თირკმლის მსოფლიო დღე

თირკმლის მსოფლიო დღე  ყოველი წლის მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თირკმლის ფუნქციისა და მნიშვნელობის შესახებ.

თირკმლის მსოფლიო დღე აღინიშნება 2015 წელს 12 მარტს, მისი სლოგანია  „ჯანმრთელი თირკმელი ყველასათვის - დალიე ერთი ჭიქა წყალი და იზეიმე თირკმლის მსოფლიო დღე“

მიზნები:

• ინფორმირებულობის  ამაღლება  „თირკმლის საოცარი ფუნქციონირების“  შესახებ;

• თირკმლის ქრონიკული დაავადების გამოსავლენად დიაბეტითა და ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების სკრინინგის ხელშეწყობა;

• პრევენციული უნარ-ჩვევების  გამომუშავების ხელშეწყობა;

• მედიცინის მუშაკების ინფორმირება მათი უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ თირკმლის ქრონიკული დაავადების გამოვლენისა და რისკის შემცირების საქმეში;

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლის აღიარება თირკმლის ქრონიკული დაავადების მართვასა და ეპიდზედამხედველობაში.

•  თირკმლის  დაავადებების სკრინინგის ინვესტირების ადვოკატირება.

• თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ტრანსპლანტაციის და ორგანოების დონაციის ხელშეწყობა, როგორც შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო არჩევანი და სიცოცხლის გადარჩენის ინიციატივა.

თირკმლის მსოფლიო დღეს, 2015 წელს 12 მარტს, ყველა მსურველს შეუძლია დალიოს ერთი ჭიქა წყალი და ასე შეუერთდეს თირკმლის მსოფლიო დღის აღნიშვნას. ეს სიმბოლური ჟესტი შეგვახსენებს, რომ თირკმელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა და მისი  მოვლა და მოფრთხილება აუცილებელია.

ამ დღის პოპულარიზაცია საფუძველს უყრის საზოგადოების ინფორმირებას თირკმლის დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების, დაავადების ტვირთის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.

ზეიმის აქციაში ჩართვა მარტივია, წყლის  დალევის პროცესში გადაიღე  სურათი   და გააგზავნე სოციალურ ქსელში.

თირკმლის მსოფლიო დღის წლევანდელი თემა „ჯანმრთელი თირკმელი ყველასათვის,“  ხაზს უსვამს თირკმლის ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და მართვის სფეროში არსებულ სირთულეებს, კერძოდ, უხარისხო სასმელ წყალს, მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას ორგანიზმის აუცილებელი ჰიდრატაციის შესახებ, სასმელი სითხეების არაჯანსაღ არჩევანს  და გვთავაზობს მათი დაძლევის გზებს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხარისხიანი სასმელი წყლისადმი დაბალი ხელმისაწვდომობა განაპირობებს ისეთი დაავადებების აღმოცენებას, რომელებიც თირკმელებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

კვლევებით დადასტურებულია, რომ იმ პირებს, რომლებიც   გაზიან არაალკოჰოლურ სასმელებს სისტემატურად იღებენ,  შარდში ცილის შემცველობის ზრდა აღენიშნებათ, რაც თირკმლის ქრონიკული დაავადების ნიშანდობლივ მარკერს მიეკუთვნება.

რა არის თირკმლის ქრონიკული დაავადება?

თირკმლის  ქრონიკული უკმარისობა –თირკმლის ფუნქციის თანდათანობითი შესუსტებაა, რასაც მუდმივი მოშლა მოჰყვება.

თითოეული ადამიანის თირკმელი მოიცავს მილიონობით მიკრო ფილტრს-ნეფრონს. ნეფრონების დაზიანების შემთხვევაში, თიკმლის ნორმალური ფუნქციონირება ჯანმრთელი ნეფრონების ხარჯზე ხდება. ნეფრონების დაზიანების პროგრესირებისას დარჩენილი  ჯანმრთელი ნეფრონები ვეღარ უზრუნველყოფენ თირკმლის ნორმალურ ფუნქციონირებას და თანდათანობით თირკმლის ფუნქციის მოშლა და უკმარისობა ყალიბდება. თირკმლის უკმარისობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

უნდა გვახსოვდეს:

  • ადრეულ სტადიაზე თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს ნიშანდობლივი  სიმპტომები არ გააჩნიათ;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები არ იკურნება.
  • თირკმლის დაავადებების ადრეული გამოვლენა მათი ეფექტური  მკურნალობის   შანს იძლევა;
  • თირკმლის დაავადების სკრინინგი შარდის და სისხლის ანალიზით ხდება;
  • თირკმლის დაავადების პროგრესის შემთხვევაში თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ყალიბდება.

