ევროპის იმუნიზაციის კვირეული 20-25.04.2015

აცრები იცავს ბავშვს სახიფათო დაავადებებისგან

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტია; იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას წარმოადგენს;
ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლისთვის ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის 2/3-ით შემცირებას, აუცილებელია მოსახლეობაში მაღალი იმუნური სტატუსის მიღწევა და შენარჩუნება. ეს გულისხმობს აცრებით მოცვის სათანადო მაჩვენებლით უზრუნველყოფას მართვადი ინფექციების მიმართ.
გლობალური მიზნები ვაქცინებით მართვად დაავადებებთან მიმართებაში:
- იმუნიზაციის სისტემების გაძლიერება, მათ შორის ახალი ვაქცინების და ტექნოლოგიების დანერგვა;
- წითელას და წითურას აღმოფხვრა;
- პოლიომიელიტისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება;
- აცრებით მოცვის მაჩვენებლების გაუმჯობესება;
- წითელა-წითურა-ყბაყურა ვაქცინის პირველი და მეორე დოზით მოცვის 95% მაჩვენებლის მიღწევა;
- პოლიომიელიტის ვაქცინის მესამე დოზით მოცვის 95% მაჩვენებლის მიღწევა;
- დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინებით ასაკის შესაბამისად მოცვის 95% მაჩვენებლის მიღწევა.
ვაქცინაციის ისტორია
 ვაქცინაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.
ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები მიაღწეულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე დაავადებათა გამომწვევები იქნებოდა აღმოჩენილი. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის, 1796 წელს შექმნილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა და დიდი ფრანგი მეცნიერის, ლუი პასტერის მიერ 1885 წელს შექმნილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ჯენერისა და პასტერის მიგნებები შემთხვევით ხასიათს ატარებდნენ და მეცნიერებს კიდევ დიდი დრო და შრომა დასჭირდათ ყველაფრის გასაგებად და გამომწვევებთან გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ომის გამოსაცხადებლად.
 ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზეეფექტური, სანდო და უძველესი საშუალებაა.
ვაქცინოლოგია, როგორც მეცნიერება, უკვე ცნობილია 200 წელი და აქამდე ერთგულად ემსახურება კაცობრიობას. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფითა და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები - შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი - ეს არის არასრული სია დაავადებებისა, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.
ზოგადი ინფორმაცია მართვადი ინფექციების შესახებ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს გარდაიცვალა 5 წლამდე ასაკის 6,3 მლნ ბავშვი, დაახლოებით 17 000 - ყოველ დღე. ამასთან, შემთხვევათა ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდებით. http://www.who.int/gho/child_health/mortality/mortality_under_five_text/en/
იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო ინტერვენციას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა ლეტალობის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა, 750 000 ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა მძიმე დარღვევებსაგან.
2000-2013 წლების პერიოდში ვაქცინაციის შედეგად წითელათი გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა 75 %-ით, 544 200-დან 145 700-მდე. (http://www.who.int/wer/2014/wer8946.pdf?ua=1)
1995 წელს მსოფიოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის ნახევარმა მიიღო პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში (რეკორდული რაოდენობა 300 მილიონი).
აცრების საშუალებით მოხდა ველური პოლიოვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევების აღმოფხვრა საქართველოში. ქვეყანაში ველური პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეული ბოლო ადგილობრივი შემთხვევა აღრიცხული იქნა 1992 წელს, ხოლო შემოტანილი შემთხვევა - 2001 წლის ბოლოს. 2002 წელს ევროპის რეგიონი და მათ შორის საქართველო სერთიფიცირებული იქნა როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალი ტერიტორია. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ევროპის ტერიტორიაზე სხვა რეგიონებიდან ვირუსის შემოტანის რეალური რისკი და ამის თვალსაჩინო მაგალითია 2010 წლის ველური პოლიომელიტის ეპიდაფეთქება ტაჯიკეთში, რომელმაც 500-მდე ინვალიდობის და 29 გარდაცვალების შემთხვევა გამოიწვია.
რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები
 დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი.
ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე.
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის , როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციების და ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
აღნიშნული დაავადებების იმუნოპროფილაქტიკა ხორციელდება 9 ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB ( დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR (წითურა, წითელა, ყბაყურა), PCV (პნევმოკოკური ინფექცია) და Rota (როტავირუსული ინფექცია);
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით საქართველოში:
BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;
Hep B (მონო) - დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;
DPT-HIb-HepB - 2, 3, 4 თვის ასაკში;
OPV - 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;
ROTA - 2, 3 თვის ასაკში;
PCV - 2, 3, 12 თვის ასაკში;
MMR - 12 თვის და 5 წლის ასაკში;
DT – 5 წლის ასაკში;
Td - 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.
იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს:
1 წლამდე ასაკში ჩატარებული აქვს 12 აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ (მონო), 3 (დყტ+ჰეპ ბ+ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის და 2 პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა;
1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 4 აცრა: წწყ, პკვ, დყტ და ოპვ ;
5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ;
14 წლის ასაკში 1 აცრა – ტდ.
იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი –სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან, რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.
ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.
დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია, ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
ქვეყანა განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში. 2014 წელს დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც იცავს ბავშვს პნევმოკოკით გამოწვეული ისეთი სერიოზული დაავადებებისაგან, როგორიცაა პნევმონია, მენინგიტი, ბაქტერიემია, სეფსისი, შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი და სხვა.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 2000 წელს მსოფლიოში მძიმე პნევმოკოკური დაავადების დაახლოებით 14.5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. 2008 წელს, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების 8.8 მილიონი შემთხვევიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით 541,000 შემთხვევა გამოწვეული იყო სწორედ პნევმოკოკური ინფექციით. (http://www.who.int/nuvi/pneumococcus/resources/en/index.html)
იმუნიზაციის უსაფრთხოება
თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების იშვიათი რისკი.
იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევასთან შედარებით. აქედან გამომდინარე ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდაოა. ხოლო ასაკობრივად დროულად ჩატარებული ვაქცინაცია ამცირებს აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების ალბათობას.
აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს. აცრის შემდეგ სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერტიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით.
პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში;
ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ვაქცინაციის პროცესის ჩატარებისას სათანადო წესების დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ვაქცინის მოწოდების ყველა ეტაპზე მწარმოებლიდან - ვაქცინის მიმღებ ბენეფიციარამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ უსაფრთხოებას.
ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ შესახებ
საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია და მისი ძირითადი სტრატეგიებია:
- წითელა/წითურას შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;
- აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულთათვის იმუნიზაციის შესაძლებლობის მიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;
- ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის და დადასტურების მიზნით;
ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ საქართველოში აცრებით მოცვის მაჩვენებელი ზოგიერთი ძირითადი ანტიგენის მიმართ არც თუ ისე მაღალია, რაც თავის მხრივ, ზრდის ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს. ყოველწლიურად საქართველოში წითელას მიმართ არავაქცინირებული რჩება 1 - 2 წლის 5000-მდე ბავშვი ხოლო არასრულად ვაქცინირებული 5 - 6 წლის 4000 ბავშვი. რაც თავის მხრივ, მოსახლეობის ფართო ასაკობრივ ჯგუფში დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება.
2013 წელს საქართველოში დაიწყო წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რომელმაც ეპიდაფეთქების სახე მიიღო დადღემდე გრძელდება. მიმდინარე პერიოდისათვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობამ 11 ათასს გადაჭარბა, აქედან 4 დასრულდა ლეტალურად. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალია მოსახლეობის ინტერესი წითელას საწინაღმდეგო აცრების მიმართ. კერძოდ, ქ თბილისში დამატებითი აცრების კამპანიის ფარგლებში აიცრა მხოლოდ კონტინგენტის 8,6%; საქართველოს მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, უკვე მეორე წელია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით კერძოდ, 30 წლამდე ასაკის აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებული პირების, სამედიცინო პერსონალის და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ერთჯერადი ვაქცინაცია უფასოა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!