პირის ღრუს ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიცია ჯანმრთელობის საწინდარია!

მიუხედავად მნიშვნელოვანი მიღწევებისა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში, პირის ღრუს ორგანოებისა და ქსოვილების პათოლოგიების პრევენცია და კონტროლი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აქტუალურ თემად მსოფლიოში. პირის ღრუს დაავადებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ გლობალურ ავადობაში, მათი გავრცელება და სიმძიმე დამოკიდებულია ეკონომიკურ, სოციალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებზე. პირის ღრუს პათოლოგიებიდან ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული იყო კარიესი და პარადონტოზი. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი, კბილის კარიესი აღენიშნება მოსწავლეების 60–90%–სა და მოზრდილთა უმრავლესობას.

ჯანმრთელი პირის ღრუ მეტია, ვიდრე ჯანმრთელი კბილები და გულისხმობს პირის ღრუს ორგანოებისა და ქსოვილების სიჯანსაღეს.

პირის ღრუს ჯანმრთელობა ინტეგრირებულია ზოგად ჯანმრთელობასთან და განსაზღვრას ადამიანის კეთილდღეობასა და სიცოცხლის ხარისხს. პირის ღრუს საშუალებით ხდება საუბარი, ღიმილი, კოცნა, შეხება, ღეჭვა, დაგემოვნება. ჯანმრთელი პირის ღრუ უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობული ინფექციებისა და ეკოლოგიური საფრთხეებისაგან. არაჯანსაღი პირის ღრუ აქვეითებს შრომის უნარიანობას და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნებაზე. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ ჯანმრთელი აქვს კბილები. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა ასოცირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ცხადყო, პირის ღრუს დაავდებების გავლენა ზოგად ჯანმრთელობაზე. არაჯანსაღი პირის ღრუ ქრონიკული დაავადებების, კერძოდ გულის, თირკმელების, ფილტვის დაავადებებისა და დიაბეტის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. პარადონტიტით დაავადებულ ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ ინფარქტი და სამჯერ უფრო ხშირად აქვთ ინსულტი, ვიდრე მათ, ვინც მუდმივად უვლის პირის ღრუს. გამოკვლევებმა გამოავლინეს, რომ ბაქტერია რომელიც იწვევს პარადონტიტს აღწევს სისხლში და შესაძლებელია ხელი შეუწყოს თრომბის გაჩენასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს.

დიაბეტით დაავდებულები ინფექციებისადმი მგრძნობიარეები არიან, მათ შორის პირის ღრუს ინფექციების მიმართაც. კვლევებმა დაადასტურა, რომ პარადონტიტმა შესაძლოა დაამძიმოს დიაბეტით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა და გახადოს იგი ინსულინ რეზიზსტენტული. მიკრობები, რომლებიც იწვევენ პნევმონიას და სხვა რესპირატორულ დაავადებებს, ხშირად პარადონტიტით დაავადებულების პირის ღრუშიც ბუდობენ და ხელსაყრელ პირობებში ამ დაავდებების პროვოცირებას იწვევნ.

პირის ღრუს დაავადებებიდან წამყვანია პარადონტიტი და კარიესი. ორივე ნოზოლოგია ექვემდებარება პრევენციასა და ეფექტურ მართვას.

პირის ღრუს ჰიგიენა ამცირებს ნაადრევ სიკვდილიანობას. პირის ღრუს დაავადებების ადრეულ გამოვლენას კრიტიკული როლი ეკისრება პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებაში. პირის ღრუს პროფილაქტიკურმა გამოკვლევამ შესაძლოა გამოავლინოს მთელი რიგი დაავადებები: საკვები ნივთიერებების დეფიციტი, მიკრობული ინფექციები, იმუნური სისტემის დარღვევები, პირის ღრუს ტრავმა, სიმსივნეები და ა.შ.

არსებობს მოსაზრება, რომ კბილების დაზიანება და დაკარგვა ხანდაზმულობაში გარდაუვალია, თუმცა ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება შესაძლებელია პირის ღრუს მოვლის ძირითადი წესების დაცვით.

მსოფლიოში მილიონობით ხანდაზმულს არ აქვს ხელმისაწვდომობა სტომატოლოგიურ სერვისებთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2003 წლის ანგარიშის (Unless we take action today, many countries will not be able to pay for treatment programmes) მიხედვით, პირის ღრუს დაავადებების მკურნალობის ღირებულება მაღალია და მეოთხე ადგილზეა იმ დაავადებებს შორის, რომელთა მკურნალობა და მართვა დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკური პროგრამებისა და ინტერვენციების შემუშავების გარეშე ბევრი მაღალი შემოსავლების ქვეყანაც კი ვერ შეძლებს პირის ღრუს ჯანმრთელობის უზრუნველმყოფელი პროგრამების დაფინანსებას, რაც ნეგატიურად აისახება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში არაჯანსაღი კვების და თამბაქოს გაზრდილი მოხმარების გამო პირის ღრუს ავადობის ტვირთის ზრდაა მოსალოდნელი.

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გამოყოფილი წლიური ნაციონალური რესურსის 5-10%-ს სტომატოლოგიურ სერვისებზე (პირის ღრუს ჯანმრთელობაზე) მიმართავენ. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში კი პირის ღრუს ჯანმრთელობა ან საერთოდ არ ფინანსდება ან ფინანსდება მხოლოდ ურგენტული შემთხვევები, კერძოდ კბილის მწვავე ტკივილის მკურნალობა და ექსტრაქცია.

მილიონობით ხანდაზმული ადამიანი კარგავს კბილებს, რასაც მოყვება უკბილობა და კბილების პროტეზირება. ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო ხანდაზმულებს მედიკამენტების ხშირი მიღება უწევთ, რაც თავის მხრივ იწვევს პირის ღრუს სიმშრალეს, ინფექციისადმი მიდრეკილებასა და კბილების დაშლას. კბილების კარიესისა და დაკარგვის ძირითად მიზეზი ღრძილების დაავადებები და პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობაა. ხშირ შემთხვევებში ცუდად მორგებული პროტეზი აქვეითებს ღეჭვის უნარს და აუარესებს სიცოცხლის ხარისხს.

ხანდაზმულებში ხშირია პირის ღრუს ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები, რაც მრავალი წლის განმავლობაში თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. ამ ლოკალიზაციის სიმსივნური დაავადებების გავრცელება მაღალია იმ რეგიონებში, რომლებიც თამბაქოს ჭარბი მოხმარებით გამოირჩევიან.

პირის ღრუს ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში ჩადებული ინვესტიცია, ჯანმრთელობის საწინდარია!