წითელა/წითურას ნაციონალურ ლაბორატორიას სრული აკრედიტაცია მიენიჭა 2015 წელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის - ლუგარის სჯ კვლევითი ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორიის სრული აკრედიტაციის დამადასტურებელი წერილი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს გადამდები დაავადებების, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს განყოფილების დირექტორის, ბატონ როდიერის წერილი, დკსჯეც-ის ლუგარის სჯ კვლევითი ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორიის 2015 წლისთვის სრული აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორია 2003 წლიდან ჩართულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს წითელა/წითურას ლაბორატორიულ ქსელში, რომლის მუშაობის მიზანია წითელა/წითურას ელიმინაციის გლობალური პროგრამის ფარგლებში წითელა, წითურას და წითურას თანდაყოლილი სინდრომის ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება ამ დაავადებებზე საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიული დადასტურების გზით.

წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორია მონაწილეობს ჯანმო-ს ხარისხის გარე კონტროლის შეფასების პროგრამაში: ყოველწლიურად იღებს პროფესიულ პანელს ტესტირებისთვის; წითელა/წითურას ვირუსზე საეჭვო ტესტირებული ნიმუშები განსაზღვრული რაოდენობა ყოველწლიურად იგზავნება ლუქსემბურგის რეფერალურ ლაბორატორიაში რე-ტესტირების მიზნით; ყოველწლიურად ხდება ლაბორატორიის მუშაობის და შესაძლებლობების შეფასება ჯანმო-ს ექსპერტების ადგილზე ვიზიტით ან დისტანციურად სტანდარტიზირებული კითხვარების საშუალებით.

გასულ წელსაც ლაბორატორიამ გაიარა მორიგი ყოველწლიური სააკრედიტაციო შეფასება და ამ შეფასების შედეგების საფუძველზე 2015 წლისთვის მიიღო სრული აკრედიტაცია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა/წითურას ნაციონალურმა ლაბორატორიამ.