ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილე

 

მრავალი სიცოცხლის გადარჩენის ათწლეული!!!

 

2015 წლის 27 თებერვალს აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (WHO FCTC) ძალაში შესვლის 10 წლისთავი: მრავალი სიცოცხლის გადარჩენის ერთი დეკადა. ამ დეკადის განმავლობაში კონვენციის მხარეთა მიღწევების აღსანიშნავად, კონვენციის სამდივნო  საზეიმო  ღონისძიებას აწყობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისში.

მინისტრები, ელჩები, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები, აკადემიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და კონვენციის სამდივნო ერთად აღნიშნავენ ამ ღირშესანიშნავ დღეს, იმ ურთიერთთანამშრომლობის ფორმით, რომლითაც ხდება კონვენციის განხროციელება და მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ინსტრუმენტს, რომელსაც აქვს ლეგალური ვალდებულება. ჩარჩო-კონვენციის მიზანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა თამბაქოს ნაწარმის მოხმარების კონტროლის გზით. კონვენციაზე ამჟამად მიერთებულია მსოფლიოს 179 ქვეყანა და ევროკავშირი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ავალდებულებს მასზე მიერთებულ მთავრობებს მხარი დაუჭირონ მის განხორციელებას. საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თამბაქოს ინდუსტრიის (სახელმწიფო თამბაქოს მონოპოლიების ჩათვლით) ინტერესებს შორის არსებული შეურიგებელი კონფლიქტის გამო კონვენცია ასევე ავალდებულებს მხარეებს დაიცვან თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევისაგან.

კონვენციის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად მიღწევისათვის აუცილებელია სამთავრობოთაშორისო სააგენტოების და სამოქალაქო საზოგადეობის მონაწილეობა.

საქართველომ ჩარჩო-კონვენციას ხელი მოაწერა 2004 წლის 20 თებერვალს. ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია განხორციელდა 2005 წლის 16 დეკემბერს. რატიფიკაციის ინსტრუმენტი გაეროს გადაეცა 2006 წლის 14 თებერვალს და ძალაში შევიდა 2006 წლის 15 მაისიდან. ამით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი ყველა მოთხოვნა. ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა დანერგილი.

თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი წამყვანი მიზეზია. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, აქედან 600 000–ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლია. 2010 წლის მონაცემებით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 30% მოიხმარს თამბაქოს. მამაკაცების 55%–ზე მეტი, ხოლო ქალების 5%–მდე მწეველია. ბოლო 12 თვის მანძილზე მოწევაზე თავის დანებება წარუმატებლად სცადა დაახლოებით 39%–მა (STEPS, 2010). 16 წლის მოზარდთა 50%-ს ერთხელ მაინც მოუწევია სიგარეტი, 16% ეწეოდა ბოლო 30 დღის განმავლობაში და 12% რეგულარული მწეველია, 30% თამბაქოს მოიხმარს 13 წლის და უმცროსი ასაკიდან, ხოლო 10% - 9 წლის და უმცროსი ასაკიდან (ESPAD, 2008).

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის დასაწყებად საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წელს დამტკიცდა საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა.  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულია 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.

თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის მიხედვით (2.1.2 თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე გადასახადების მდგარდი ყოველწლიური ზრდა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ორჯერ (2014 და 2015 წელს) განახორციელა თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების გაზრდა. 2014 წელს ჩატარდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კვლევები: თამბაქოს ეროვნული კვლევა საქართველოში, თამბაქოს მოხმარების კვლევა და მეორადი კვამლის და თამბაქოს კონტროლის შესახებ მოსაზრებების შემსწავლელი კვლევა. პირველადი შედეგების მიხედვით მოსახლეობაში მწეველობის გავრცელება 28.1%-ია (2010 წლის არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS) შედეგების მიხედვით ეს მაჩვენებელი 30.3% იყო), ანუ სახეზეა მწეველობის გავრცელების 2%-იანი შემცირება; მოსახლეობის უმრავლესობა (71%) მხარს უჭერს ან აქვს ნეიტრალური პოზიცია თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით; 90% მხარს უჭერს თამბაქოსგან თავისუფალ სამუშაო ადგილებს; 70% მხარს უჭერს თამბაქოსგან თავისუფალ რესტორნებს, ბარებს, კაფეებს. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის ბაზაზე ჩატარდა პირველადი ჯანდაცვის ექიმების ტრენერთა ტრენინგი თამბაქოსთვის თავის დანებების სერვისების მიწოდებაში. ტრენინგი უზრუნველყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ფილტვის დაავადებებისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირის ექსპერტებმა, ცენტრის თანამშრომლების დახმარებით. თამბაქოსთვის თავის დანებების სერვისების ინტეგრირება და განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ამ პრობლემით გამოწვეული ტვირთვის შესამცირებლად, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმავს მაქსიმალური რაოდენობის პირველადი ჯანდაცვის ექიმის გადამზადებას, რათა თამბაქოსათვის თავის დანებების შესახებ კონსულტაციების გაწევა სწორედ ამ რგოლში გახდეს შესაძლებელი. ზემოთაღნიშნულ ტრენინგში მონაწილეთა ტრენერების სახით ჩართულობა მომავალში დაგეგმილ გაფართოებულ ტრენინგებში აუცილებელი კომპონენტი იქნება.

თუმცა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციითა და თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებების აღსრულებისათვის, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ცვლილებებს. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების მრავალსექტორული სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტები უახლოეს მომავალში უნდა წარსდგეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პარლამენტში შემდგომი განხილვისათვის.

2015 წლიდან დაიწყება პროექტი „ხელშემწყობი გარემოს შექმნა ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“, რომელიც განხორციელდება „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებითა და ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის  მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის  შემუშავებას და პოლიტიკის დანერგვისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას. გათვლისწინებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის და ინფორმირებულობის დონის ამაღლება პოლიტიკის დანერგვის მხარდასაჭერად.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია მისი არსებობის 10 წლის მანძილზე  წარმატებულად ახერხებს თამბაქოს კონტროლის საკითხის გლობალური დღის წესრიგის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და, ამავადროულად, ახდენს მრავალი სიცოცხლის გადარჩენას და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.