ევროპის იმუნიზაციის კვირეული - პრესკონფერენცია 20.04.2015

201წლის 20 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად  გაიმართა პრესკონფერენცია სლოგანით

აცერი და დაიცავი

შეხვედრას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქ. თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამერიკის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები.

მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2015 წლის 20 -25 აპრილის  პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება - იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდით და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით.

იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს გარდაიცვალა 5 წლამდე ასაკის 6,3 მლნ ბავშვი, დაახლოებით 17 000 - ყოველ დღე. ამასთან, შემთხვევათა ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდებით.

http://www.who.int/gho/child_health/mortality/mortality_under_five_text/en/

2013 წელს საქართველოში  დაიწყო წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რომელმაც ეპიდაფეთქების სახე მიიღო და დღემდე გრძელდება. მიმდინარე პერიოდისათვის სტატისტიკური  მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა,  აქედან 4 დასრულდა ლეტალურად.  მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალია მოსახლეობის ინტერესი წითელას საწინაღმდეგო აცრების მიმართ. კერძოდ, ქ თბილისში დამატებითი აცრების კამპანიის ფარგლებში აიცრა  მხოლოდ კონტინგენტის  8,6%;

2000-2013 წლების პერიოდში  მსოფლიოში  ვაქცინაციის შედეგად წითელათი გარდაცვალების შემთხვევები  შემცირდა 75 %-ით,  544 200-დან 145 700-მდე. (http://www.who.int/wer/2014/wer8946.pdf?ua=1)

კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის,  პოლიტიკოსებისათვის,  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის  ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა. კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით.

გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

 თქვენც შემოგვიერთდით

აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!

დაგეგმილი ღონისძიებები

ბროშურა 1

ბროშურა 2

ბლოგი

კონკურსი მედიისათვის (20-25 აპრილი), თემა -აცერი და დაიცავი!

 

იხილეთ ფოტოალბომი