საშვილოსნოს ყელის კიბო - დაავადება რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია

რატომაა საშვილოსნოს ყელის კიბო პრობლემა?

საშვილოსნოს ყელის კიბო დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. განვითარებად ქვეყნებში ის ქალების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. უკანასკნელ ათწლეულში დანერგილი პრევენციული (პროფილაქტიკური) ღონისძიებების წყალობით, განვითარებულ ქვეყნებში ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში დაავადება კვლავ ფაროდ  არის გავრცელებული.  ჯანმოს მონაცემებით, 2012 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 528,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 266,000 ქალი გარდაიცვალა.  ეს დაავადება, რომლის პრევენცია შესაძლებელია, ქალებს შორის, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილის მეორე წამყვან მიზეზს  წარმოადგენს.

სხვა ონკოლოგიურ დაავადებათა მსგავსად, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაშიც მაღალი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დაავადებათა დაგვიანებულ ეტაპზე გამოვლენაა; საქართველოში ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა: 2013 წლის ეროვნული მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 58% გამოვლინდა მესამე და მეოთხე სტადიაზე.

კიბოს განკურნება კი შესაძლებელია თუ ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი და მისი მკურნალობა კი დროულად დაწყებული.  ხოლო ამის საშუალებად, სკრინინგის პროგრამებია მოწოდებული, ანუ მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ქალებს პერიოდული პროფილაქტიკური გამოკვლევების შესაძლებლობა ეძლევათ. სწორედ ამიტომ, საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობისა და  სიკვდილიანობის შემცირების ყველაზე ეფექტურ პროგრამად არის მიჩნეული. 

რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს კიბოს პრევენციისათვის?

კიბო განკურნებადი სენია, თუ ის ადრეულ სტადიაში აღმოაჩინეს.

სკრინინგის პროგრამები სწორედ იმისთვისაა დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენა ადრეულ სტადიაშივე მოხერხდეს. ამ შემთხვევაში, განკურნების ალბათობა 100%-მდე იზრდება. ამავე დროს, ფინანსური დანახარჯიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კიბოს შორს წასული ფორმების მკურნალობისას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს კიბოსწინარე დაავადებები და ინფექცია. ტესტის საშუალებით ვლინდება ცვლილებები, გამოწვეული ადამიანის პაპილომა ვირუსით, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. მათი ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად, კიბოს ჩამოყალიბების თავიდან აცილება 100-დან - 75 შემთხვევაშია შესაძლებელი. ამდენად საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა!

თუ თქვენ  ხართ ჩართული  სკრინინგის პროგრამაში,  შეგიძლიათ დროული და თანამიმდევრული გამოკვლევებით:

  • სავსებით განიკურნოთ სიმსივნის ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში.
  • არ მისცეთ დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
  • მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება

ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

რატომ ჩავიტარო გამოკვლევა, როცა არაფერი მაწუხებს?

ავთვისებიანი სიმსივნეები პირველ-მეორე სტადიებში მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიებში იჩენს თავს, როდესაც კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებული ან უშედეგოა. ამიტომაც არის აუცილებელი სკრინინგულ გამოკვლევებში მონაწილეობა და პათოლოგიის მანამდე აღმოჩენა და მკურნალობა, სანამ ის შეგაწუხებს.


როგორ ჩავერთოთ სახელმწიფო პროგრამაში?

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.

თუ ხართ 25-დან 60 წლამდე  ასაკის საქართველოს მოქალაქე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 3 წელიწადში ერთხელ, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:

საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამა ითვალისწინებს:

  • პაპ-ტესტს;
  • კოლპოსკოპიას (საჭიროების შემთხვევაში).


დარეკეთ ეროვნული სკრინიგ-ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე (2 203 535), რომელზეც მიიღებთ ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და იქ ჩაიტაროთ გამოკვლევები.

 

დაავადების ადრეული გამოვლენა გადარჩენილი სიცოცხლეა, ისარგებლე სკრინინგის უფასო პროგრამით!