2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.
აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას. იგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომების სახით. არსებობს მრავალი გზა აღნიშნული სიმპტომების დაჯგუფების. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.
აუტიზმი აღენიშნება 2-10 პიროვნებას ყოველ 10,000 ადამიანში. მთელ მსოფლიოში ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის მსგავსი დარღვევების მქონე ადამიანთა რიცხვი სამ-ოთხჯერ მეტია, ვიდრე რეგისტრირებული შემთხვევები.

იცით თუ არა, რომ
• აუტიზმი აღენიშნება 68-დან 1 ბავშვს
• აშშ-ში ყველაზე სწრაფად მზარდ განვითარების დარღვევას აუტიზმი წარმოადგენს
• აუტიზმის გამო ოჯახის წლიური დანახარჯი საშუალოდ 60,000 აშშ დოლარს შეადგენს
• აუტიზმი ხუთჯერ უფრო ხშირია ბიჭებში ვიდრე გოგონებში
• არ არსებობს აუტიზმის მკურნალობის სამედიცინო მეთოდები

 

აუტიზმის შემთხვევაში ვხვდებით შემდეგ ძირითადად პრობლემებს:

•კომუნიკაციის პრობლემები: მეტყველება ხასიათდება განმეორებადობით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით, დაქვეითებული აქვთ მშობლებთან, მომვლელებთან საუბრის უნარი, ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან
• სოციალური და წარმოსახვითი პრობლემები, ახასიათებთ ინტერესების შეზღუდულობა (არანორმალური ინტენსივობა და ყურადღების ფოკუსირება)
• ყოველდღიური მოქმედებების და სიტუაციებისადმი მკაცრი ერთგულება
• დეტალებზე ყურადღების გამახვილება: „გვირაბისებური“ ხედვა. ბავშვი რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ რომელიმე ერთზე
• გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება
• გონებრივი განვითარების ჩამორჩენა
• ქცევის პრობლემები: აკვიატებული, მრავალჯერ განმეორებადი ქცევები და სხეულის მოძრაობები, თვით-საზიანო და აგრესიული ქცევა