თირკმლის დაავადებების გავრცელება, მავნეობა და მკურნალობა

გავრცელება - თირკმლის ესა  თუ ის დაავადება მოსახლეობის 8-10%-ს აღენიშნება და ყოველწლიურად  მილიონობით ადამიანის  ნაადრევი სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს.

მავნეობა

  • თირკმლის დაავადებები იწვევენ თირკმლის ფუნქციონირების დაქვეითებას და მისი უკმარისობის ჩამოყალიბებას;
  •  თირკმლის დაავადებები ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებთან ასოცირებული ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს.

მკურნალობა

თირკმლის დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მათი ეფექტური მკურნალობის და მართვის შესაძლებლობას იძლევა, რასაც შედეგად თირკმლის ფუნქციის აღდგენა, ზოგ შემთხვევაში სრულად განკურნება და კარდიოვასკულარული გართულებების შემცირება მოჰყვება.

როგორ განისაზღვრება თირკმლის ფუნქცია?

თირკმლის ფუნქციას სისხლში კრეატინინის დონე განსაზღვრავს. კრეატინინი ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნარჩენი პროდუქტია, რომელიც კუნთებით პროდუცირდება და თირკმელებით გამოიყოფა. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას ფერხდება კრეატინინის გამოყოფა და სისხლში მისი დონე იზრდება. თირკმლის ფუნქციის შემაფასებელი ინდიკატორი  გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებელია (GFR). ყოველდღიურ პრაქტიკაში გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებელი სისხლში კრეატინინის დონით განისაზღვრება სქესის, ასაკისა და ეთნოსის გათვალისწინებით.

თირკმლის ქრონიკული დაავადების სტადიები

თირკმლის  ქრონიკულ დაავადებას მდორე,   უსიმპტომო და ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს და განვითარების 5 სტადიას მოიცავს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება განვითარების ხუთივე სტადიას არ გადის. მე- 5 სტადია თირკმლის უკმარისობის უკანასკნელი - ტერმინალური სტადიაა.

თირკმლის უკმარისობის მიზეზები

მაღალი სისხლის წნევა და დიაბეტი თირკმლის დაავადებების უმნიშვნელოვანეს მიზეზს წარმოადგენს: კერძოდ, შემთხვევათა  მეოთხედი ჰიპერტენზიით და შემთხვევათა მესამედი დიაბეტითაა განპირობებული. სხვა ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება: გლომელურონეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის გენეტიკური პათოლოგია (როგორიცაა პოლიკისტოზური დაავადება), საშარდე გზების ბლოკირება, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლის სისტემატური მიღება და ა.შ.

თირკმლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობა

 თირკმლის ქრონიკული დაავადებების სპეციფიკური მკურნალობა არ ხდება, თუმცა დიეტა და სიმპტომური მკურნალობა ზღუდავს დაავადების პროგრესს და მდგომარეობის დამძიმებას.

თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობა ეფექტურია ადრეულ ეტაპზე  გამოვლენის შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს სხვა გართულებების პრევენციას და მნიშვნელოვნად ამცირებს  თირკმლისა და გულ–სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების  შედეგად სიკვდილიანობისა და ავადობის ტვირთს მსოფლიოში.

თირკმლის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება დიალიზი და თირკმლის გადანერგვა.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

თირკმლის გადანერგვა გულისხმობს  დაავადებული თირკმლის ნაცვლად ჯანმრთელი დონორიდან თირკმლის გადანერგვას.

თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს თირკმლის გადანერგვა  მკურნალობის საუკეთესო მეთოდია, რადგან ცხოვრების ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დიალიზის შემთხვევაში. თუმცა დაბალია ხელმისაწვდომობა დონორებისა და სატრანსპლატანტო ორგანოების დეფიციტისა და სიძვირის  გამო.

