პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

მიმდინარე წლის 29 აპრილს თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-11 კლასის 16 წლის მოსწავლეს დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი. შემთხვევის შესახებ დკსჯეც-ს და ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ეცნობა 1 მაისს. აღნიშნული შემთხვევა გახდა საკმაოდ რეზონანსული, ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საჭიროდ მიიჩნევს, რომ განმარტება გააკეთოს აღნიშნულ საკითხზე.

ზემოხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიურ კვლევაში ჩაერთო დიდუბე-ჩუღურეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური. დაავადებული მოსწავლის ახლო კონტაქტები გამოკვლეულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ფტიზიატრიული სამსახურის მიერ. კვლევა ტარდება მანტუს ტესტისა და რენტგენის საშუალებით და ჩართულები არიან როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. დღეის მდგომარეობით (07.05.2015) ტუბერკულოზი არ დადასტურებულა არცერთ გამოკვლეულში. კონტაქტირებულთა კვლევა გრძელდება.

ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით! ტუბერკულოზის გადაცემის გზის გათვალისწინებით, პრევენციის ერთადერთ საშუალებად ითვლება დახურული სივრცის ხშირი განიავება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ვენტილაციის საშუალებებით. ყველა სხვა მეთოდი, რომელიც მოსახლეობისათვის არის ცნობილი და ზოგიერთი გენეზის ინფექციური დაავადებებისათვის ეფექტურად გამოიყენება (როგორიცაა დეზინფექცია, ზედაპირების ქიმიური საშუალებებით გაწმენდა და სხვ.) ტუბერკულოზთან მიმართებაში აზრს მოკლებულია.

საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ტუბერკულოზის ძირითად ფაქტებზე:

ძირითადი ფაქტები ტუბერკულოზზე
________________________________________

მსოფლიოში 2000 წლიდან 2013 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ 37 მილიონ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე სწორი დიგნოსტიკისა და მკურნალობის დახმარებით და 1990 წლიდან 2013 წლამდე ტუბერკულოზით სიკვდილობა შემცირდა 45%-ით. ტუბერკულოზის გამომწვევს წარმოადგენს ბაქტერია-Mycobacterium tuberculosis, რომელიც ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს. ტუბერკულოზი განკურნებადია (დაავადების დროულად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება!) და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

რაც შეეხება განსხვავებას ინფიცირებასა და დაავადებას შორის, რასაც ხშირად შეცდომაში შეყავს საზოგადოება, გვინდა განვმარტოთ, რომ დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედს ლატენტური (გამოუმჟღავნებელი, ფარული) ტუბერკულოზი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ტუბერკულოზის ბაქტერიით ინფიცირებულ ადამიანს, არა აქვს დაავადების ნიშნები და გარემოში არ ავრცელებს ბაქტერიებს. ადამიანი შეიძლება დარჩეს ლატენტური ტუბერკულოზით ინფიცირებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არ განუვითარდეს ტუბერკულოზური დაავადება. დაავადება მაშინ იჩენს თავს, როცა მიკრობი „იღვიძებს“ და აზიანებს ორგანიზმს. ეს ხდება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტებისას და შედეგად ვითარდება დაავადება - ტუბერკულოზი.

ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი: ხველების, ცემინების, ლაპარაკის, სიცილის, მთქნარების დროს გარემოში გამოყოფს ბაქტერიებს. ინფიცირების რისკი იზრდება გაუნიავებელ ოთახში ტუბერკულოზით დაავადებულთან ხანგრძლივი, მჭიდრო და ხშირი ურთიერთობის დროს. დაავადების რისკი ყველა ასაკობრივ ჯგუფში არსებობს, თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებულია პროდუქტიულ ასაკში (25-55 წელი). ტუბერკულოზის შემთხვევების 20%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებლებზე მოდის.

საქართველოში ბოლო წლებში რეგისტრირდება ტუბერკულოზის 3500-4000 შემთხვევა წელიწადში. ადგილი აქვს შემთხვევათა ნელ, მაგრამ მაინც კლების ტენდენციას.
ტუბერკულოზის ძირითადი სიმპტომებია (არ არის აუცილებელი ყველა სიმპტომი ერთდროულად გამოვლინდეს):

√ ხველა (მ/შ სისხლიანი ნახველით) 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული (ფილტვის ტუბერკულოზის დროს);
√  სხეულის ტემპერატურის მატება (37-38ºC);
√  ღამის ოფლიანობა;
√  წონის კლება;
√  უმადობა;
√  სისუსტე;
√  ტკივილი მკერდის არეში.

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების გამოკვლევას ლაბორატორიული და სხვა კლინიკურ-სადიაგნოსტიკო საშუალებებით. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში პაციენტი ერთვება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის პროცესში.

ტუბერკულოზზე კვლევა და შემდგომი მკურნალობა პაციენტისათვის უფასოა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური ვალდებულია, გამოიკვლიოს ტუბერკულოზის მქონე პაციენტების ახლო კონტაქტები იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ფილტვის ტუბერკულოზის გადამდები ფორმით არის დაავადებული. კონტაქტირებულებად ითვლება როგორც ოჯახის წევრები, ასევე სხვა მჭიდრო კონტაქტები, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ ერთ სივრცეში მომუშავე თანამშრომლები, სკოლის შემთხვევაში - თანაკლასელები და ის პედაგოგები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ტუბერკულოზის შემთხვევასთან. კონტაქტირებულთა კვლევის მთავარი მიზანია, დაავადების ადრეული გამოვლენა აღნიშნულ რისკის ჯგუფში.

საყურადღებოა, რომ პაციენტები, რომლებიც იწყებენ ტუბ.საწინააღმდეგო მკურნალობას, 2 კვირის შემდეგ აღარ ქმნიან საშიშროებას გადამდებლებობის თვალსაზრისით გარშემომყოფებისათვის.