ჯანსაღი ცხოვრების წესი და გენების ექსპრესიის ცვლილებები

ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუძლია, გამოიწვიოს  გენების ექსპრესიის ცვლილებებიც კი, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და იცავს მას ყოველგვარი ტრადიციული რისკ-ფაქტორის ზემოქმედებისგან ...  

აშშ-ს ვინდბერის კვლევითი ინსტიტუტის (Windber Research Institute, USA) მკვლევარები იუწყებიან, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკ-ფაქტორების შემცირების მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური დიეტის, ვარჯიშისა და სტრესის მართვის კვლევითი პროგრამის [i]  შედეგად პროგრამაში მონაწილე პირებმა,  რომლებიც წარმატებით მიჰყვნენ პროგრამას, არამარტო დაიკლეს წონაში, არამედ ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე  დადებითი ცვლილებები აღენიშნათ.[ii]

„რეალურად ახალი და მნიშვნელოვანი აღნიშნულ ერთწლიან კვლევაში, რომლის დროსაც ხდებოდა კვლევაში მონაწილე პირთა ცხოვრების წესის შეცვლა, არის არამხოლოდ ფიზიკური სახის ცვლილებები, როგორებიცაა, მაგალითად, წონაში კლება და არტერიული წნევის შემცირება, არამედ მთელი რიგი მოლეკულური ცვლილებები - მათ შორის, ისეთი სახის ცვლილებებიც, რომლებიც უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას - განმარტავს მკვლევარი და სტატიის მთავარი ავტორი ექიმი დარელ ელ ელსვორტი -Dr Darrell L Ellsworth (ვინდბერის კვლევითი ინსტიტუტი, ვინდბერი, ფილადელფიის შტატი, აშშ) .

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც პერმანენტულად არ იცავენ დიეტას და არ ვარჯიშობენ, როგორც წონაში კლება, ისე მოლეკულურ დონეზე ცვლილებები დროებით ხასიათს ატარებს. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

„აღნიშნული კვლევა ამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ცხოვრების წესის შეცვლა სასარგებლოა და საჭიროებს შენარჩუნებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში“ - აცხადებს ექიმი ელსვორტი.

კვლევის მეთოდოლოგია და ინტერვენციის შედეგები ორგანიზმის დონეზე

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირების ერთ-ერთ  საშუალებად მიჩნეულია ცხოვრების წესის შეცვლა (ენდოთელიუმის ფუნქციონირებაზე ზეგავლენის მოხდენისა და ათეროსკლეროზის პროგრესის  შემცირების გზით), თუმცა, მიუხედავად ამისა, ცოტა რამაა ცნობილი იმ მოლეკულური დონის ცვლილებების, შესახებ, რომელზეც მკვლევარები წერენ. „ბევრ მკვლევარს აქვს შესწავლილი გენთა ექსპრესიის მოკლევადიანი ცვლილებები დიეტის ან ვარჯიშის შედეგად, მაგრამ რეალურად  დღემდე არავის შეუსწავლია, თუ რა შედეგები მოაქვს ადამიანისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პროგრამას მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემცირების კუთხით“- განმარტავს ექიმი ელსვორტი.

ელსვორტის განცხადებით, პაციენტები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროგრამაში, წარმოადგენდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფს და ამდენად, იყვნენ ძლიერ მოტივირებულები, შეემცირებინათ ეს რისკი დიეტის, ვარჯიშისა თუ სტრესის სამართავი პროგრამის საშუალებით, რათა საბოლოო ჯამში შეემცირებინათ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებსაც ისინი იღებდნენ და თავიდან აეცილებინათ ინვაზიური პროცედურები, როგორებიცაა: სტენდირება, ანგიოპლასტიკა თუ კორონალური შუნტირება. მისივე თქმით,  პაციენტები, მისდევდნენ რა პროგრამას, იკლებდნენ წონაში, ურეგულირდებოდათ წნევა, უქვეითდებოდათ ლიპიდების დონე და თავს უკეთ გრძნობდნენ.  მკვლევარები დაინტერესდნენ, თუ რა მოლეკულური ცვლილებები ხდებოდა მათ ორგანიზმში.

წარმოშობილ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მკვლევარებმა შეისწავლეს  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკის შემცირების პროგრამის ზეგავლენის შედეგები გენების ექსპრესიაზე პერიფერიული სისხლის ნიმუშის გენეტიკური კვლევის საშუალებით. თავდაპირველად 12 კვირის, ხოლო შემდეგ - ერთი წლის განმავლობაში, დააკვირდნენ რა პროგრამაში მონაწილე 63 და საკონტროლო ჯგუში შემავალ ამავე რაოდენობის ადამიანს (შერჩეულებს ასაკის, სქესისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების სტატუსის მიხედვით).

