სამუშაო შეხვედრა - გლობალური ავადობის ტვირთის კვლევა 31.03.2015-01.04.2015

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტის (IHME) ხელმძღვანელობით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით, 2014 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს გლობალური ავადობის ტვირთის კვლევა (Global Burden of Disease Study – GBD), რომელიც წარმოადგენს დაავადებების, ტრავმების და რისკ–ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობების გამო დაკარგული ჯანმრთელობის რაოდენობრივად შედარებადი სიდიდეების გაზომვის სისტემატიზებულ მეცნიერულ მეთოდს/მიდგომას.

IHME ახორციელებს მსოფლიოში ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემების დამოუკიდებელ, ზუსტ და შედარებად კვლევებს და ასევე ატარებს ამ პრობლემების გადაჭრის სტრატეგიების შეფასებებს. IHME-ს ძირითადი ამოცანაა საუკეთესო სტრატეგიების მოძიება მსოფლიოში ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესების მიზნით. ამისთვის გამოიყენება ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაზომვა, პროგრამების ეფექტურობის შეფასება, ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობის მაქსიმალურად გაზრდა, გაზომვების ახალი ინოვაციური სისტემების შემუშავება, რათა შეიქმნას დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი, რაც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტურ გადანაწილებას და საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

აღნიშნულ კვლევაში საქართველოს მონაწილეობა ინიცირებულ იქნა ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციის მიმართულების დირექტორის, დ-რ კლაუდია შტაინის მიერ. კვლევის მიზნების მისაღწევად IHME-სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის 2014 წლის 1 ოქტომბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

31.03.2015-01.04.2015 დაგეგმილია ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და IHME-სა მაღალი დონის წარმომადგენელთა ვიზიტი: დ-რ კლაუდია შტაინი და დ-რ ივო რაკოვიჩი (WHO) და დ-რ მოშე ნაღავი და ბ-ნი რაიან ბარბერი (IHME). ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება GBD2013-ის შედეგები და GBD2015-ის მიმდინარეობა.

 

იხილეთ ფოტოალბომი