29 მარტი - დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“

საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“.

აღნიშნული დღის წლევანდელი თემა  „თამბაქოსაგან თავისუფალ სამასპინძლო სექტორს“ მიეძღვნება.

მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია, თამბაქოს მოხმარება  კი სიკვდილის ერთ–ერთი წამყვანი მიზეზია.[i] 6 მილიონი! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი - ეს იმ ადამიანთა რაოდენობაა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად თამბაქოსთან დაკავშრებული მიზეზებით იღუპება.

მწეველობა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სადღეისოდ, თამბაქოს მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30% მოიხმარს (არაგადამდებ დაავადებთა რისკ-ფაქტორების კვლევა, 2010).  შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იზრდება, რაც ძირითადად ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. საქართველოში, 14-16 წლის სკოლის მოსწავლეების 16%  რეგულარული მწეველია. უფრო მეტიც,  მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულია თამბაქოს გასინჯვის ასაკიც, რომელიც არსებული მონაცემებით, 9 წელზე ნაკლებია.[ii]

საქართველოში, ყოველწლიურად, თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით  11 000-მდე ადამიანი იღუპება.

თამბაქოს მოხმარება საფრთხეს უქმნის არამარტო თამბაქოს მომხმარებლებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან სახლში, სამუშაო ადგილებზე თუ რესტორნებში...

  • მეორადი კვამლი   მოზრდილებში გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, მათ შორის გულის კორონალურ დაავადებებს და ფილტვის კიბოს,  ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომს, ორსულებში კი დაბალწონიანი ნაყოფის დაბადებას იწვევს.
  • მსოფლიოში მეორადი კვამლი ყოველწლიურად,  600 000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 3 000-ის ტოლია.
  • მსოფლიოში, 2004 წელს ბავშვებზე მეორად კვამლთან დაკავშირებული სიკვდილობის 28% მოდიოდა.[iii]

რამდენადაც ე.წ. პასიურ მოწევას ისეთივე შედეგები მოაქვს, რაც აქტიურს - აუარესებს სიცოცხლის ხარისხს, იწვევს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ხარჯს საზოგადოებისა და ოჯახებისათვის - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს წინააღმდეგ მებრძოლი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები წლიდან წლამდე უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ არამწეველთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა დაცვას თამბაქოს კვამლისგან. თუმცა აქვე, მიუხედავად თამბაქოს წინააღმდეგ მიმათული ძალისხმევისა, ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული იქნება 8 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი (იმიტომ რომ ისინი ეწეოდნენ, ან იმყოფებოდნენ მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ)...

,,საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღის აღნიშვნა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

„თამბაქოსაგან თავისუფალი სამასპინძლო სექტორი“ კიდევ ერთხელ შეახსენებს სამასპინძლო სექტორის წარმომადგენლებს, რომ თამბაქოს კვამლით გაბუღული სივრცე დისკომფორტის და მომხმარებლებში მათი უფლებების უგულვებელყოფის შეგრძნების გარდა ჯანმრთელობისთვის დიდი რისკის მატარებელია. რომ არაფერი ვთქვათ დასაქმებულებზე, რომლებშიც მეორადი კვამლის ხშირი ზემოქმედების შედეგად 25-30%-ით იზრდება  გულის დაავადებების და 20-30%-ით ფილტვის კიბოს რისკი;[iv]

რაც შეეხება იმას, რომ  „თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა“ რესტორნებისა და კაფე/ბარების მეპატრონეების დიდი ნაწილისთვის მომხმარებელთა რაოდენობისა და მოგების შემცირებასთან იგივდება, უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ პოლიტიკა არ ამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას და არ ახდენს მავნე ეფექტს ბიზნესზე[v]...

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო 



[i] http://ash.org.uk/files/documents/ASH_126.pdf

[ii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

[iii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

[iv] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1931463/

[v] http://no-smoke.org/pdf/Economic_Impact.pdf