ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს "ჭკვიანი" შპრიცების გამოყენებისკენ

2015 წლის 23 თებერვალი, ჟენევა - საინექციოდ ერთი და იგივე შპრიცის ან ნემსის გამოყენება ერთზე მეტი პიროვნებისთვის იწვევს სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებას მსოფლიოში. მილიონობით ადამიანი იქნება დაცული სახიფათო ინექციების გზით დაინფიცირებისგან, თუ ჯანდაცვის ყველა პროგრამა გადავა შპრიცების გამოყენებაზე, რომლის განმეორებით გამოყენებაც შეუძლებელია. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწყებს უსაფრთხო ინექციის ახალ პოლიტიკასა და გლობალურ კამპანიას, IKEA ფონდის,  Gavi-ის და ვაქცინაციის ალიანსის (Vaccine Alliance) მხარდაჭერით, რათა ყველა ქვეყანას სახიფათო ინექციების ფართოდ გავრცელებული პრობლემის დაძლევაში გაუწიოს დახმარება.

 

რისკის შემცირება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული - 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, სახიფათო ინექციის შედეგად  2010 წელს 1.7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა B  ჰეპატიტის ვირუსით, 315 000-ზე მეტი - C  ჰეპატიტის ვირუსით, 33 800-ზე მეტი - აივ/შიდსი ინფექციით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ახალი უსაფრთხო ინექციის პოლიტიკა და  გზამკვლევები გვთავაზობს დეტალურ რეკომენდაციებს, შპრიცების შესახებ მათი უსაფრთხოების მახასიათებლების მნიშვნელობაზე ხაზგასმით,  ასევე ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც იცავს ჯანდაცვის მუშაკებს  ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტით გამოწვეული დაზიანებებისა და მის შედეგად ინფექციის ექსპოზირებისაგან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე, ხაზს უსვამს იმას, რომ არასაჭირო ინექციების რაოდენობის შემცირება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რისკის შესამცირებლად. ყოველწლიურად ფიქსირდება ინექციის 16 მილიარდი შემთხვევა. აქედან დაახლოებით 5% მოდის ბავშვთა და მოზარდთა იმუნიზაციაზე, 5% - სხვა პროცედურებზე, როგორებიცაა, მაგალითად, სისხლისა და საინექციო კონტრაცეპტივების გადასხმა. დანარჩენი 90% ინექციებისა მოდის მედიკამენტებზე, რომლებიც კეთდება კუნთში ან კანქვეშ, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის აუცილებელი და/ან შესაძლებელია მათი ჩანაცვლება ორალური მედიკამენტებით.

„ჩვენ ვიცით, თუ რატომ ხდება ეს“ - აცხადებს ექიმი ედვარდ კელი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომსახურებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი. „ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობას სჯერა, რომ ინექციების საშუალებით მკურნალობა უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკების უმეტესობა ინექციას ხშირად კერძო პრაქტიკაში დამატებითი შემოსავლის (ხელფასის) მიღების მიზნით იყენებს (მიმართავს).

სახიფათო ინექციის შედეგად დაინფიცირება  მთელი მსოფლიოს პრობლემაა. მაგალითად, 2007 წელს აშშ-ს შტატ ნევადაში C ჰეპატიტის ეპიდემია გამოიწვია იმან, რომ C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტის საანესთეზიოდ გამოყენებული შპრიცი, ექიმმა მეორეჯერ გამოიყენა. C ჰეპატიტის ვირუსით დაბინძურებული ფლაკონიდან ბუნებრივია მოხდა პაციენტებში ვირუსის გავრცელება. 2014 წლის დეკემბერში, კამბოჯაში სიდიდით მეორე ქალაქთან - ბატამბაგთან ახლოს მცხოვრები 200-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა აივ ინფექციაზე. ეპიდაფეთქება გამოწვეული იყო უსაფრთხო ინექციის სტანდარტების დარღვევით სამედიცინო პრაქტიკაში.

