სტატისტიკა

სტატისტიკა არის საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენების რაოდენობრივ მხარეს, მჭიდრო კავშირში მათ ხარისხობრივ მხარესთან. სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენს გაზომვების, დაკვირვებების, ანალიზის, ცდების შედეგები, რომელთა წყაროებს მიეკუთვნება: სახელმწიფო მართვის ორგანოები (მაგ. ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც განსაზღვრულ მონაცემებს იღებს სამედიცინო დაწესებულებებიდან); მოსახლეობის აღწერის მონაცემები; შერჩევითი კვლევები.

მსოფლიოს მასშტაბით რუტინული ზედამხედველობის სისტემების მეშვეობით მიღებული მონაცემები და მათ საფუძველზე გამოთვლილი ინდიკატორები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს სხვა სააგენტოები) საერთაშორისო მონაცემთა ბაზების შევსებისა და ქვეყნების ერთმანეთთან შედარების მიზნით გამოიყენება. მონაცემები სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვება, როგორიცაა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (ანგარიშები შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების შესახებ, სტაციონარული, პირველადი ჯანდაცვის და სპეციალიზებული კლინიკების ანგარიშები და ა.შ.) და რეგისტრები, ლაბორატორიების მონაცემები, კვლევების შედეგები.

საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის რუტინული სამედიცინო ანგარიშგების  სისტემა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სისტემის ფარგლებში მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება, მონაცემთა ანალიზი, წარდგენა და გავრცელება. რუტინული სამედიცინო სტატისტიკის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ხორციელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჯანდაცვის სერვისების უტილიზაციისა და ეფექტურობის ამსახველი ინდიკატორების გამოთვლა ასაკის, სქესის და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგულარულ საფუძველზე წარმოებს ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული მაჩვენებლების გამოთვლა, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების „ჯანმრთელობა ყველასათვის“ (HFA), „ჯანდაცვის რესურსები“ და „ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება“ (HSPA) ინდიკატორები, გაეროს „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ (MDG) ინდიკატორები და სხვა.

ზოგიერთი დაავადებებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ აღნუსხვას ექვემდებარება, ფართოდ გამოიყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის პირველადი ზედამხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომა - სასწრაფო შეტყობინების სისტემა. შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებებს მიეკუთვნება ტუბერკულოზი, აივ-შიდსი და სხვა გადამდები ავადმყოფობები. შეტყობინების სისტემა გამოიყენება ასევე ეპიდემიებზე ადეკვატური რეაგირების მიზნით. სასწრაფო შეტყობინების სისტემა აგრეთვე გამოიყენება ჯანმრთელობის სტატუსის სხვა საკითხების ან დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ან მკვრადშობადობის აღრიცხვისათვის.

დემოგრაფიული სტატისტიკა ახორციელებს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის გრძელვადიანი ტენდენციების მონიტორინგს, განსაზღვრავს თავისებურებებს რასობრივ ან მოსახლეობის სხვა ქვე-ჯგუფებს შორის, აფასებს განსხვავებებს გეოგრაფიული არეალის ან დასაქმების მიხედვით და სხვა.