეპატიტის ვაქცინაცია დაბადებისას.

სისხლის უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზება,  რომელიც მოიცავს დონორული სისხლის და სისხლის კომპონენტების შემოწმებას, გამოიყენება B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის პრევენციისთვის. ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხო სექსისთვის საჭირო დამცავი საშუალებების ხმარება, რომელიც იცავს B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისაგან.

ჰეპატიტი

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • C ჰეპატიტი არის ღვიძლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით. ამ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექცია. ის შეიძლება იყოს მსუბუქად მიმდინარე და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, ან მძიმე და ქრონიკული, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება;
  • C ჰეპატიტის ვირუსი სისხლში ცოცხლობს და გადაცემის ყველაზე ხშირი გზა არის არაუსაფრთხო ინექციები, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სამედიცინო ინსტრუმენტების არაადეკვატური სტერილიზაციით ან შეუმოწმებელი სისხლითა და სისხლის პროდუქტებით;
  • მსოფლიოში 130-150 მილიონ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტის ინფექცია;
  • ქრონიკული ინფექციის მქონე პირების მნიშვნელოვან ნაწილს უვითარდება ღვიძლის ციროზი ან კიბო;
  • ყოველწლიურად 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი იღუპება C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით;
  • ანტივირუსული პრეპარატებით შესაძლებელია C ჰეპატიტისგან განკურნება, მაგრამ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე წვდომა დაბალია;
  • ანტივირუსული მკურნალობა წარმატებულია ნამკურნალები პირების 50-90%-ში, დამოკიდებულია გამოყენებულ მკურნალობაზე და ასევე ეფექტურია ღვიძლის კიბოსა და ციროზის განვითარების რისკის შემცირებაში;
  • ამჟამად არ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.

C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) იწვევს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ინფექციას. მწვავე ინფექცია ჩვეულებრივ ასიმპტომურია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია დაკავშირებული სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებასთან. ინფიცირებული პირების დაახლოებით 15-45% სპონტანურად გამოჯანმრთელდება 6 თვის განმავლობაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.

დანარჩენ 55-85%-ში ვითარდება ქრონიკული ინფექცია. ქრონიკული ინფექციით დავადებულ პირებში ციროზის რისკი შეადგენს 15-30%  20 წლის განმავლობაში.

გეოგრაფიული გავრცელება

C ჰეპატიტი გვხვდება მთელ მსოფლიოში, თუმცა ყველაზე მეტად - ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. C ჰეპატიტის ეპიდემია შეიძლება კონცენტრირებული იყოს გარკვეულ მაღალი რისკის ჯგუფებში (მაგალითად, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში) და/ან ზოგად მოსახლეობაში. არსებობს C ჰეპატიტის ვირუსის მრავალი შტამი და მათი გავრცელება ცვალებადობს რეგიონის მიხედვით.

გადაცემა

C ჰეპატიტის გამომწვევი სისხლისმიერი ვირუსია. ის ყველაზე ხშირად გადაეცემა:

  • ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისას საზიარო საინექციო ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • ჯანდაცვის დაწესებულებებში, სამედიცინო ინსტრუმენტების, განსაკუთრებით ნემსებისა და შპრიცების, მრავალჯერადად გამოყენების ან არასაკმარისად სტერილიზების გამო;
  • ზოგ ქვეყანაში C ჰეპატიტი გადაეცემა შეუმოწმებელი სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმით;
  • C ჰეპატიტი ასევე შეიძლება გადაეცეს სქესობრივი გზით ან ინფიცირებული დედიდან ბავშვზე. თუმცა, გადაცემის ეს გზები შედარებით იშვიათია.

C ჰეპატიტი არ გადაეცემა დედის რძით, საკვებით ან სასმელით, ასევე ინფიცირებული პირის ჩახუტებით, კოცნით და საკვებისა და სასმელების გაზიარებით.

სიმპტომები 

C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი 2 კვირიდან 6 თვემდეა. ინფიცირების შემდეგ ადამიანების დაახლოებით 80%-ს არ უვლინდება რაიმე სიმპტომი. მწვავე სიმპტომურ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ცხელება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის გამუქება, რუხი ფერის ფეკალური მასები, სახსრების ტკივილი და კანისა და თვალის სკლერის სიყვითლე.