 

ახალი  “ჭკვიანიშპრიცები

„უსაფრთხო (safety-engineered) შპრიცების  გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. ის იცავს ადამიანებს შიდსის, ჰეპატიტის და სხვა დაავადებებისაგან. ის უნდა გახდეს პრიორიტეტული ყველა ქვეყნისათვის“ - ამბობს ექიმი გოტფრიდ ჰირდშელი,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აივ/შიდსის დეპარტამენტის დირექტორი.  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კუნთებსა და კანში ინექციისათვის მოწოდებულია ახალი „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენება, რადგან მათი მახასიათებლები მის ხელმეორედ გამოყენებას შეუძლებელს ხდის. ზოგიერთი მოდელის დგუშს აქვს სუსტი წერტილი და იგი ტყდება იმ შემთხვევაში, თუ პირი ინექციის შემდეგ მის ხელმეორედ ამოქმედებას შეეცდება; სხვებს აქვთ მეტალის დამჭერი, რომლებიც ბლოკავს დგუშს და მისი გამოძრობას შეუძლებელს ხდის; მაშინ, როდესაც სხვა მოდელებში, ინექციის შემდეგ, ნემსი შპრიცის ცილინდრში ვარდება. შპრიცები ისეთი ტექნოლოგიით არის შემუშავებული, რომ ისინი ასევე იცავენ ჯანდაცვის მუშაკებს ნემსით ჩხვლეტისა და შემდგომი ინფიცირებისაგან. ინექციის შემდეგ, ბუდე ან გარსი ისე ეხვევა ნემსს, რომ იგი იცავს ნემსით შემთხვევით ჩხვლეტისაგან და ინფექციასთან პოტენციური ექსპოზიციისაგან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, რომ 2020 წლისთვის ისინი გადავიდნენ ე.წ. „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენებაზე. გამონაკლისის სახით ითვლება ის შემთხვევა, როდესაც „ჭკვიანი“ შპრიცების ერთჯერადი გამოყენება ხელს შეუშლის მკურნალობის პროცესს. მაგალითად, როდესაც ადამიანი შეერთებულია ინტრავენურ აპარატზე, რომელიც იყენებს შპრიცს.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ქვეყნებს შეიმუშაონ პოლიტიკა და სტანდარტები შპრიცების (პოტენციურად ხელმეორედ გამოყენებადი) უსაფრთხო გამოყენებისა და ნარჩენების მართვის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, როდესაც გამოყენების აუცილებლობა დგება ( წამალდამოკიდებული ადამიანების პროგრამების ჩათვლით). კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგი, რომელიც შეეხება უსაფრთხო ინექციებს, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ათწლეულებია უჭერს მხარს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს მწარმოებლებს დროულად დაიწყონ ან გააფართოვონ ე.წ. „ჭკვიანი“ შპრიცების წარმოება, რომლებიც დააკმაყოფილებს ორგანიზაციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.

 

ინექციების უსაფრთხოების გაუმჯობესება: პოლიტიკა და სტანდარტები

 „ახალი პოლიტიკა და გლობალური კამპანია გადამწყვეტი ნაბიჯია უსაფრთხო ინექციების  გაუმჯობესების გრძელვადიან სტრატეგიაში, რაც ქვეყნებთან ერთობლივი მუშაობის გზით გახდება შესაძლებელი. “- აცხადებს ექიმი კელი. 2000-2010 წლებში ინექციის უსაფრთხოების კამპანიამ განვითარებად ქვეყნებში საინექციო მოწყობილობების ხელახალი გამოყენება 7 ფაქტორით შეამცირა. ამავე პერიოდში, განვითარებად ქვეყნებში ერთ ადამიანზე ინექციების საშუალო რაოდენობა 3.4.-დან-2.9-მდე შემცირდა. გარდა ამისა, 1999 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მოსთხოვა განვითარებად ქვეყნებს ბავშვების ვაქცინაციისათვის გამოეყენებინათ  შპრიცები, რომლებიც გამოყენების შემდგომ ავტომატურად გამოუსადეგარი ხდებოდა; ქვეყნების უმრავლესობა გადავიდა ამ მეთოდზე.

როდესაც გაერო ჩვეულებრივ შპრიცებს ყიდულობს განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათი ფასი 0,03-0,04 აშშ დოლარია. „ჭკვიანი“’ შპრიცები მათთან შედარებით მინიმუმ ორჯერ ძვირია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს დონორ ორგანიზაციებს , რომ მხარი დაუჭირონ „ჭკვიან“ შპრიცებზე გადასვლას იმ მოლოდინით, რომ დროთა განმავლობაში, მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, მისი ფასიც შემცირდება.