თირკმლის დაავადებები მომატებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში

როგორ მოქმედებს მომატებული წნევა თირკმლის ფუნქციაზე?

მაღალი არტერიული წნევის გამო ზიანდება ორგანიზმის მთელი სისხლძარღვოვანი სისტემა, მათ შორის თირკმლის სიხლძარღვები, რის გამოც თირკმლის გამომყოფი ფუნქცია უარესდება, ორგანიზმში რჩება სითხის დიდი რაოდენობა, რაც, თავის მხრივ კიდევ უფრო მაღლა წევს წნევას და ასე იქმნება ე.წ.მანკიერი წრე.

მაღალი არტერიული წნევა არის რიგით მეორე მიზეზი, თირკმლის უკმარისობისას      

 

რა არის სისხლის მაღალი წნევა ?

არტერიული წნევა არის სისხლძარღვებზე  ზეწოლის ძალა, გულის, როგორც ტუმბოს მუშაობის პროცესში. მაღალი წნევა ანუ ჰიპერტენზია წარმოადგენს აღნიშნული ძალის მომატებას ორგანიზმში სისხლის მოძრაობისას.

იმ ფაქტორებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წნევის მომატებას, მიეკუთვნება  მოცირკულირე სისხლის მოცულობის  გაზრდა  სითხის  შეკავების გამო ორგანიზმში და ასევე  შევიწროვებული, ხისტი  ან დახშული სისხლძარღვების  გამო.  არტერიული წნევის გაზომვის შედეგი გამოისახება ორი ციფრით, რომელთაგან პირველი არის სისტოლური არტერიული წნევა და  გამოხატავს გულის შეკუმშვასა და სისხლძარღვებში სისხლის გადასროლის წნევას და მეორე ანუ დიასტოლური წნევა  - გულის შეკუმშვათა შორის, სისხლძარღვთა გაფართოვებისას წარმოშობილ წნევას. ნორმალური არტერიული წნევა    არის 120/80 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა, პრეჰიპერტენზიად მოიაზრება წნევის მაჩვენებლები 120/80-139/89 მმ.ვწყ.სვეტისა. არტერიული წნევა 140/90 მმ.ვწყ.სვ. და მეტი ითვლება მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად.

მომატებული არტერიული წნევის მქონე პირებმა უნდა განიხილონ მათი წნევის ციფრები, მკურნალობისას მისაღწევი სამიზნე წნევა და წნევის კონტროლის გეგმა სამედიცინო პერსონალთან ერთად.

 

რა არის თირკმლის ფუნქცია?

თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომლებიც განლაგებულია გულმკერდის ღრუს ქვევით, ხერხემლის ორივე მხარეს. ყოველდღიურად თირკმელებში იფილტრება 120-150 ლიტრი სისხლი, საბოლოოდ 1-2 ლიტრი შარდის სახით (ნარჩენები და დამატებითი სითხე) გამოიყოფა.

თირკმელები ფუნქციონირებენ მიკროსკოპულ დონეზე. თირკმელი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი მთლიანი ფილტრი, თითოეული თირკმელი შედგება მილიონამდე ნეფრონისაგან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილტრაციის პროცესში და  ამ პროცესში საბოლოო პროდუქტი არის შარდი.

 

როგორია  სიმპტომატიკა მაღალი არტერიული წნევისა თირკმლის დაავადების  დროს?

ადამიანების უმრავლესობას, რომელსაც აქვთ მაღალი წნევა, არ აქვთ სიმპტომები ანუ ჩივილები. ასევე პაციენტს, თირკმლის დაავადებით, ადრეულ სტადიაზე შესაძლოა არ ჰქონდეს სიმპტომატიკა. შეშუპების საფუძველი (რომელიც განიხილება, როგორც ერთ-ერთი პირველი სიმტომთაგანი) თირკმლის უნარის  დაქვეითებაა, გამოყოს ზედმეტი სითხე და მარილი. შეშუპება უხშირესად ვითარდება ქვემო კიდურების, ტერფის, კოჭის და უფრო იშვიათად, ხელისა და სახის მიდამოში. შემდგომში, სიმპტომები ვითარდება უფრო სწრაფად და მოიცავს:

  • უმადობას
  • გულისრევას
  • პირღებინებას
  • ადვილად დაღლასა და საერთო სისუსტეს
  • კონცენტრაციის  პრობლემებს
  • ძილის დარღვევებს
  • შარდვის პრობლემებს
  • ქავილს
  • კანის სიმშრალეს
  • თავის ტკივილს
  • წონაში დაკლებას
  • კუნთების ტკივილს
  • სუნთქვის პრობლემებს
  • ტკივილს გულმკერდში

 

როგორ ხდება მაღალი არტერიული  წნევისა და თირკმლის დაავადების დიაგნოსტირება?

ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ დაისმება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი, როდესაც სხვადასხვა ვიზიტებზე, წნევის რამდენიმე გაზომვისას დაფიქსირდება ციფრები ≥140/90 მმ.ვწყ.სვ.-სა. თირკმლის დაავადების დიაგნოზი დაისმება შარდისა და სისხლის ლაბორატორიული ტესტის საფუძველზე.

შარდში ალბუმინ/კრეატინინის თანაფარდობა

კრეატინინი თირკმელში სისხლის ფილტრაციის პროდუქტია და ამ თანაფარდობის მაჩვენებელი >30/მგ/გრ, მიანიშნებს თირკმლის პათოლოგიის არსებობას.

 

თირკმლის დაავადებების პრევენცია მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში

მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში თირკმლის დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და გართულებათა თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია რეგულარული სკრინინგი (სისხლის ტესტი, შარდში ალბუმინის განსაზღვრა).

თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში მედიკამენტების რეგულარული გამოყენებითა და ჯანსაღი კვებით, ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაციით, კვების საკითხების მოგვარებით შესაძლებელია პროცესების პროგრესირების თავიდან აცილება.

ჯანდაცვის პროფესიონალები რეკომენდაციას იძლევიან ე.წ. DASH დიეტის, ანუ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო კვებითი რჩევების სასარგებლოდ.

აღნიშნული დიეტის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ცხიმისა და ქოლესტეროლის დეფიციტი
  • დაბალცხიმიანი ან უცხიმო რძის პროდუქტები, თევზი, ფრინველის ხორცი
  • ნაკლები წითელი ხორცი, ტკბილეული, შაქარი და ტკბილი სასმელები
  • ნუტრიენტების, ცილისა და უჯრედისის სიჭარბე

თირკმლის პათოლოგიის მქონე  პაციენტებისათვის დიეტოლოგების რეკომენდაციები მიმართულია სითხისა და მარილის, ასევე ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლის შეზღუდვისკენ.

ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია გულისხმობს 30-60 წთ-ის განმვლობაში აქტივობებს, კვირის უმეტეს დღეებში ან ყოველდღიურად.

სხეულის წონა

ჭარბი  წონა გულისხმობს სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელს (წონა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე) 25-29-ის ფარგლებში, ხოლო 30-ზე  მარალი  არის სიმსუქნე. ჰიპერტენზიის კონტროლის მიზნით სხეულის მასის ინდექსის სამიზნეს წარმოადგენს მისი მნიშვნელობა 25-ზე ქვევით.

თამბაქოზე უარის თქმა

ჰიპერტენზიის მკურნალობა და კონტროლი წარმოუდგენელია ამ რეკომენდაციის გარეშე.

სტრესის მართვა

  • ვარჯიში
  • მუსიკის მოსმენა
  • კონცენტრირება მშვიდ გარემოზე

 

ლიტერატურა:

National Kidney and Urologic Diseases Information Clearinghouse