საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეული, 4-10 მაისი, 2015

2015 წელს  საგზაო  უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეულის სლოგანია

„დაიცავი ბავშვების სიცოცხლე“

საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეული, რომელიც ინიცირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ,  2015 წლის 4-10 მაისს აღინიშნება. კვირეულის თემაა „ბავშვები და საგზაო უსაფრთხოება“ და მასში როგორც ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ისე ყველა ჩვანგანის ჩართულობაა რეკომენდებული.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,24 მილიონი ადამიანი იღუპება; ტვირთის დიდი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

ყოველწლიურად მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 186300 ბავშვი იღუპება ე.ი. დღეში 500 ბავშვზე მეტი.

ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების  შესახებ   წარდგენილი  ანგარიშის მიხედვით 2012 წელს   5339 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაშავდა 6638 და გარდაიცვალა 605 ადამიანი - აქედან 18 ბავშვი; 2013 წელს კი აღირიცხა 5510 საგზაო შემთხვევა,  7734 დაშავებული და 514 გარდაიცვლილი - აქედან 22 ბავშვი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გზებზე ბავშვების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეულის ფარგლებში, ცდილობს მოახდინოს საკითხის პოპულარიზაცია, გამოკვეთოს პრობლემები და შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა. ზემოაღნიშნული კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებასთნ ერთად გავრცელდება  ბავშვთა დეკლარაცია   საგზაო უსაფრთხოების შესახებ.

ერთად გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას, დავიცვათ მათი უფლებები და გადავარჩინოთ ათასობით ბავშვის სიცოცხლე!

http://www.who.int/roadsafety/week/2015/UNRSW_2015_background/en/

www.SaveKidsLives2015.org

 

2015 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერები მთავრობათა საყოველთაო შეკრებაზე გამოაცხადებს ახალ გლობალურ მიზნებს მომავალი განვითარებისათვის. მომავალში მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო განვითარების სამუშაოთა პროგრამას საფუძველად დაედება 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც ამჟამად არსებულ „ათასწლეულის განვითარების მიზნებს“ ჩაანაცვლებენ.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არ იყო შეტანილი „ათასწლეულის განვითარების მიზნებში“ და ამიტომ საგზაო ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის შემცირების ღონისძიებები პრიორიტეტს არ წარმოადგენდა  გლობალურ დონეზე. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როცა მსოფლიოში 15-29 წლის ახალგაზრდების სიკვდილის მთავარი მიზეზი საგზაო ტრავმატიზმია. საგზაო ტრავმატიზმით გამოწვეულ სიკვდილიანობას ზრდის ტენდენცია გააჩნია და მისი ტვირთი მალარიისა და ტუბერკულოზის ავადობის ტვირთს უტოლდება. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარებაა განვითარებად ქვეყნებში - ყოველწლიურად საგზაო ტრავმატიზმით გარდაცვალების 1,3 მილიონი შემთხვევიდან, 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

გაერთიანებულმა ერებმა აღიარა, რომ საგზაო ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განვითარების უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. „მდგრადი განვითარების ახალი მიზნების“ პირველად გეგმაში მთავრობებმა სამიზნედ საგზაო ტრავმატიზმით გარდაცვალების 50%-ით შემცირება დაისახეს. კამპანია - „გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე“  - მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ამ მიზანს. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ თუ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არ იქნება ჩართული მდგრადი განვითარების  მიზნებში, მაშინ არ იქნება სათანადო თანადგომა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრიორიტეტად აღიარებისათვის, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში. შედეგები იქნება კატასტროფული - მილიონობით სიცოცხლე, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების მოწყვლადი სიცოცხლე, დადგება რისკის ქვეშ.

„გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე“ - მოწოდებაა ლიდერებისათვის, რათა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება პრიორიტეტად მიიჩნიონ. ჩვენ გვჭირდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ყველასათვის. ბავშვთა დეკლარაცია, რომელიც გაჟღერებული იქნება „გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლის“ კამპანიის და გაერთიანებული ერების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მოწოდებაა ისეთი ქმედებისთვის რაც  გზებზე სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფს. ასეთი ზომები საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ხშირად უგულვებელყოფილია. გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის ეს ზომები უნდა გადაიქცეს პრიორიტეტად მათ ყოველდღიურ საქმიანობაში მომავალი განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, არის მოთხოვნა, 2015 წლის შემდგომ გლობალურ მიზნებში ასახვა ჰპოვოს საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 50%-ით შემცირებამ.

2015 წლის შემდგომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს (http://www.fiafoundation.org/our-work/make-roads-safe). 

 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება: დღის წესრიგი ჯანმრთელობის, განათლებისა და სიღარიბის აღმოფხვრისათვის

ყოველწლიურად საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 1,24 მილიონი შემთხვევიდან, უმეტესობა (90%) მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე და იგი 15-29 წლის ახალგაზრდების გარდაცვალების ნომერ პირველ მიზეზს წარმოადგენს. 2010 წელს ჩატარებულმა დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევამ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2013 წლის ანგარიშმა დაადასტურა საგზაო ტრავმატიზმის მხრივ არსებული განსხვავებები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევის პერიოდში საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული გარდაცვალება მკვეთრად გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (66%), ცენტრალურ ამერიკაში (33%) და დასავლეთ აფრიკაში (112%). საგზაო ტრავმატიზმი მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემას. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ბევრ ქვეყანაში ტრავმების უმეტესობა საგზაო ტრავმატიზმზე მოდის, ზოგიერთ ქვეყანაში მისი ხვედრითი წილი 60%-ზე მეტია. საგზაო ტრავმატიზმი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და დანახარჯები არაპროპორციულადაა გადანაწილებული ღარიბ ფენაზე. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საგზაო ტრავმატიზმის ხარჯებმა 2009 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ყოველწლიურად ასი ათასობით სკოლის ასაკის ბავშვი კარგავს შესაძლებლობას მიიღოს განათლება საგზაო ტრავმის გამო, რაც მძიმე დაღს ასვამს მათ განათლებას.

 

ბავშვთა დეკლარაცია საგზაო უსაფრთხოების შესახებ

ათი სტრატეგია ბავშვთა  უსაფრთხო გადაადგილებისათვის