ტუბერკულოზი და სტიგმა, ძირითადი ფაქტები ტუბერკულოზზე

რა არის სტიგმა და რა კავშირი შეიძლება ქონდეს მას ტუბერკულოზთან?

სტიგმა სტერეოტიპების კომპლექსია, რომელიც რადიკალურად ცვლის დამოკიდებულებას, როგორც საკუთარი ისე სხვა ადამიანებისადმი და პიროვნების იდენტობის დამაკნინებელ ატრიბუტს წარმოადგენს. ძველი ბერძნები სტიგმას უწოდებდნენ ნიშანს, რომელიც საზოგადოებისათვის გარკვეული თვალსაზრისით მიუღებელ ადამიანს სხეულზე ამოჭრილი ან ამომწვარი დამღა ჰქონდა.

სტიგმა, როგორც ტერმინი დამკვიდრდა მეოცე საუკუნეში და გამოიყენეს იმ პროცესების აღსაწერად, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარეობს პირის ან სოციალური ჯგუფის იდენტობის უსამართლო მოპყრობისა და დისკრიმინაციის დროს.

სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში უამრავი სტიგმა არსებობს, მათ შორის ტუბერკულოზის მიმართაც. მრავალი კვლევით დადასტურებული ფაქტია ის, რომ სტიგმა ხელს უწყობს ტუბერკულოზის დაგვიანებულ დიაგნოსტიკას, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება მკურნალობის პროცესზე და დაავადების გამოსავალზე.

რატომ ახდენს საზოგადოება ტუბერკულოზით დაავადებულთა სტიგმატიზაციას?

ტუბერკულოზი რადგან ხშირად (და, არა ყოველთვის) დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა: სიღარიბე, უსახლკარობა, სოციალურად დაბალი ფენა, წამალდამოკიდებულება, ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება, აივ/შიდსი, პატიმრობა, დევნილობა და სხვადსხვა „სამარცხვინო“ საქციელი, საზოგადოება დაავადებულს აღიქვამს, როგორც იმ სოციალური გარემოსათვის მიუღებელ პიროვნებად, სადაც თავის თავს ღირსეულ წევრად თვლის. ის ფიქრობს, რომ თუ დაავადებულთან კონტაქტი არ ექნება, ტუბერკულოზი მას და მის ახლობლებს არ დაემართება.

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა გეოგრაფიულ თუ კულტურულ ჯგუფებში ტუბერკულოზით დაავადებულთა მიმართ საზოგადოების სტიგმატიზაციის ძირითადი მიზეზები მნიშვნელოვად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ძირითადად ტუბერკულოზის მაღალ კონტაგიოზურობასთან (ადვილად გადამდებლობა) არის დაკავშირებული. გარდა ამისა კვლევების შედეგებით ცნობილია, რომ ტუბერკულოზის სტიგმის მიზეზს, გამოწვეულს დაინფიცირების შიშით, ხშირ შემთხვევებში მოსახლეობაში მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს, ხოლო ზოგჯერ კი, რატომღაც პირიქით - დაავადების გავრცელებისა და გადაცემის გზების საკმარისი ცოდნა.[i]

საზოგადოების მხრიდან არსებული სტიგმა კი თავის მხრივ იწვევს "შინაგანი სტიგმის" გამოვლინების შემთხვევებს. ტუბერკულოზით დაავადებულს უკვე თვითონვე სჯერა მის წინააღმდეგ მიმართული „ჭეშმარიტებად“ ქცეული ცრურწმენების. „შინაგანმა სტიგმამ“ კი შეიძლება უნდობლობამდე, დეპრესიამდე, და გამოუსწორებელ ქმედებებამდეც მიიყვანოს ადამიანი. კვლევებით დადგენილია, რომ დისკრიმინაციისა და საზოგადოებისაგან არასამართლიანი მოპყრობის შიშით, ტუბერკულოზით დაავადებულები ხშირად მალავენ დაავადებას, დიდხანს რჩებიან, როგორც ინფექციის გავრცელების წყარო და დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო ძალიან ირთულებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას [ii].