სკრინინგი და დიაგნოსტირება

C ჰეპატიტის მწვავე ინფექცია ჩვეულებრივ ასიმპტომურია და ინფექციის ადრეული დიაგნოსტირება იშვიათად ხდება. იმ ადამიანებში, რომლებშიც C ჰეპატიტი ქრონიკულ ფორმაში გადადის, ინფექცია შეიძლება კვლავ დარჩეს არადიაგნოსტირებული, ვიდრე ღვიძლის სერიოზული დაზიანება არ განვითარდება.

C ჰეპატიტის ინფექცია დიაგნოსტირდება ორ საფეხურად:

  • ანტი-HCV ანტისხეულების სეროლოგიური ტესტი ადგენს ვირუსით ინფიცირებას;
  • თუ ტესტი დადებითია ანტისხეულებზე, საჭიროა C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის ნუკლეინის მჟავების ტესტი ქრონიკული ინფექციის დასადასტურებლად, რადგან ვირუსით ინფიცირებულ პირთა დაახლოებით 15-45% სპონტანურად იკურნება ინფექციისგან ძლიერი იმუნური სისტემის წყალობით და მკურნალობას აღარ საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინფიცირებულნი აღარ არიან, მათში ტესტი ანტისხეულებზე მაინც დადებით შედეგს აჩვენებს.

მას შემდეგ, რაც პირს დაესმება ქრონიკული C ჰეპატიტის დიაგნოზი, უნდა შეფასდეს ღვიძლის დაზიანების ხარისხი (ფიბროზი და ციროზი). ეს შეიძლება განხორციელდეს ღვიძლის ბიოფსიით ან სხვადასხვა არაინვაზიური გამოკვლევით (ელასტოგრაფია).

დამატებით, ამ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ ლაბორატორიული ანალიზი C ჰეპატიტის შტამის გენოტიპის დასადგენად. არსებობს C ჰეპატიტის 6 გენოტიპი და ისინი მკურნალობაზე განსხვავებულად რეაგირებენ. უფრო მეტიც, შეიძლება ერთი ადამიანი ერთზე მეტი გენოტიპით იყოს ინფიცირებული. ღვიძლის დაზიანების ხარისხი და ვირუსის გენოტიპი  გამოიყენება დაავადების მართვისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ტესტირება 

ადრეული დიაგნოსტირებით შესაძლებელია ინფექციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება და ვირუსის გადაცემის პრევენცია. ზოგიერთ ქვეყანაში რეკომენდებულია იმ პირთა სკრინინგი, რომლებიც ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ შეიძლება იყვნენ.

C ჰეპატიტის მაღალის რისკის მქონე პოპულაციებს მიეკუთვნებიან:

  • ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;
  • პირები, ვისაც უტარდება ინფიცირებული სისხლის პროდუქტების გადასხმა ან ინვაზიური პროცედურები ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ინფექციის კონტროლის პრაქტიკა არასაკმარისადაა განხორციელებული;
  • ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ C ჰეპატიტით ინფიცირებული დედებისგან;
  • პირები, რომელთა სქესობრივი პარტნიორები არიან C ჰეპატიტით ინფიცირებულნი;
  • პირები, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ტატუ ან პირსინგი.

მკურნალობა

C ჰეპატიტი ყოველთვის არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ზოგ ადამიანში იმუნური რეაქციის მეშვეობით ადამიანი თავისუფლდება ვირუსისაგან. განკურნების სიხშირე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის ვირუსის შტამზე და გამოყენებული მკურნალობის ტიპზე. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტი სკრინინგი, რათა დადგინდეს პაციენტისთვის ყველაზე შესაფერისი მიდგომა.

ამჟამად C ჰეპატიტის მკურნალობის სტანდარტს წარმოადგენს კომბინირებული ანტივირუსული თერაპია ინტერფერონით და რიბავირინით, რომლებიც ეფექტურნი არიან ჰეპატიტის ვირუსების ყველა გენოტიპის საწინააღმდეგოდ. აღსანიშნავია, რომ ინტერფერონი არ არის ყველგან ფართოდ ხელმისაწვდომი, ასევე ზოგ პაციენტში არ ხდება მისი შეთვისება. ამ შეზღუდვების მიუხედავად, ხშირად ინტერფერონი და რიბავირინი  სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მეცნიერების პროგრესის შედეგად შემუშავდა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც უფრო ეფექტური, უსაფრთხო და ადვილად ასატანია ამჟამად არსებულ სამკურნალო სქემებთან შედარებით. ეს ახალი მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია პირდაპირმოქმედი ორალური ანტივირუსული აგენტების სახელით, ამარტივებს C ჰეპატიტის მკურნალობას. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი მკურნალობის უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე.

