საქართველოში პნევმოკოკური ვაქცინის დანერგვის ხარჯთეფექტურობის კვლევა

გავი ალიანსის (GAVI) მიერ საქართველოსთვის 10 ვალენტიანი პნევმოკოკური ვაქცინის (PCV10) დანერგვისთვის განსაზღვრული დახმარება 2015 წელს იწურება. შედეგად, იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობმა კომისიამ (ICC), დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიიღო ხარჯთეფექტურობის ანალიზის ჩატარების გადაწყვეტილება (2013). კვლევა მიზნად ისახავდა იმუნიზაციის პროგრამული დანახარჯების მოსალოდნელი ზრდის  და ვაქცინის ხარჯთეფექტურობის შეფასებას, ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ხარჯთეფექტურობის კვლევების ჩასატარებლად და  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეკონომიკური შეფასების გამოყენებას.

ადგილობრივ ექსპერტთა დარგთაშორისმა ჯგუფმა ჩაატარა ანალიზი და ერთმანეთს შეადარა 2 სცენარი: პროფილაქტიკური აცრების კალენდარი პნევმოკოკური ვაქცინის გარეშე და მისი დანერგვის შემდეგ. 2014-2023 პერიოდში დაბადებული ბავშვების 10 კოჰორტის შესაფასებლად გამოყენებული იყო პროგრამა TRIVAC. დემოგრაფიის, დაავადებათა ტვირთის, იმუნიზაციით მოცვის, სამედიცინო სერვისებით სარგებლობის და დანახარჯების შესახებ გამოყენებული იყო ადგილობრივი მონაცემები; ვაქცინის დანერგვის ეფექტის შესაფასებლად გამოყენებული იყო კლინიკური კვლევებით და სამეცნიერო ლიტერატურიდან მოძიებული მტკიცებულებები. აცრების კალენდარი განისაზღვრა 3+0 დოზით, ხოლო 1 დოზა ვაქცინის მოსალოდნელი ღირებულება იყო $3.5.  

შეფასების პერიოდში (10 წელი) მანძილზე, პნევმოკოკური ვაქცინით მოსალოდნელია შუა ყურის მწვავე ანთებით გამოწვეული ამბულატორიული ვიზიტის 7170, პნევმონიით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის 5325, პნევმოკოკური მენინგიტით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის 87 შემთხვევის პრევენცია, რაც ნიშნავს საქართველოში წელიწადში დაახლოებით 5 ლეტალური და 700 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევის პრევენციას. 10 წლის განმავლობაში პნევმოკოკური ვაქცინის შესასყიდად სახელმწიფო დახარჯავს დაახლოებით $4.4 მილიონს. თუმცა ამ თანხის ნახევარი კომპენსირდება მკურნალობის ხარჯების დაზოგვით.  კვლევის შედეგად გაუმჯობესდა უწყებათაშოის თანამშრომლობა და ეკონომიკური შეფასების ჩატარების შესაძლებლობები. გამოიკვეთა, რომ საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური ვაქცინის დანერგვა მაღალი ხარჯთეფექტურობის ინტერვენციაა.

 http://ncdc.ge/ka-GE/Publications/Research