ინფორმაცია პნევმოკოკური ინფექციის შესახებ

პნევმოკოური ინფექციების გამომწვევია ბაქტერია Streptococcus pneumonia, რომელსაც ასევე უწოდებენ პნევმოკოკს.

პნევმოკოკური დაავადების ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლინება პნევმოკოკური პნევმონიაა. ფილტვების ანთების გარდა პნევმოკოკი ასევე ხშირად იწვევს მენინგიტს, ბაქტერიემიას, სეპტიცემიას, შუა ყურის ინფექციას, სინუსიტებს და ბრონქიტს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა პნევმოკოკური ბაქტერიემიით მოზრდილი ადამიანების გარდაცვალების 2 შემთხვევა.

დროის ნებისმიერ პერიოდში ჯანმრთელი ადამიანების 70%-ის ცხვირსა და ხახაში ბინადრობს პნევმოკოკი, რომელიც გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტისას წვეთოვანი გზით. მიუხედავად სასუნთქ გზებში ბაქტერიის მოხვედრისა, აუცილებელი არ არის ადამიანი დაავადდეს.

ზოგიერთი ადამიანი ხდება პნევმოკოკის მტარებელი, იშვიათად პაციენტებში ხდება ჯერ კოლონიზაცია, ხოლო შემდეგ დაავადების გამოვლენა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს რისკ-ფაქტორებით გაპირობებული იმუნური სისტემის დასუსტება.

ჯანმრთელი მტარებლობის ხანგრძლივობა ბავშვებში 3-4 კვირაა, მოზრდილებში 2 კვირამდე.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-დან 5 დღემდე.

პნევმოკოკური დაავადების განვითარების და ლეტალური გამოსავლის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ასაკის, განსაკუთრებით კი ორ წლამდე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები.

სხვა რისკის ჯგუფებს შეადგენს:

1. ბავშვები და მოზრდილები, რომელთაც აქვთ:
გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ღვიძლის ციროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰოჯკინის (ლიმფოგრანულომატოზი) დაავადება, სპლენექტომია, ნამგლისებული ანემია, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები;
2. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები;
3. აივ-ინფიცირებულები;
4. ალკოჰოლდამოკიდებული პირები;
5. მწეველები;
6. 65 წელზე უფროსი ასაკის პირები.

პნევმოკოკური დაავადების სპეციფიკური პრევენცია ხდება ვაქცინაციით, რომელიც საქართველოს ეროვნულ კალენდარში დაინერგა 2014 წლიდან, 10 ვალენტიანი კონიუგირებული ვაქცინის (PCV10) სახით 2, 3 და 12 თვის ასაკის ბავშვთათვის. აღნიშნულ ვაქცინაში შედის პნევმოკოკის არსებული 90 სეროტიპიდან ყველაზე გავრცელებული და აგრესიული 10 ტიპი (1, 4, 5, 6B, 7F , 9V, 14, 18C, 19F, 23F). ვაქცინა არ იცავს სხვა სეროტიპებისგან გამოწვეული პნევმოკოური დაავადებისგან.

აცრების ჩატარება რისკ ჯგუფებისა და 2 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში რეკომენდებულია:

• კონიუგირებული 13-ვალენტიანი ვაქცინით (PCV13, 13 სეროტიპის საწინააღმდეგო) - 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის და უფროსი ასაკის და 6 წელზე უფროსი ასაკის რისკ-ჯგუფების პირები;
• პოლისაქარიდული ვაქცინით (PPSV, 23 სეროტიპის საწინააღმდეგო) - 65 წელზე უფროსი ასაკის და 2-64 წლის ასაკის რისკ-ჯგუფების პირები;

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოდის 2 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაცრელი პნევმოკოკის საწიანაღმდეგო ვაქცინა. სხვა კატეგორიის მოსახლეობისათვის ასაცრელი ვაქცინა შემოაქვს კომერციულ სექტორს.

პნევმოკოკური დაავადების და გარდაცვალების რისკი შესაძლოა შევამციროთ:

– ხელების ხშირი დაბანით;
– მხოლოდ ძუძუთი კვებით პირველი 6 თვის განმავლობაში;
– სახლის პირობებში ჰაერის დაბინძურების შემცირებით;
– სიმპტომების შესაბამისი მკურნალობით;
– საუკეთესო პრევენცია ვაქცინაციაა;

http://www.cdc.gov/vaccines/vpd-vac/pneumo/vacc-in-short.htm