პრევენცია

პირველადი პრევენცია

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ინფექციის პრევენცია დამოკიდებულია ვირუსის ექსპოზიციის რისკის შემცირებაზე სამედიცინო დაწესებულებებში, მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში, მაგალითად, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში, ასევე სქესობრივი გზით გადაცემის რისკის შემცირებაზე.

ქვემოთ მოცემულია არასრული სია ჯანმოს მიერ რეკომენდებული პირველადი პრევენციული ინტერვენციებისა:

  • ხელების ჰიგიენა: მათ შორის, ხელების ქირურგიული წესით დამუშავება, ხელების დაბანა და ხელთათმანების გამოყენება;
  • მახვილი საგნებისა და ნარჩენების ფრთხილი დამუშავება და გადაყრა;
  • აღჭურვილობის უსაფრთხო გასუფთავება;
  • დონორთა სისხლის შემოწმება;
  • უსაფრთხო სისხლზე გაზრდილი წვდომა;
  • ჯანდაცვის პერსონალის განათლება.

მეორეული და მესამეული პრევენცია

C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:

  • განათლება და კონსულტირება მათთვის მზრუნველობისა და მკურნალობის შესაძლებლობების გასაცნობად;
  • A და B ჰეპატიტების საწინააღმდეგო იმუნიზაცია, რათა ღვიძლის დასაცავად თავიდან იქნას აცილებული ამ ვირუსებით კოინფექცია;
  • ადრეული და სათანადო სამედიცინო მართვა, საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული თერაპია;
  • რეგულარული მონიტორინგი ღვიძლის ქრონიკული დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისათვის.

ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა სკრინინგი, მზრუნველობა და მკურნალობა

2014 წლის აპრილში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოუშვა C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა სკრინინგის, მზრუნველობისა და მკურნალობის ახალი გაიდლაინები.

ეს არის ჯანმოს მიერ შემუშავებული პირველი გაიდლაინები, რომლებიც ეხება C ჰეპატიტის მკურნალობას და ავსებს ამჟამად არსებულ რეკომენდაციებს სისხლისმიერი ვირუსების (მათ შორის, C ჰეპატიტის) გადაცემის პრევენციის შესახებ.

გაიდლაინები განკუთვნილია პოლიტიკის შემქმნელების, მთავრობის წარმომადგენლების და იმ სხვა პირთათვის, რომლებიც მუშაობენ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში და მონაწილეობენ C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთათვის სკრინინგის, მზრუნველობისა და მკურნალობის პროგრამების შექმნაში. ეს გაიდლაინები სასარგებლო იქნება C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის მკურნალობის სერვისების განვრცობისთვის, ვინაიდან მათში მოცემულია ძირითადი რეკომენდაციები ამ მიმართულებით და განხილულია მათი განხორციელების საშუალებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირება

ვირუსული ჰეპატიტების პრევენციისა და კონტროლისათვის ჯანმო მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება, პარტნიორობის ხელშეწყობა და რესურსების მობილიზაცია;
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის და მოქმედებისათვის საჭირო მონაცემთა ფორმულირება;
  • გადაცემის პრევენცია;
  • სკრინინგის და მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყოველი წლის 28 ივლისი აღინიშნება მსოფლიო ჰეპატიტის დღედ, რათა გაიზარდოს ინფორმირებულობა და ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტის შესახებ.


 

ჰეპატიტის მსოფლიო დღე, 28 ივლისი, 2014

„ დაფიქრდი კიდევ  ერთხელ“   Think again

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი პარტნიორები აღნიშნავენ ჰეპატიტის მსოფლიო დღეს, რომლის მიზანია ამაღლდეს ცნობიერება  ვირუსული ჰეპატიტებისა და იმ დაავადებების შესახებ, რომლებსაც ის იწვევს. ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისი ვრცლად