როგორ გავუმკლავდეთ (ვებრძოლოთ) სტიგმას?

მთელ მსოფლიოში მოქმედებს სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამები, თუმცა ძალზე რთულია იმის თქმა, რომელი მეთოდი აქარწყლებს ყველაზე ეფექტურად ცრურწმენებს. ჩვეულებრივ, ასეთი პროგრამები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ითვალისწინებს: განათლებას, ჩვევების დასწავლასა და დაავადებულ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობას.

ადამიანებს როდესაც რაიმე თემაზე არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ამ უკმარისობას გამონაგონებით ივსებენ და ცრუ სტერეოტიპებს ქმნიან. ამ ყველაფერს კი, ამ შემთხვევაში დაავადებულთა დისკრიმინაციამდე და უფლებების დარღვევამდე მივყავართ, ამასთან აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ცრუ სტერეოტიპები და სტიგმა წარმოადგენს დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის მთავარ დაბრკოლებას.

ტუბერკულოზის პროფილაქტიკის, გადაცემის გზებისა და მკურნალობის შესახებ მოსახლეობის სწორ და კარგად ინფორმირებას შეუძლია იმ სტიგმის შემცირება, რომელსაც საფუძვლად დეზინფორმაცია და მისგან გამოწვეული არაკეთილგანწყობა უდევს. სწორად ინფორმირებული საზოგადოება არ დაუშვებს დაავადებულთა დისკრიმინაციას.

სტიგმა ინდივიდუალური მოვლენა არ გახლავთ, ის ფართო სოციალური და კულტურული მოვლენების შედეგად არსებობს და სწორედ მათი განხილვაა საჭირო სტიგმის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამებში. აუცილებელია, სტიგმასთან ბრძოლაში ჩაერთონ რელიგიური ორგანიზაციები, საჯარო სტრუქტურები და საზოგადოებისთვის ავტორიტეტული/ცნობილი ადამიანები, რათა ჩამოყალიბდეს და შეიცვალოს საზოგადოებრივი აზროვნება. ამასთან, პოლიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ გარკვეულმა პრაქტიკამ თუ კანონმა შესაძლოა, არსებული სტიგმის სტიმულირება მოახდინოს. ამიტომ, აუცილებელია, დაავადებული თავად მონაწილეობდეს სტიგმის საწინააღმდეგო პროგრამების დამუშავებაში. მნიშვნელოვანია მედიის როლი. სოციალურ, ბეჭდვით, ტელე თუ რადიო მედიას შეუძლია დიდი როლი შეასრულოს საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებაში.

პროფილაქტიკის, ფსიქოლოგიური დახმარებისა და მკურნალობის პროგრამები პირდაპირ უნდა განიხილავდეს სტიგმის საკითხებს, იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს უკანასკნელი დაავადებულთა მკურნალობის პროცესზე.

ტუბერკულოზთან ბრძოლისას წარმატება თუ მარცხი, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თავად პაციენტზე, მის ნებისყოფასა და გამოჯანმრთელების სურვილზე. ამიტომაა სწორედ მნიშვნელოვანი მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომით გაძლიერება. თუ ყველა ერთად დავუპირისპირდებით ამ სენს, ტუბერკულოზი იკურნება!

 

 

[i] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2882973/

[ii] http://www.biomedcentral.com/1471-2458/7/211



 

ძირითადი ფაქტები ტუბერკულოზზე
________________________________________
• ტუბერკულოზი, აივ/შიდსის შემდეგ ინფექციური აგენტით მსოფლიოში სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს.
• 2013 წელს ტუბერკულოზით დაავადდა 9 მილიონი და გარდაიცვალა 1.5 მილიონი ადამიანი.
• სიკვდილობის შემთხვევების 95% მეტი საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებზე მოდის. ის წარმოადგენს 14 დან 44 წლამდე ქალთა სიკვდილობის სამი ძირითადი მიზეზიდან ერთ-ერთს.
• 2013 წელს დაახლოებით 550 000 ბავშვი დაავადდა ტუბერკულოზით და 80 000 გარდაიცვალა.
• ტუბერკულოზი წარმოადგენს აივ ინფიცირებულთა სიკვდილობის ძირითად მიზეზს.
• 2013 წლის მონაცემების შეფასებით მსოფლიოში 480 000 ადამიანს განუვითარდა ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული (ბაქტერიის მდგრადობა რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი) ფორმა. ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდება, თუმცა ძალიან ნელა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს მსოფლიო უახლოვდება ტუბერკულოზის შემცირების ტენდენციით ათასწლეულის მიზანს.
• 1990 წლიდან 2013 წლამდე ტუბერკულოზით სიკვდილობა შემცირდა 45%-ით.
• 2000 წლიდან 2013 წლამდე 37 მილიონ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნდა სწორი დიგნოსტიკისა და მკურნალობის დახმარებით.
• ტუბერკულოზის გამომწვევს წარმოადგენს ბაქტერია-Mycobacterium tuberculosis, რომელიც ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს.
• ტუბერკულოზი განკურნებადია (დაავადების დროულად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება!) და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.
• ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით!
• დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედს ლატენტური (გამოუმჟღავნებელი, ფარული) ტუბერკულოზი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ტუბერკულოზის ბაქტერიით ინფიცირებულ ადამიანს, ჯერ კიდევ არა აქვს დაავადების ნიშნები და გარემოში არ ავრცელებს ბაქტერიებს. ადამიანი შეიძლება დარჩეს ლატენტური ტუბერკულოზით ინფიცირებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არ განუვითარდეს აქტიური ტუბერკულოზი. ინფიცირებულთა უმრავლესობა არ ავადდება აქტიური ფორმით. დაავადება მაშინ იჩენს თავს, როცა მიკრობი „იღვიძებს“ და აზიანებს ორგანიზმს. ეს ხდება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტებისას და შედეგად ვითარდება „აქტიური ტუბერკულოზი“.
• აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი: ხველების, ცემინების, ლაპარაკის, სიცილის, მთქნარების დროს გარემოში გამოყოფს ბაქტერიებს.
• ტუბერკულოზით დაავადების რისკი იზრდება გაუნიავებელ ოთახში აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულთან ერთად ყოფნის დროს.
• დაავადების რისკი ყველა ასკობრივ ჯგუფში არსებობს, თუმცა ტუბერკულოზი ადამიანს აზიანებს ყველაზე პროდუქტიულ ასაკში.
• აივ ინფექციის დროს ტუბერკულოზით ინფიცირების რისკი 21-34 ჯერ იზრდება.
• მსოფლიოში ტუბერკულოზის შემთხვევების 20%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებლებზე მოდის.
• საქართველოში 2013 წელს რეგისტრირებულია 4320 (მ/შ 73%-ახალი, 27%-„წარსულში ნამკურნალევი“) შემთხვევა.
• ტუბერკულოზის ძირითადი სიმპტომებია (არ არის აუცილებელი ყველა სიმპტომი ერთდროულად გამოვლინდეს):

ხველა (მ/შ სისხლიანი ნახველით) 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული;
სხეულის ტემპერატურის მატება (37-38)
ღამის ოფლიანობა
წონის კლება
უმადობა
სისუსტე
ტკივილი მკერდის არეში.

• სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას.
• ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების გამოსაკვლევ ყველა სადიაგნოსტიკო ხარჯებს ფარავს სახელმწიფო პროგრამა.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs104/en/

http://www.stoptb.org/events/world_tb_day/2015/

http://ncdc.ge/category/HealthIssues/1224