სამუშაო შეხვედრა - ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხები 26-27.03.2015

2015 წლის 26-27 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ჩაატარა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა  თემაზე

ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხები


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა ექსპერტებმა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა. ასევე, C ჰეპატიტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.

შეხვედრის მიზანი იყო ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების გეგმის განხილვა და სრულყოფა საქართველოში სოფოსბუვირით მკურნალობის დანერგვის მიზნით.

შეხვედრის მსვლელობისას დაინტერესებული მხარეებმა იმსჯელეს ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანაში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების გზების შესახებ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდით, ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებით. გაიმართა დისკუსია კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების, მკურნალობის პროტოკოლების შემუშავების, დაავადების მართვის ერთიანი ელექტრონული მოდულის დანერგვის, სამკურნალო მედიკამენტების ლოჯისტიკის სქემის შემუშავების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.

შეხვედრის მეორე დღეს  სამუშაო ჯგუფებში თემატურად გაიწერა გადაუდებელი მოკლევადიანი გეგმის მიმართულებები.

  

იხილეთ ფოტოალბომი

26.03.2015

27.03.2015