ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში პაციენტებისთვის წნევის მასობრივი გაზომვისა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შეფასების სახელმძღვანელო

მოცემული გზამკვლევის მიზანია ჰიპერტენზიის ეროვნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი წნევის მასობრივი გაზომვის კამპანიის დროს სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტირება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. პროცედურის დაწყებამდე დაადგინეთ, შეესაბამება თუ არა პაციენტის მდგომარეობა წნევის გაზომვის კრიტერიუმებს. კერძოდ, არტერიული წნევა იზომება საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. პაციენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული ჰიპოტენზიური, ან არტერიული წნევის მატების განმაპირობებელი მედიკამენტი. გაზომვამდე, ბოლო 30 წთ-ის განმავლობაში, ადგილი არ უნდა ჰქონდეს ფიზიკურ დატვირთვას, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, კოფეინი, ნიკოტინი. გაზომვისას არ უნდა აღინიშნებოდეს მწვავე ტკივილი, შარდის ბუშტი არ უნდა იყოს გადავსებული, წნევის გაზომვის პროცესში პაციენტი არ უნდა საუბრობდეს. თუ პაციენტი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, სთხოვეთ მას შემოიაროს გარკვეული პერიოდის შემდეგ.

გარემო

შეუქმენით პაციენტს მშვიდი და კომფორტული გარემო. ოთახში, სადაც იზომება არტერიული წნევა, არ უნდა ციოდეს, არ უნდა იყოს ხმაური. შესთავაზეთ პაციენტს დაჯდომა. წნევის გაზომვამდე სულ მცირე 5 წუთის განმავლობაში პაციენტი უნდა იჯდეს ზურგიან სკამზე მოსვენებულ მდგომარეობაში. ამ პერიოდში აუხსენით მას პროცედურის მნიშვნელობა, უთხარით, რომ წნევის ციფრების ცოდნა აუცილებელია, რათა ადრეულად მოხდეს მომატებული წნევის გამოვლენა და შესაბამისი ჩარევა.

მიაწოდეთ პაციენტს ინფორმაცია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკ-ფაქტორების შესახებ და განუმარტეთ მას, რომ მოცემული გასინჯვის მიზნია არა მარტო წნევის გაზომვა, არამედ გსდ სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის შეფასებაც, რისთვისაც დაუსვამთ რამდენიმე შეკითხვას.

შეავსეთ სკრინინგის სპეციალური ფორმა, რომელიც თქვენ გადმოგეცათ. შევსებისას არ გამოამჟღავნოთ ზედმეტი ემოცია, არ გადახვიდეთ შეფასების ნაწილზე და ემოციურად არ დაძაბოთ პაციენტი.

  • გამოთვალეთ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი (სმი) - სხეულის მასა კგ-ებში გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე მეტრებში (კგ/მ2)  
  • აღნიშნეთ პაციენტის მწეველობის სტატუსი - ყოფილ მწეველად ითვლება პირი, რომელსაც თამბაქო არ მოუწევია სულ მცირე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
  • კვებითი ჩვევების შეფასებისას აღნიშნეთ პაციენტის მიერ დღეში მიღებული ხილისა და ბოსტნეულის ულუფების რაოდენობა: მაგ.: ხილისთვის სტანდარტულ ულუფას წარმოადგენს ერთი საშუალო  ზომის ვაშლი, ერთი საშუალო ზომის ფორთოხალი, ერთი საშუალო ზომის ნაჭერი საზამთრო, ერთი ჭიქა ალუბალი, ერთი მეოთხედი ჭიქა თხილი და ა.შ., ბოსტნეულისთვის -1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ახალი ბოსტნეული, ან საშუალო ზომის 1 მთლიანი ბოსტნეული (მაგ.:კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი და ა.შ.)
  • მარილის მოხმარების შესაფასებლად ჰკითხეთ, ამატებს თუ არა კერძს მარილს გასინჯვამდე
  • ფიზიკური აქტივობის შეფასებისას აღნიშნეთ შესაბამის გრაფაში: მსუბუქი, ზომიერი თუ ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, კერძოდ ზომიერ ფიზიკურ აქტიურობად ითვლება მაგალითად, ფეხით სწრაფი სიარული (4 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით, მაგრამ არა სირბილი), წყლის აერობიკა, ველოსიპედით ნელი სიარული 8კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით, ჩოგბურთის თამაში წყვილში, სამეჯლისო ცეკვა, ბაღში საქმიანობა, რაც არ იწვევს გულისცემის ძლიერ გახშირებას და ძლიერ ოფლიანობას. ინტენსიურ ფიზიკურ აქტიურობად ითვლება, მაგალითად სირბილი, სწრაფი სპორტული ცურვა, ჩოგბურთის თამაში წყვილის გარეშე, აერობიკა ცეკვით, ველოსიპედით სწრაფი სიარული 8კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ბაღში ინტენსიური საქმიანობა (ინტენსიური ბარვა ან თიბვა), რაც იწვევს გულისცემის ძლიერ გახშირებას და ძლიერ ოფლიანობას. ფიზიკური აქტიურობა, რომელიც საერთოდ არ იწვევს გულსცემის აჩქარებს და ოფლის გამოყოფას, ითვლება მსუბუქი ინტენსივობის აქტივობად.
  • ალკოჰოლის სტანდარტულ ერთ სასმისად ითვლება 1 ჭიქა (300 გ ღვინო), 1 სირჩა (50გ) არაყი ან 1 კათხა (500 გ) ლუდი

 

 ფორმის შევსების შემდეგ გადადით უშუალოდ წნევის გაზომვის პროცედურაზე.

 

ინვენტარი

არტერიული წნევის გაზომვა უნდა მოხდეს სტანდარტიზებული ინვენტარის  გამოყენებით. ყველა სახის მანომეტრი, რომელსაც გამოვიყენებთ წნევის გასაზომად (ვერცხლისწყლიანი, ანეროიდი, ელექტრონული) უნდა იყოს შემოწმებული და სტანდარტიზებული. უმჯობესია ისეთი ვერცხლისწყლიანი მანომეტრის და ანეროიდის გამოყენება, რომელსაც აქვს 2 და 10 მმ-იანი დანაყოფები.

პაციენტი

გაზომვისას პაციენტი მოხერხებულად უნდა იჯდეს ზურგიან სკამზე, ფეხი ფეხზე არ უნდა ჰქონდეს გადადებული, უნდა ეყრდნობოდეს სკამის საზურგეს. უნდა იჯდეს ფეხებჩამოშვებული და მხრის ის ნაწილი, რომელზედაც მანჟეტი ედება, უნდა ჰქონდეს გულის დონეზე. მხარი უნდა იყოს მთლიანად გაშიშვლებული. პაციენტს ხელი უნდა ედოს მაგიდაზე, არ არის საჭირო მეორე ხელის იდაყვის ქვევით ამოდება.

ჰორიზონტალურად, მხარზე დადებული მანჟეტი უნდა იყოს დაახლოებით გულის დონეზე, ხოლო ვერცხლისწყლის სვეტის მენისკი _ ექიმის თვალების დონეზე. მანჟეტის რეზინის ბალიშის შუა ნაწილი თავსდება მხრის არტერიის შესაბამისად, ისე რომ მისი ქვედა კიდე იყოს იდაყვის ფოსოდან 2 სმ-ით ზემოთ. მანჟეტსა და კანის ზედაპირს შორის თავისუფლად უნდა თავსდებოდეს ერთი თითი.

გაზომვის ტექნიკა

არტერიული წნევის გაზომვა უნდა მოხდეს ტექნიკურად გამართული ინსტრუმენტით, სულ ცოტა ორჯერ - 2 წუთიანი ინტერვალებით. თუ სხვაობა 5 მმ.ვწყ.სვ.-ზე მეტია, გაზომვა მესამედაც უნდა ჩატარდეს და უნდა დაფიქსირდეს ყველა გაზომვის მაჩვენებლიდან საშუალო.

გაზომეთ წნევა მარჯვენა ხელზე, ვინაიდან იმ დაავადებების დროს, როდესაც აღინიშნება მნიშვნელოვანი სხვაობა მარჯვენა და მარცხენა ხელს შორის, როგორც წესი, ნაკლები წნევა რეგისტრირდება მარცხენა ხელზე (მაგ. აორტის კოარქტაცია).

