მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული 16-22 მარტი, 2015

მიმდინარე წელს კვირეული ბავშვთა კვების საკითხებს ეძღვნება, ის აღინიშნება ორი სლოგანით:
,,მოერიდე „სწრაფი კვების“ პროდუქტებს’’
,,მოერიდე საკვებში „დამალულ“ ჭარბ მარილს’’

კვება იმ არსებით ფაქტორთაგანია, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის დონეს, მრავალი არასასურველი ფაქტორის ზემოქმედების მიმართ იმუნიტეტის ხარისხს. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ადაპტაციური პოტენციალის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჯანსაღი კვება არ შემოიფარგლება საკვები პროდუქტების ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური უვნებლობით, არამედ ასევე აუცილებელია მოზარდი ორგანიზმის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა, იმავდროულად, მავნე პროდუქტების მიღების შეზღუდვა, ჯანმრთელობაზე არაკეთილსასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავების მიზნი.

http://www.worldactiononsalt.com/salthealth/children


მარილი და ჯანმრთელობა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში და მომატებული სისტოლური არტერიული წნევა 115 მმ.ვწყ.სვ.-სა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირდაპირი მიზეზია, რომელსაც ინსულტის შემთხვევთა 60%-ზე მეტი და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა თითქმის 50% უკავშირდება. სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატების მნიშვნელოვანი მიზეზია და მისი მცირედ შემცირებაც კი, უდიდეს სარგებელს მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მარილის დღიური დოზის 6 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომელის დახმარებითაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა 24%-ით, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 18%-ით შემცირდება.

 

მნიშვნელოვანი ფაქტები მარილთან დაკავშირებით

საქართველოში უკვე გამზადებული საკვების საკუთარ ულუფაზე მარილის დამატების ჩვევა გვხვდება გამოკითხულთა თითქმის 56–60%-ში.
• მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს;
• მსოფლიოში 2,3 მილიონი კარდიული სიკვდილი უკავშირდება მარილის ჭარბ მოხმარებას, მ.შ. 1 მილიონი შემთხვევა აღწერილია 69 წლამდე და უფრო დაბალ ასაკობრივ კატეგორიში;
• ამერიკის გულის ასოციაციის 2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10 ადამიანიდან ერთი კვდება კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობის გამო;
• გულის კორონარული დაავადებების, ინსულტისა და სხვა კარდიო-ვასკულური პათოლოგიების 15% გლობალურად ასოცირებულია მარილის ჭარბ მოხმარებასთან, მ.შ. სიკვდილის შემთხვევების დიდი ნაწილი მოდის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია);
• მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებსა და მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზული ცვლილებები, კუჭის კიბო, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მ.შ. თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ზოგადი სიმსუქნე, ის ამძიმებს მენიერის დაავადებისა და დიაბეტის სიმპტომატიკას.

 

რეკომენდაცია მარილის დღიური ნორმის შესახებ

არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მარილის ამჟამინდელი მოხმარების ნორმა - 10-15 გრ/დღეში შემცირდეს 5-6 გრამამდე დღეში. უმეტეს ქვეყნებში მოხმარებული მარილის თითქმის 80% მოდის მზა პროდუქტზე, რომელთა მარილის შემცველობა მაღალია, თუმცა მომხმარებლისთვის უცნობია და არც არასდროს აკონტროლებს. ეს მოვლენა ხსნის, თუ რატომაა მარილის მოხმარება ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი: რადგანაც მოსახლეობა მისი პასიური მომხმარებელია გაცნობიერების გარეშე, რისი თავიდან აცილებაც საკმაოდ რთულია.

 

მარილის ჭარბი მოხმარების პრევენციის ეფექტური გზა

მარილის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი გზა მზა პროდუქტებში მისი შემცველობის შემცირებაა; ასე რომ, კვების მრეწველობას უნდა მიეცეს რეკომენდაცია საკვებ პროდუქტებში მარილის დანამატის შემცირების შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ პოპულაციაში მარილის მოხმარების შემცირების ეს გზა ყველაზე ხარჯთ-ეფექტურ სტრატეგიას წარმოადგენს ჯანმრთელობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.