სამუშაო შეხვედრა - აზბესტით განპირობებული დაავადებების (აგდ) ელიმინაცია/მინიმიზაცია საქართველოში 31.01.2015

2015 წლის 31 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე

აზბესტით განპირობებული დაავადებების (აგდ) ელიმინაცია/მინიმიზაცია საქართველოში

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოაციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, ნ. მახვილაძის სახ. შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თსუ-ს პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები“-ს წარმომადგენლებმა, ექიმი-ონკოლოგებმა და დარგის ექსპერტებმა.

შეხვედრის მიზანი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად აზბესტის განპირობებული დაავადებების გავრცელებისა და ლიკვიდაციის ეროვნული პროგრამის შემუშავება, რომელშიც აისახება ქვეყანაში აზბესტის სხვადასხვა სახეობების გამოყენების სფეროები, მოსახლეობის ის ჯგუფები, რომელიც აზბესტის ზემოქმედების რისკს განიცდიან. ჩამოყალიბდა მრავალსექტორული საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც გააჩნია აგდ–ების გავრცელების და ლიკვიდაციის ეროვნული პროგრამის შემუშავების და შეფასების სფეროში ანგარიშგების და პასუხისმგებლობის განსაზღვრული მანდატი.

2004 წლის სექტემბერში, პეკინში ჩატარებულ სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) გენერალურ ასამბლეაზე პრევენციების სპეციალური კომისიის მიერ მიღებული იქნა დეკლარაცია აზბესტის შესახებ, რომელიც ყველა სახელმწიფოსგან ნებისმიერი სახის აზბესტის ან მისი შემცველი მასალის წარმოების, ვაჭრობის და გამოყენების აკრძალვას მოითხოვდა. აზბესტით გამოწვეული დაავადებების ლიკვიდაციის საერთაშორისო საფუძველს წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგულაციები. აზბესტი გამოირჩევა მაღალი ტოქსიურობით, მისი მაღალი კონცენტრაციების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს პნევმოკონიოზის სპეციფიური ფორმა (აზბესტოზი) და ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები (ფილტვების, კუჭის კიბო, პლევრის მეზოტელიომა და სხვა) და მისი განკურნების ეფექტური სამედიცინო საშუალება დღესდღეობით არ არსებობს. მსოფლიოში აზბესტის პრობლემა ყველა ქვეყნის წინაშე დგას. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში აზბესტის წარმოება და გამოყენება ამჟამად აკრძალულია ან უკიდურესად შეზღუდულია. მსოფლიოს 53 ქვეყანამ მთლიანად აკრძალა აზბესტის გამოყენება მათ შორისაა ევრო კავშირის ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია, აშშ, კანადა, ეგვიპტე, ჰონდურასი, არგენტინა, სომხეთი, სამხრეთ კორეა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, კუვეითი, ტაივანი, სინგაპური, კატარი, ომანი. უმეტეს ქვეყნებში აზბესტი არ არის აკრძალული, ამდენად ადამიანები კვლავ მისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და მომავალშიც მრავალი წლის განმავლობაში იქნებიან, რადგანაც სამუშაო და საყოფაცხოვრებო ადგილებში აზბესტის შემცველი მასალა კვლავ დიდი რაოდენობით არსებობს. რისკის ქვეშ იმყოფებიან ასევე აზბესტის განადგურებაზე, მის მოშორებაზე და ნებისმიერი სახის შენობის დემონტაჟთან მომუშავე პირები.

შეხვედრის დროს წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსია. დაიგეგმა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ღონისძიებები, კერძოდ:

1. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება აზბესტის მავნეობისა და კანცეროგენული თვისებების შესახებ, აზბესტის შესაცვლელად არსებული უსაფრთხო ალტერნატივებზე ინფორმაციის მიწოდება;
2. ეროვნული პროფილის შემუშავება;
3. ჯანმო-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის გადახედვა და ჰარმონიზება ევროკავშირის მოთხოვნებთან;
4. ეტაპობრივი აკრძალვა აზბესტის შემცველი მასალების იმპორტისა და გამოყენების;
5. რისკის მართვა საქართველოში აზბესტის განთავსების ადგილებში. იმ საწარმოების რეესტრის შექმნა, რომლებიც გამოიყენებენ აზბესტშემცველ მასალებს და გეოლოგიური რუქის შედგენა სადაც დატანილი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში იდენტიფიცირებული დაბინძურებული ადგილები აზბესტითა და აზბესტშემცველი მასალებით.

 

იხილეთ ფოტოალბომი