პრესკონფერენცია - ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე 19.05.2015

2015 წლის 19 მაისს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე

 ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე

პრესკონფერენციას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობა, არაგადამდებ დაავადებათა მართვაში ჩართული ექსპერტები და ექიმი კარდიოლოგები.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ არის ინიცირებული. 2015 წელს ეს დღე მიმნდინარეობს სლოგანით იცოდე შენი წნევის შესახებ, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის წნევის გაზომვის აუცილებლობას და ხაზს უსვამს დაავადების ადრეული გამოვლენის აუცილებლობას, სამიზნე ორგანოების დაზიანების თავიდან აცილებას. ეს მიღწევადია მხოლოდ აქტიური სკრინინგული პროგრამებით.

ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობას, რომლის დროსაც სისხლის წნევის ციფრები მატულობს. ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის დაავადება და სხვა გართულებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევის შედეგებით ჰიპერტენზია სიკვდილობისა და შრომისუუნარობის ძირითად რისკის ფაქტორს წარმოადგენს. მომატებული არტერიული წნევა მსოფლიოში 9.4 მლნ სიკვდილის შემთხვევის და 162 მლნ ე.წ. დაკარგული სიცოცხლის წლების მიზეზია. ჰიპერტენზია ორსულობისას ნაყოფისა და დედის სიკვდილის, ასევე დემენციის და თირკმლის უკმარისობის განვითარების წამყვანი რისკია. მომატებული არტერიული წნევით გამოწვეული სიკვდილობისა და დაკარგული სიცოცხლის წლების 50% უკავშირდება გულის კორონარულ დაავადებას, თავის ტვინის ინსულტსა და გულის უკმარისობას.

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს ჰიპერტენზია აქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო იმყოფება იმ 5 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობაშიც აღინიშნება არტერიული წნევის ყველაზე მაღალი ციფრები. ჰიპერტენზიას წამყვანი ადგილი უჭირავს სიკვდილიანობის მიზეზებს შორის და მისი წილი ათი ძირითადი რისკ–ფაქტორით გამოწვეული სიკვდილიანობის სტრუქტურაში 48.8%-ს შეადგენს. ჰიპერტენზიის რისკ–ფაქტორებიდან განსაკუთრებით აქტუალურია არაჯანსაღი კვებითი ქცევა, მათ შორის დამოკიდებულება სუფრის მარილის მიმართ, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონა და სიმსუქნე, პერმანენტული ფსიქოემოციური გადაძაბვა და შფოთვის სიმპტომატიკა, თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

ჰიპერტენზიის, როგორც დაავადების მართვის ძირითადი დეფექტი პაციენტების თვითშემოქმედება და ექიმთან პარტნიორული ურთიერთობის დეფიციტია და, აქედან გამომდინარე, მკურნალობის პროცესში ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტის ხშირი ცვლა და წყვეტილობაა.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის მიზანია მოსახლეობის ცოდნის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც რისკ–ფაქტორის, ასევე, დაავადების შესახებ.

2015 წლის ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ერთი კვირის განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ახორციელებენ წნევის გაზომვის აქციებს სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ცენტრის თანამშრომლების და დამსწრე საზოგადოების წნევის გაზომვის აქცია.

თქვენც გაიზომეთ წნევა

იცოდე შენი წნევის შესახებ

 

ჰიპერტენზია პრევენტაბელური - თავიდან აცილებადი დაავადებაა

შესაძლებელია იცხოვრო ჰიპერტენზიით გართულებების გარეშე

 

იხილეთ ფოტოალბომი