კვლევის დასაწყისში მონაწილეებს აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ორი ან მეტი რისკ-ფაქტორის არსებობა (ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია, დიაბეტი, სიმსუქნე ან/და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ანამნეზი). საკონტროლი ჯგუფის წევრებს ექსპერიმენტული ჯგუფისგან განსხვავებით უტარდებოდათ სტანდარტული მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისგან. კვლევის მონაწილეების საშუალო ასაკი იყო 60 წელი (45-დან 78 წლამდე).

ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა ექსპერიმენტული ჯგუფისათვის მოიცავდა:

  • ძალიან დაბალცხიმოვან ვეგეტარიანულ დიეტას ( 10%-ზე ნაკლები ცხიმოვანი კალორიებით)
  • საშუალო დატვირთვის ფიზიკურ ვარჯიშს - 180 წუთი კვირის განმავლობაში
  • ერთი საათის გამოყოფას სტრესის მართვისთის ყოველდღიურად
  • ჯგუფური თერაპიის ჩატარებას ყოველკვირეულად

ექსპერიმენტულ ჯგუფში ერთი წლის განმავლობაში შემცირდა  ჰიპერტენზიის გავრცელება 41%-დან 17%-მდე, ანალოგიურად შემცირდა სიმსუქნის შემთხვევები 60%-დან 37%-მდე და დისლიპიდემია 54%-დან 37%-მდე.

პროგრამაში მონაწილე პაციენტები ყოველდღიურად იღებდნენ ცხიმოვანი კალორიების მნიშვნელოვნად დაბალ რაოდენობას - 60%-ზე ნაკლებს და უწევდათ 38%-ით გაზრდილი ფიზიკური აქტივობა. ამის შედეგად მათი სხეულის მასის ინდექსი გაუმჯობესდა 9%-ით, ტრიგლიცერიდების რაოდენობა შემცირდა 7%-ით და არტერიული წნევის მაჩვენებელიც, ასევე, 7%-ით.

ცვლილებები მოლეკულურ დონეზე და მათი მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციაში

მკვლევარებმა აიღეს პერიფერიული სისხლის სინჯები და შეისწავლეს დაახლოებით 22 000-მდე გენი, მოახდინეს რნმ-ის იდენტიფიცირება. შემდეგ, გენომის Gene Chip (Affymetrix) human genome arrays ანალიზის მეთოდით ადგენდნენ თუ რომელი გენები ფუნქციონირებდა და რომელი - არა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთწლიანი პროგრამის შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 143 გენში ექსპრესიის შესამჩნევი ცვლილებები შეინიშნებოდა. ბევრი გენი ჩართული იყო იმუნურ პროცესებში. გენების უმეტესობის  (99 გენის) ექსპრესია  დათრგუნული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ანთებითი პროცესების შემთხვევების შემცირება სწორედ ამ პროგრამის დამსახურებას წარმოადგენდა.

რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს, მასში შემავალ პირებს აღენიშნათ კარდიოვასკულური რისკის მარკერებისა თუ გენური ექსპრესიის უმნიშვნელო ცვლილებები წლის განმავლობაში.

„მე-12-დან 52-ე კვირამდე მნიშვნელოვნად შეცვლილი გენების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ პაციენტებმა, რომლებმაც დიდხანს შეინარჩუნეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, განიცადეს უფრო მეტი მოლეკულური ცვლილებები, ვიდრე იმ პაციენტებმა, რომლებიც მცირე ხნით იყვნენ პროგრამაში ჩართულები“ - აღნიშნავს მკვლევარი.

კვლევის დასაწყისში პაციენტები იღებდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის განკუთვნილ 79 სხვადასხვა დასახელების მედიკამენტს, რასაც შესაძლოა, ემოქმედა შედეგზე, თუმცა აღნიშნული არ დადასტურდა. კვლევის განმავლობაში გენური ექსპრესიის ცვლილებები არ განსხავადებოდა იმის მიუხედავად, რომ კვლევაში მონაწილე ზოგიერთი პირი იღებდა ახალ მედიკამენტებს, ზოგი კი - არა.

ცხოვრების წესის შეცვლის შედეგად  გენური ექსპრესიის წარმატებული და მყარი მოდულაცია დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე  და იცავს მას ყოველგვარი ტრადიციული რისკ-ფაქტორის ზემოქმედებისგან - ირწმუნებიან ელსვორტი და მისი კოლეგები.

 



[i] Global Profiling of Gene and Protein Expression Associated With Coronary Heart Disease Reversal https://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT01805492?term=NCT01805492&rank=1

 [ii] Ellsworth DL, Croft D, Weyandt J, e al. Intensive cardiovascular risk reduction induces sustainable changes in expression of genes and pathways important to vascular function. Circ Cardiovasc Genet 2014; DOI:10.1161/CIRCGENETICS.113.0001211. Abstract