ტრანსპლანტაციის მიზნით შესაძლოა გამოყენებული იყოს ოთხისხვადასხვა დონორის ტიპი:

1. ცოცხალი დონორი - ნათესავისგან თირკმლის ტრანსპლანტაცია, 2. მკვდარი დონორი -  გარდაცვლილი პაციენტის თირკმლის ტრანსპლანტაცია, 3. თირკმლის ჯვარედინი ტრანსპლანტაცია, 4. ცოცხალი დონორი - არანათესავისგან თირკმლის ტრანსპლანტაცია.

ყველა ტიპის გადანერგვის შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებელი მაღალია.

დიალიზი

ჯანმრთელი თირკმელი შარდის გამოყოფის გზით ინარჩუნებს სუფთა სისხლს და ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან ათავისუფლებს; აგრეთვე ახდენს ისეთი ნივთიერებების პროდუცირებას, რომლებიც ხელს უწყობენ სხეულის სიჯანსაღეს. თირკმლის არასრულფასოვანი ფუნქციონირების შემთხვევაში დიალიზით ხდება თირკმლის ფუნქციის ჩანაცვლება და ის (დიალიზი) სისხლის გამწმენდის როლს ასრულებს.

დიალიზის ორი ტიპი არსებობს: ჰემო- და პერიტონეალური დიალიზი.

ჰემოდიალიზის დროს სისხლი დიალიზის აპარატის მეშვეობით თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისა და ზედმეტი სითხისგან.

ჰემოდიალიზის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სადიალიზო ცენტრებში, ისე ბინაზე. ცენტრებში ჩატარებისას, ჩვეულებრივ კვირაში სამჯერ ტარდება და თითო სესიის ხანგრძლივობა 3-4 საათს გრძელდება. ბინაზე ჩატარებისას, ჩვეულებრივ მისი რაოდენობა კვირაში 3-7 ჯერადია და სესიის ხანგრძლივობა 3-10 საათამდეა (ხშირად ძილში ტარდება).

პერიტონიალური დიალიზი არის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი წყლის მოშორების კიდევ ერთი მეთოდი. ამ მეთოდის პრინციპი იგივეა რაც ჰემოდიალიზის, თუმცა ამ შემთხვევაში, სისხლის გაწმენდა წარმოებს  მანქანის გარეშე გამწმენდი სითხის შეყვანით მუცლის ღრუში, სადაც  ხდება ნარჩენი პროდუქტების აკუმულირება სისხლიდან და მათი შემდგომი დრენირება. ეს მეთოდი, ჩვეულებრივ, სახლის პირობებში ტარდება. ზოგიერთ პაციენტს შეუძლია პერიტონიალური დიალიზის ჩატარება ნორმალური დღიური აქტივობებისაგან მოუწყვეტლად.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ვებ. გვერდს:  

http://www.uptodate.com/contents/dialysis-or-kidney-transplantation-which-is-right-for-me-beyond-the-basics

 

თირკმლის ქრონიკული დაავადების პრევალენტობა

მსოფლიოში დაახლოებით ყოველი 10 ადამიანიდან ერთს გარკვეული ხარისხის თირკმლის ქრონიკული დაავადება აღენიშნება. იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორები.

თირკმლის დაავადებები ემართებათ ყველა რასისა და ასაკის ადამიანებს. თუმცა აფრო-ამერიკელებს, ესპანური წარმოშობის პირებს, ამერიკელ ინდიელებს და სამხრეთ აზიური წარმოშობის პირებს აქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადების (თქდ) მაღალი რისკი. მაღალი რისკს განაპირობებს დიაბეტისა და მაღალი წნევის მომატებული მაჩვენებლები ამ საზოგადოებებში.

თქდ შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების რისკი იზრდება.  ქალებში დაავადების განვითარების  რისკი მეტია. მიუხედავათ იმისა, რომ 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ნახევარს ამა თუ იმ ხარისხის თქდ აღენიშნება, მათ უმეტესობას არ აქვს დაავადების აქტიური ფორმა და მათ თირკმელებში შეინიშნება მხოლოდ ასაკობრივი ცვლილებები. სისხლისა და შარდის მარტივი ტესტირებით შესაძლებელია დაისვას თქდ-ს დიაგნოზი და ასევე მარტივი მკურნალობით შესაძლებელია დაავადების პროგრესის  შენელება, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკის შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 თირკმლის ქრონიკული დაავადების ხარჯები

თირკმლის დაავადებების გავრცელება დრამატულად იზრდება და ამ მზარდი ეპიდემიის მკურნალობის ხარჯები მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს მსოფლიოში.  ხანგრძლივი ვადით დიალიზზე მყოფ პაციენტთა რიცხვის ზრდა მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი  პრობლემებს ქმნის. დაბალი და საშუალო  შემოსავლების მქონე ქვეყნებში კი, დიალიზზე მყოფ პაციენტთა რიცხვის ზრდა დაუძლეველი პრობლემაა. თირკმლის ქრონიკული დაავადების და განსაკუთრებით, მის ბოლო ფაზასთან დაკავშირებული ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგების შემცირების თვალსაზრისით საუკეთესო გამოსავალია დაავადების პრევენცია. ამ გამოსავლის სასარგებლოდ მეტყველებს შემდეგი ფაქტები:

  • თირკმლის ქრონიკული დაავადება არ იკურნება დაასეთი ადამიანები საჭიროებენ მოვლას მთელი ცხოვრების მანძილზე.
  • თუ არ მოხდა თირკმლის ქრონიკული დაავადების ადრეული გამოვლენა, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს თირკმლის უკმარისობა, რომელიც თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას მოითხოვს, რაც ძალზე ძვირია და მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის ბიუჯეტს.
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება გამშვები მექანიზმი სხვა პათოლოგიებისათვის, მაგალითად, ისეთი კარდიო-ვასკულური დაავადებებისათვის, როგორიცაა ინფარქტი და ინსულტი, რასაც მივყავართ ნაადრევი სიკვდილობისა და  ჯანდაცვის ხარჯების ზრდამდე.

განვითარებულ ქვეყნებში თირკმლის დაავადების ბოლო ფაზა (თბფდ) დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული პაციენტების, მათი ოჯახებისა და გადამხდელებისათვის. ასეთ პაციენტებს სჭირდებათ დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, რაც ძალზე ხარჯიანია და წარმოადგენს ჯანდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ტვირთს.

მაგალითად:

  • ახლახან გამოქვეყნებული, თირკმლის დაავადებათა ჯანმრთელობის ნაციონალური კვლევის, ანგარიშის თანახმად, ინგლისში თირკმლის დაავადებებთან დაკავშირებული ხარჯი აჭარბებს ძუძუს, ფილტვის, სწორი ნაწლავის და კანის კიბოს ხარჯებს. 
  • ავსტრალიაში თბფდ მკურნალობაზე დახარჯული შეფასებითი თანხები 2020 წლისათვის მიაღწევს 12 მილიარდს. ერთ პაციენტზე დახარჯული სადიალიზო თანხა წელიწადში მერყეობს 50-80 ათასი ავსტრალიური დოლარის ფარგლებში.
  • აშშ-ში თქდ მკურნალობა აჭარბებს 48 მილიარდს წელიწადში და თბფდ პროგრამა მოიხმარს მთელი ჯანდაცვის ბიუჯეტის 6,7%, რაც საკმარისია მხოლოდ მიზნობრივი პოპულაციის ერთი პროცენტისათვის.
  • ჩინეთში კარდიოვასკულური და თირკმლის ქრონიკული  დაავადებებით გამოწვეულ   სიკვდილობისა და ინვალიდობის ეკონომიკური დანაკარგები მომავალი დეკადის განმავლობაში 558 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.
  • ურუგვაიში დიალიზის წლიური ხარჯი აღწევს 23 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაც სპეციალიზირებული თერაპიების ეროვნული ფონდის 30% აღწევს.

 

საშუალო  შემოსავლების მქონე ქვეყნებში სიცოცხლის შემანარჩუნებელ სხვადასხვა ტიპის თერაპიაზე ხელმისაწვდომობა პროგრესულად გაიზარდა, თუმცა პაციენტთა უმეტესობისათვის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია.

განვითარებად ქვეყნებში, რომელთა საერთო პოპულაცია 600 მილიონს აღემატება, ყველა შემთხევაში თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება ვერ ხერხდება, ამიტომ არანამკურნალები თირკმლის უკმარისობით ყოველწლიურად 1 მილიონი ადამიანის კვდება.  თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მიმღებთა 80% განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს. ინდოეთსა და პაკისტანში, იმ პირთა შორის ვისაც სჭირდება მსგავსი დახმარება, 10%-ზე ნაკლები ადამიანი ღებულობს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. აფრიკის ბევრ ქვეყანაში თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე ხელმისაწვდომობა დაბალია, ან სრულიად არ არის, რაც ნიშნავს, რომ ამის გამო ბევრი პაციენტი კვდება. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ასევე გამოიყენება თირკმლის მწვავე დაზიანებების სამკურნალოდ. ამ დროს მნიშვნელოვანია გადავარჩინოთ პაციენტის სიცოცხლე დიალიზის საშუალებით, სანამ მოხდება თირკმლის ფუნქციის აღდგენა.  განვითარებად ქვეყნებში თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეფიციტი იწვევს ყოველწლიურად ათასობით სიკვდილს დიარეით დაავადებულ ბავშვებში და  ორსულობის გართულებით მიმდინარე ქალებში. 

მსოფლიოს სხვა რეგიონებში თირკმლის დაავადებეზე არსებული დანახარჯები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:

http://www.academia.edu/3633811/Chronic_kidney_disease_global_dimension_and_perspectives                                                     

 

თირკმლის ქრონიკული დაავადება უფროს ასაკში

დაახლოებით ყოველი ათი ადამიანიდან ერთს გარკვეული ხარისხით აღენიშნება თირკმლის ქრონიკული პრობლემა. 40  წლის შემდგომ თირკმლის ფილტრაციის უნარი ყოველწლიურად 1%-ით მცირდება.

შეფასებითი მონაცემებით თირკმლის ქრონიკული დაავადება 65-დან 74 წლამდე ყოველი ხუთი მამაკაციდან ერთს და ყოველი ოთხი ქალიდან ერთს აღენიშნება, ხოლო 75 წლის შემდგომ - მოსახლეობის ნახევარზე მეტს. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი.  ეს მეტად საგულისხმოა, რადგან თირკმლის ქრონიკული დაავადება ზრდის გულის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს და შესაძლებელია გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში, რასაც ჭირდება დიალიზი და ტრანსპლანტაცია.  ასაკის მიუხედავად, მარტივი მკურნალობას შეუძლია თირკმლის დაავადების პროგრესის  შენელება, გართულებების პრევენცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი თირკმლისთვის? –ოქროს რვა წესი

თირკმლის დაავადებები ჩუმი მკვლელებია, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. თუმცაღა, არსებობს რამდენიმე გზა თირკმლის დაავადებების რისკის შესამცირებლად.

იყავი ფიზიკურად აქტიური

ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სისხლის წნევის და შესაბამისად თირკმლის ქრონიკული დაავადების რისკის შემცირებაში.

კონცეფცია „ვიმოძრაოთ თირკმლის ჯანმრთელობისათვის“ მსოფლიოს კოლექტიური მარშია საზოგადოების, ცნობილი ადამიანების და პროფესიონალების ჩართულობით, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან ფეხით, ველოსაპედით ან დარბიან. თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ მათ!

მუდმივად გააკონტროლეთ  შაქრის დონე თქვენს სისხლში

დიაბეტის მქონე პირების ნახევარს უვითარდება თირკმლის დაზიანებანი. ამრიგად, დიაბეტის მქონე პირებში მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

დიაბეტის ფონზე თირკმლის დაზიანება თავიდან იქნება აცილებული, თუ მას ადრე გამოვავლენთ; ამიტომ, მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის მუდმივიკონტროლი.

გააკონტროლეთ  თქვენი სისხლი წნევა

ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მაღალ წნევას  ინფარქტისა და ინსულტის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი აგრეთვე თირკმლის დაზიანების მიზეზი შესაძლოა გახდეს.

სისხლის ნორმალური წნევაა 120/80 მმ.ვწყ.სვ. მაჩვენებლები ამ დონესა და 139/89 - ს შორის განიხილება როგორც ჰიპერტენზიის წინარე მდგომარეობა და საჭიროებს კორექტირებას დიეტითა და ცხოვრების სტილით. 140/90 მმ.ვწყ.სვ. ან უფრო მაღალი წნევის პირობებში საჭიროა რისკის შეფასება და სისხლის წნევის რეგულარული მონიტორირება. დიაბეტთან, მაღალ ქოლესტეროლთან და კარდიოვასკულურ დაავადებებთან ასოცირებული სისხლის მაღალი წნევა მეტადაა მიდრეკილი თირკმლის დაზიანებისადმი.

იკვებეთ ჯანსაღად და გააკონტროლეთ  თქვენი წონა

ჯანსაღმა კვებამ და წონის კონტროლმა შესაძლებელია მოახდინოს დიაბეტთან, გულის დაავადებებთან და თირკმლის ქრონიკული დაავადებასთან ასოცირებული სხვა მდგომარეობების პრევენცია.

შეამცირეთ მარილის მიღება. მარილის რეკომენდებული დოზაა დღეში 5 გრამი (ერთი ჩაის კოვზი). მარილის მიღების შესამცირებლად შეზღუდეთ მზა ქარხნული საკვებისა და რესტორნის საკვების მოიხმარება და არ დაამატოთ მარილი საკვებს. მარილის მიღების გაკონტროლებას უფრო ეფექტურად შეძლებთ, თუკი მიიღებთ ახალი პროდუქტებისაგან შინ მომზადებულ საკვებს.

მიიღეთ ჯანმრთელობისათვის საჭირო სითხის რაოდენობა

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევებით ჯერჯერობით არ არის დადგენილი ყოველდღიურად მოხმარებული წყლისა და სითხეების იდეალური რაოდენობა, ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სასურველია დღეში 1,5 – 2 ლიტრი წყლის მიღება. 

ავსტრალიასა და კანადაში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ სითხეების უხვი მიღება ეხმარება თირკმელს მარილის, შარდისა და ტოქსინებისაგან ორგანიზმის განთავისუფლებაში, რაც თავის მხრივ, იწვევს თირკმლის ქრონიკული დაავადების რისკის მნიშვნელოვან შემცირებას. მკვლევარები რეკომენდაციას არ უწევენ ორგანიზმის სითხეებით აგრესიულ დატვირთვას, რასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ წყლის მიღების ზომიერი გაზრდა (დღეში 2 ლიტრამდე), შეამცირებს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის მიერ წყლის მოხმარება დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორზე როგორიცაა: სქესი, ასაკი, ფიზიკური დატვირთვა, კლიმატი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორსულობა, მეძუძურობა და სხვა. პირებს, რომელთაც აქვთ შარდ-კენჭოვანი დაავადება, ურჩევენ მიიღონ 2 – 3 ლიტრი წყალი ყოველდღიურად ახალი კენჭების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით.

არ მოწიოთ

მოწევა ამცირებს თირკმელებისაკენ სისხლის დინებას. თუ თირკმელებს ნაკლები სისხლი მიეწოდებათ, მაშინ შემცირდება თირკმელების ნორმალური ფუნქციონირება.  მოწევა ასევე ზრდის თირკმლის სიმსივნის განვითარების რისკს 50 %-ით.

ნუ მიიღებთ წამლებს ზედმეტად

ცნობილია, რომ ჩვეულებრივი წამლები, ისეთი როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი  იბუპროფენი, რეგულარული მიღებისას იწვევენ თირკმლის დაზიანებას.  ასეთი პრეპარატები არ შექმნიან მნიშვნელოვან საფრთხეს, თუ ადამიანს ჯანმრთელი თირკმელები აქვს და წამლებს მხოლოდ აუცილებლობისას ღებულობს. თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული ტკივილები, ექიმთან რეკომენდაციით მოძებნეთ გზები ტკივილის გასაკონტროლებლად, თირკმელებისათვის რისკის შექმნის გარეშე.

შეამოწმეთ თქვენი თირკმლის ფუნქცია, თუ თქვენ გაქვთ ერთი ან მეტი მაღალი რისკის ფაქტორი, დროულად მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რისკის ფაქტორებია:

  • დიაბეტი
  • ჰიპერტენზია
  • სიმსუქნე
  • თქვენს მშობელს ან ახლო ნათესავს აქვს თირკმლის დაავადება
  • თუ თქვენ ხართ წარმოშობით აფრიკიდან ან აზიიდან

 

ლიტერატურა: