პრესკონფერენცია - ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 07.04.2015

2015 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე

 

 7 აპრილი – ჯანმრთელობის მსოფლიო დღე -სურსათის უვნებლობა

   

სლოგანი

უსაფრთხო საკვები - გზაწარმოებიდან თეფშამდე

 

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთრლობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები.

ყოველწლიურად 1948 წლიდან, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს თემას და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, რათა შერჩეული თემა მოექცეს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

2015 წელის  ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა მნიშვნელოვანია პლანეტის ყველა მცხოვრებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობების, კერძო სექტორისა  და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ამ დღის მიზანია, გლობალიზაციის ეპოქაში ხაზი გაუსვას საკვების უვნებლობის მნიშვნელობას, საკვებით უზრუნველყოფის ყველა რგოლზე - წარმოებასა და ტრანსპორტირებიდან - მომზადებასა და მოხმარებამდე. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე „ფერმიდან თეფშამდე“ საკვების მიწოდების პროცესი რადიკალურად შეიცვალა. პლანეტის ერთ ნაწილში მომხდარმა საკვების დაბინძურებამ შესაძლებელია დააზიანოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა მოშორებით, პლანეტის სულ სხვა ნაწილში.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, 2015 წელს, ცდილობს ქვეყანათა მთავრობების,  მწარმოებლების, საცალო მოვაჭრეებისა თუ საზოგადოების ყურადღება მიაპყროს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობისკენ, რადგან სურსათის უვნებლობა  მოსახლეობის ჯანმრთელობის  წინაპირობაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება, ხელს უწყობს და მოუწოდებს ქვეყნებს თავიდან აიცილონ და გამოავლინონ საკვებისმიერი დაავადებები, დროული რეაგირება მოახდინონ პრევენციისათვის „კოდექს ალიმენტარიუსი“-ს სტანდარტების შესაბამისად.

სურსათის უვნებლობა მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებს, რომელიც მომხმარებლებს კვებითი მოშხამვისა და საკვებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული დაავადებების რისკებისაგან იცავს. არაჯანსაღმა საკვებმა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეული და ვირუსული დაავადებები, რეპროდუქციული და ზრდა-განვითარების პრობლემები, სიმსივნეები.

სურსათის უვნებლობის სფეროში მუდმივად ჩნდება ახალი საფრთხეები. სურსათის წარმოების, განაწილების და მოხმარების დარგში მიმდინარე ცვლილებები (მაგ.: ინტენსიური აგრო-წარმოება, სურსათით ვაჭრობის გლობალიზაცია, მზა საკვებისა და სწრაფი კვების ინდუსტრია), ეკოლოგიური ცვლილებები, ახლად გამოვლენილი ბაქტერიები და ტოქსინები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა - ეს ყველაფერი სურსათით დასნებოვნების რისკს შემცველია. მოგზაურობისა და ვაჭრობის განუხრელი მატება აღნიშნულ რისკს კიდევ უფრო ზრდის. 

ყოველწლიურად  2 მილიონზე  მეტი ადამიანი იღუპება დასენიანებული საკვებისა  და  წყლით გამოწვეული დაავადებებით. მათ შორის ბევრი ბავშვია.

ევროკავშირის ქვეყნებში, 2013 წელს საკვებისმიერი ინფექცია 310 000 ადამიანის დაავადებისა და 322-ის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ყოველწლიურად, სალმონელოზით 85000 ადამიანი ავადდება. ეს ეკონომიკისთვის 3 მილიარდი ევროს დანაკარგია.

საკვებისმიერი დაავადებები ძირითადად გამოწვეულია საკვებში ან წყალში მოხვედრილი ბაქტერიების, ვირუსების, პარაზიტებისა და ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრით. ასევე, არასათანადოდ დამუშავებული ცხოველური პროდუქტების, ან გაურეცხავი ხილის და ბოსტნეულის მიღებისას, რომელიც დაბინძურებულია ფეკალიებით. აგრეთვე, ბიოტოქსინებით დაბინძურებული ზღვის პროდუქტების მიღებისას.  საკვებში არსებულმა პათოგენებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, მენინგიტი, კიბო. პროდუქტის ქიმიურმა დაბინძურებამ კი როგორც მწვავე მოწამვლა, ასევე ქრონიკული მიმდინარეობის დაავადება (კიბო). საკვებისმიერი დაავადება შესაძლებელია გახდეს   ხანგრძლივი შრომისუნარიანობის ან სიკვდილის მიზეზი.

საკვებისმიერი დაავადებები და მათი გამომწვევი მიზეზები

საკვებისმიერი დაავადებები როგორც წესი, ინფექციური ან ტოქსიური ხასიათისაა, გამოწვეულია ორგანიზმში წყლითა და საკვები ნივთიერებებით მოხვედრილი ბაქტერიებით, პარაზიტებით ან ქიმიური აგენტებით.

ქიმიური დაბინძურება შესაძლოა, როგორც მწვავე მოწამვლის, ასევე ქრონიკული დაავადების, მაგალითად, კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს. კვებითი ინტოქსიკაცია ხანგრძლივ შრომისუუნარობასა და ზოგჯერ სიკვდილს იწვევს. ამ მხრივ საფრთხის შემცველ პროდუქტებს მიეკუთვნება ცხოველური წარმოშობის უმი პროდუქტები, დაბინძურებული ფეკალური მასებით ხილი და ბოსტნეული და ბიოტოქსინების შემცველი ზღვის უმი პროდუქტები.

ისეთი ანტიმიკრობული საშუალებები, როგორიცაა ანტიბიოტიკები, აუცილებელია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. თუმცაღა, ვეტერინარიაში და ადამიანთა მკურნალობისას მათი ჭარბად  და არასწორად გამოყენება რეზისტენტული ბაქტერიების და მათ მიერ გამოწვეული საფრთხეების გავრცელებას უკავშირდება, რაც ადამიანებში და ცხოველებში ინფექციების მკურნალობას არაეფექტურს ხდის. ანტიმიკრობული რეზისტენტობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა.

საკვებისმიერი დაავადების ძირითადი გამომწვევები არიან: ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, პრიონები, ქიმიური ნივთიერებები.

საკვებისმიერი დაავადების სიმპტომები და მკურნალობა

დაავადებების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დასენიანებული საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე კვირის შემდეგ.

სიმპტომებია: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სპაზმი ეპიგასტრიუმის არეში. ადამიანების უმრავლესობა უკეთ ხდება ექიმთან მისვლის გარეშე. მიმართავენ თვითმკურნალობას,  ისვენებენ და ღებულობენ დიდი რაოდენობით სითხეს.

მძიმე სიმპტომების (ტემპერატურა >38°C, დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა) შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.  დაავადებისაგან განსაკუთრებით ზარალდებიან მოხუცები, ბავშვები და ჩვილები, ორსული ქალები და ადამიანები დაქვეითებული იმუნური სტატუსით.

ბაქტერიების მდგრადი ფორმების განვითარება და სურსათის უვნებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პრობლემაა. უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საკვებით მნიშვნელოვნად ავირიდებთ თავიდან საკვებისმიერი დაავადებებს.

მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვისთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის, რადგან  საწარმოდან საკვები პროდუქტი რამდენიმე ქვეყნის საზღვარს გადის იმ ადგილამდე სადაც ის მოიხმარება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ მუშაობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოს სურსათის უვნებლობა კვებითი ჯაჭვის ყველა ეტაპზე - მწარმოებლიდან მომხმარებლამდე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეების გლობალურ პრევენციას, დროულ გამოვლენას და რეაგირებას.

თქვენც შემოგვიერთდით, მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და გამოვიყენოთ უვნებელი სურსათისათვის შემდეგი ხუთი გასაღები: 

გასაღები 1: შეინარჩუნე სუსუფთავე

   გასაღები 2: განაცალკევე უმი და მომზადებული საკვები

       გასაღები 3: მოამზადე საკვები სათანადოდ

            გასაღები 4: შეინახე საკვები საჭირო ტემპერატურაზე

                გასაღები 5: გამოიყენე უსაფრთხო წყალი და უვნებელი              ახალი პროდუქტი

 

იხილეთ ფოტოალბომი