პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოვეწლიურად 20 მარტს აღინიშნება. მისი მიზანია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კბილების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.[1]

პირის ღრუს მდგომარეობა გავლენას ახდენს როგორც ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე  სიცოცხლის ხარისხზე. როდესაც პირის ღრუ ჯანმრთელია, ადამიანი დაცულია ღრძილების დაავადებებისგან, კბილების დაკარგვისგან, პირის ღრუსა თუ ყელის კიბოსგან, ასევე, პირის ღრუს სხვა დაავადებებისაგან, რომლებიც ადამიანს ხელს უშლის  კბეჩისას, ღეჭვაში, მეტყველებაში, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.[2]

მნიშვნელოვანი ფაქტები                        

  • მსოფლიოში ბავშვების 60-90%-ს და მოზრდილთა თითქმის 100%-ს აწუხებს კბილებში გაჩენილი ღრმულების  პრობლემა.
  • კბილებში ღრმულების გაჩენის პრევენცია შესაძლებელია ფტორის შემცველი საკვებისა და კბილის პასტის  პერმანენტული გამოყენებით.
  • ღრძილების დაავადებების 15-20%, რომლებიც კბილების დაკარგვით სრულდება, 35-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანების პრობლემას წარმოადგენს.
  • მსოფლიოში 65-74 წლის ასაკის ადამიანების 30%-ს არ აქვს ბუნებრივი კბილები.
  • პირის ღრუს დაავადებები ბავშვებსა თუ მოზრდილებში განსაკუთრებით მაღალია მოსახლეობის ღარიბ და სოციალურად დაუცველ ფენებში.
  • პირის ღრუს დაავადებების რისკის ფაქტორებია:  არაჯანსაღი დიეტა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, პირის ღრუს ჰიგიენის წესების დარღვევა და სოციალური დეტერმინანტები.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა 2015წელს[3]

წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა აერთიანებს ორ კონცეფციას  -  ლამაზი ღიმილი სიცოცხლის მანძილზე და იზეიმე სიცოცხლე“.[4]  „ადამიანები მხოლოდ მაშინ იღიმიან, თუ თავს მხიარულად და ჯანმრთელად გრძნობენ. გამოყავით დრო თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, რათა თამამად შეძლოთ ლამაზად გაღიმება და ნუ დაიშურებთ ღიმილს გარშემო მყოფთათვის“ - მოგვიწოდებს სტომატოლოგიის მსოფლიო პრეზიდენტი  ექიმი ქალბატონი თინ ჩანი. 

 წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის სლოგანია „გაუღიმე ცხოვრებას !

სლოგანი შეგვახსენებს, რომ პირის ღრუს ჰიგიენური წესების დაცვა სიცოცხლის მანძილზე, - ბავშვობიდან მოხუცებულობამდე, თავიდან აგვაცილებს სტომატოლოგიურ პრობლემებს! 

აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წწ. გასამმაგდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც პირის ღრუს ჯანრთელობის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. 

აქციეთ ყოველი დღე პირის ღრუს ჯანმრთელობის დღედ! „

„პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურად გამოყოფილი დრო ძალზე მცირეა, შედეგი კი - უზარმაზარი“. [5]

პირის ღრუს დაავადებები

პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: კბილებში ღრმულები, ღრძილების დაავადებები, სიმსივნე ან ინფექციური დაავადებები, პირის ღრუს დაზიანებებისგან გამოწვეული ტრავმა და პირს ღრუს დაავადებების მიმართ მემკვიდრეობითი განწყობა.

ღრმულები კბილებში

მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების 60-90%-სა და მოზრდილთა თითქმის 100%-ს კბილების ღრმულების პრობლემა აწუხებს, რომელსაც ხშირად თან ახლავს  ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება.

ღრძილების დაავადებები

მთელი რიგი ღრძილების დაავადებებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევენ კბილების დაკარგვას, საშუალო ასაკის მოზრდილთა (35-44 წლის ასაკის პირები) 15-20%-შია აღმოჩენილი.

კბილების დაკარგვა

კბილებში გაჩენილი ღრმულები და ღრძილების დაავადებები კბილების დაკარგვის უმთავრესი მიზეზებია. კბილების სრული დაკარგვა ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს და განსაკუთრებით ხშირია მოხუცებში. მთლიანობაში,  65-74 წლის ასაკის ადამიანების თითქმის 30%-ს საერთოდ არ აქვს ბუნებრივი კბილები.

პირის ღრუს სიმსივნე

მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში  პირის ღრუს სიმსივნეების შემთხვევები ყოველ 100 000 მოსახლეზე 1-დან 10-მდე მერყეობს. პირის ღრუს დაავადებების გავრცელება შედარებით მაღალია მამაკაცებში, მოხუცებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე პირებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქო და ალკოჰოლი წამყვან რისკის ფაქტორებს წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებების განვითარებაში.

სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები აივ ინფიცირებულებში

აივ ინფიცირებულთა 40-50%-ს აქვს პირის ღრუს სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, რომლებიც ხშირად აივ ინფექციის (შიდსის) ადრეულ სტადიაზე იჩენს თავს.

პირის ღრუსა და კბილების ტრავმვები

მსოფლიოში 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვთა 16-40%-ს მოედნებზე, სკოლებში, საგზაო შემთხვევებსა თუ ძალადობის შედეგად მიღებული სტომატოლოგიური ტრავმვები აღენიშნება.

კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა

ყოველი 500-700 ახალშობილიდან ერთი იბადება ისეთი თანდაყოლილი დეფექტებით, როგორებიცაა კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს ეთნიკური კუთვნილებისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.

პირის ღრუს დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზები

პირის ღრუს დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორებია: არაჯანსაღი კვება, თამბაქო და ალკოჰოლი. ზემოაღნიშნული ფაქტორები წარმოადგენენ ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკ-ფაქტორებსაც, როგორიცაა - გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და  ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, კიბო, დიაბეტი. აღსანიშნავია, რომ  ქრონიკულ დაავადებებს ხშირად პირის ღრუს დაავადებები ახლავს თან.

ასევე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს პირის ღრუს ჰიგიენის წესების დარღვევაც წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ პირის ღრუს დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი  გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ხარისხის მიხედვით სხვადასხვაა - პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მეტად მნიშვნელოვან ზეგავლენას სოციალური დეტერმინანტებიც ახდენენ.

პირის ღრუს დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია საშუალო და მცირე შემოსავლიან ქვეყნებში და, აგრეთვე, ნებისმიერი ქვეყნის ღარიბ და სოციალურად დაუცველ ფენებში.

 

პრევენცია და მკურნალობა

პირის ღრუს დაავადებების გლობალური ტვირთი შესაძლოა, შემცირდეს, თუ ვიმოქმედებთ მისი ძირითადი რისკის ფაქტორების წინააღმდეგ, თუ:

  • შევამცირებთ შაქრის მოხმარებას და მუდმივად დავიცავთ ბალანსირებული კვების წესებს, რაც მოახდენს კბილებში ღრმულების წარმოქმნისა და კბილების დაკარგვის პრევენციას
  • მივირთმევთ ხილსა და ბოსტნეულს
  • შევწყვეტთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, რაც შეამცირებს პირის ღრუს კიბოს, ღრძილების დაავადებებისა და კბილების დაკარგვის რისკს
  • დავიცავთ პირის ღრუს ჰიგიენის წესებს
  • გამოვიყენებთ დამცავ საავტომობილო აღჭურვილობას სახის დაზიანების თავიდან ასაცილებლად
  • დავიცავთ  გარემოს უსაფრთხოებას

ფტოროვანი ნაერთები გვხვდება  წყალში, მარილში, რძეში. ისინი ასევე შედის კბილის პასტის შემადგენლობაში. ფლუოროიდების ოპტიმალური დონის ხანგრძლივად ზემოქმედება მნიშვნელოვნად უშლის ხელს კბილში ღრმულების წარმოქმნას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

პირის ღრუს დაავადებების უმეტესობა პროფესიონალურ სტომატოლოგიურ ჩარევას მოითხოვს, მაგრამ ხელმისაწვდომობის შეზღუდულობის გამო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის დონე საკმაოდ დაბალია სოფლად მცხოვრებ ხანდაზმულებსა და, ასევე, დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე ადამიანებს შორის.

პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვის დონე ძალზე დაბალია საშუალო და მცირე შემოსავლიან ქვეყნებში.

ტრადიციული სამკურნალო სტომატოლოგიური მომსახურება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტვირთია ბევრი მაღალშემოსავლიანი ქვეყნისთვისაც, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დანახარჯების მხოლოდ 5-10%-ია განკუთვნილი  პირის ღრუს დაავადებებისთვის. საშუალო და მცირე-შემოსავლიან ქვეყნებში კი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე გათვლილი  ჯანდაცვის პროგრამები იშვიათია. სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯების თავიდან აცილების ყველაზე ოპტიმალური საშუალება პირის ღრუს დაავადებების პრევენციაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები პირის ღრუს დაავადებებთან დაკავშირებით გაცილებით ეფექტურია, თუ შერწყმულია სხვა ქრონიკული დაავადებებისა თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ პროგრამებთან. აქცენტები, რომლებიც კეთდება განვითარებად გლობალურ პოლიტიკაში ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან და დაავადებათა პრევენცისთან მიმართებით, მოიცავს:

  • პირის ღრუს დაავადებების რისკის ფაქტორების ეფექტური  კონტროლისკენ მიმართული სწორი პოლიტიკის შემუშავებას
  • კომუნიკაციაზე დამყარებული პროექტების განვითარებასა და დანერგვას, რომლებიც ემსახურებიან პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პირის ღრუს დაავადებების პრევენციას მოსახლეობის სოციალურად დაუცველ და ღარიბ ფენაში
  • ჯანდაცვის ეროვნული უწყებისთვის ხელშეწყობას კბილის კარიესის პრევენციისკენ მიმართული ეფექტური ფლუოროიდული  პროგრამების შექმნაში
  •  პირის ღრუსა თუ სხვა ქრონიკული დაავადებების საერთო რისკის ფაქტორებისგან დამცავი ღონისძიებების გატარებას
  • ქვეყნების ტექნიკური უზრუნველყოფის მხარდაჭერის გაუმჯობესება პირის ღრუს დაავადებების სისტემების გაძლიერებისა და, ასევე,  საზოგადოებრივ ჯანდაცვაში  მათი ინტეგრირების მიზნით.[6]

 



[1] www.WHO

[2] Oral healthFact sheet N°318 April 2012

[3] http://www.worldoralhealthday.com/smile-for-life-the-world-oral-health-day-2015-campaign-goes-live/

[4] http://www.worldoralhealthday.com/smile-for-life-the-world-oral-health-day-2015-campaign-goes-live/

[5] http://www.worldoralhealthday.com/interview-with-gerard-k-meuchner-henry-schein-vice-president-and-chief-global-communications-officer/

[6] Oral healthFact sheet N°318 April 2012