თავდაპირველად სწრაფად ჩატუმბეთ მანჟეტში ჰაერი 70 მმ.ვწყ.სვ.-ის დონემდე და შემდეგ თანდათანობით მოუმატეთ ტუმბვას _ სხივის არტერიის პალპაციით გამოვლენილი პულსის გაქრობამდე, რაც შეესაბამება სისტოლურ წნევას. შემდეგ უნდა ჩაიფუშოს მანჟეტი, იდაყვის ფოსოში უნდა მოთავსდეს სტეტოსკოპის ბოლო და მოხდეს მანჟეტში ჰაერის სწრაფი ჩატუმბვა _ სისტოლურ წნევაზე 20-30 მმ.ვწყ.სვ.-ით უფრო მაღალ დონეზე. მანჟეტიდან ჰაერის გამოშვება უნდა მოხდეს ნელა, 2 მმ.ვწყ.სვ.-ის სიჩქარით ერთ წამში. არტერიული წნევა დააფიქსირეთ 2მმ.ვწყ.სვ. ინტერვალებით და გააკეთეთ შესაბამისი ჩანაწერი სკრინინგის ფურცელზე. პაციენტს აცნობეთ მისი წნევა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 10-წლიანი რისკის გამოთვლა ფრემინგემის შკალის საშუალებით

ჰიპერტენზიის დღიურში 30-ე გვერდზე მოცემული ფრემონგემის რისკის შკალის მიხედვით გამოთვალეთ გულ-სისხლძარღვთა გართულების 10-წლიანი რისკი იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა 2 გსდ რისკფაქტორი (ასაკი>45 წელზე და მაღალი არტერიული წნევა, სიმსუქნე ან ჭარბი წონა, მწეველობა, კად-ის ადრეული შემთხვევების ოჯახური ანამნეზი (ფრემინგემის რისკის შკალის საშუალებით რისკის გამოთვლა შეუსაბამოა შაქრიანი დიაბეტის, უკვე დიაგნოსტირებული კად-ის, გულის უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული დაავადების ან ინსულტის შემთხვევაში).

ფრემინგემის რისკის შკალა მოიცავს შეფასებას პაციენტის სქესის, სისტოლური არტერიული წნევის, მწეველობის სტატუსის და საერთო ქოლესტეროლის მნიშვნელობის მიხედვით. იმის გამო, რომ საერთო ქოლესტეროლის დონის განსაზღვრა არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი ქვეყნის მრავალ სამედიცინო დაწესებულებაში, ასეთ შემთხვევაში დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდები დაავადებების ესენციური ჩარევების პაკეტზე დაყრდნობით (იხილე PEN, 2010) შესაძლებელია ეროვნულ დონეზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ქოლესტეროლის საშუალო მაჩვენებლის, როგორც სტანდარტულის, გამოყენება. საქართველოში 2010 წელს ჩატარებული STEPS კვლევის საფუძველზე საერთო ქოლესტეროლის საშუალო მაჩვენებელი 4,5 მმოლ/ლ-ია და იგი მნიშვნელოვნად არ იცვლება სქესის და ასაკის მიხედვით. ამდენად, რისკის დათვლისას საერთო ქოლესტეროლის სავარაუდო მაჩვენებლად გამოიყენეთ 4,5 მმოლ/ლ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მეთოდით დათვლილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 10-წლიანი რისკი ≥10%, აუცილებელია საერთო ქოლესტეროლის დონის განსაზღვრა სტატინებით თერაპიის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

მიღებული მონაცემების დაფიქსირება და პაციენტის ინფორმირება

შეიტანეთ მიღებული მაჩვენებლები სკრინინგის ფურცელში, რომელიც რჩება თქვენთან და პაციენტისთვის განკუთვნილ ფურცელში, რომელსაც გაატანთ პაციენტს.

იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღმოაჩნდება მაღალი არტერიული წნევა, ურჩიეთ მიმართოს ოჯახის ექიმს მართვის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღმოაჩნდება გულ-სისხლძარღვთა გართულებების მომატებული 10-წლიანი რისკი (≥10%), ასევე აუცილებლად ურჩიეთ მიმართვა ოჯახის ექიმთან და აუხსენით, რომ აუცილებელია საერთო ქოლესტეროლის დონის განსაზღვრა სტატინებით თერაპიის განსაზღვრის მიზნით.

უკვე დიაგნოსიტრებული არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში პაციენტს ურჩიეთ რეგულარული მეთვალყურეობა ოჯახის ექიმთან.

დაასრულეთ კონსულტაცია იმით, რომ ყველა პაციენტს მიუხედავად იმისა, აღმოაჩნდება თუ არა მას მომატებული წნევა, გაატანეთ პაციენტისთვის განკუთვნილი ფურცელი, რომელზეც მითითებული იქნება გასინჯვისას მიღებული მონაცემები, მიეცით ბროშურა, რომელიც თქვენ დაგირიგდათ, ხოლო მომატებული არტერიული წნევის დადგენის შემთხვევაში გადაეცით პაციენტის დღიური და ურჩიეთ დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს.