1 ივნისი - ბავშვთა საერთაშორისო დღე

1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღე, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წლის ნოემბერში დააწესა და მისი მიზანია მსოფლიოს აზრის მობილიზება, რათა მოხდეს ბავშვების დაცვა ომის საშიშროებისგან, გაძლიერდეს ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.

ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც მომავალ თაობაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარების და პროგრესის განუყოფელი ნაწილია.

2000 წელს მიღებულ იქნა «გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია», რომელიც 2015 წლამდე სიღარიბისა და მისი გამომწვევი მიზეზებისა და გამოვლინებების დაძლევის ფართომასშტაბიან პროგრამას წარმოადგენს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასწლეულის განვითარების მიზნები აქცენტირებულია ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე; განსაზღვრულია 1990 წლიდან 2015 წლამდე 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირება.

ახალშობილთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზანს წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად აუცილებელია კვლევითი, ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზება, ასევე ეფექტური  ინტერვენციების შემუშავება და იმპლემენტაცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 10.6 მილიონი ბავშვი იღუპება.

ბავშვთა სიკვდილიანობის შეფასების გაეროს სააგენტოთაშორისი ჯგუფი (IGME) შეფასებითი გათვლებით, საქართველოში 1990 წელს 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი  47 შეადგენდა. შესაბამისად, 2015 წლისათვის 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის სამიზნე 1000 ცოცხალშობილზე  16.0-ით განისაზღვრა. IGME-ს შეფასებით, 2013 წელს საქართველოში 5  წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1000 ცოცხალშობილზე შეადგინა 13. ამასთან ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკისა და IGME-ს შეფასებითი მაჩვენებელი მაქსიმალურად დაუახლოვდა ერთმანეთს. ოფიციალური სტატისტიკით, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1000 ცოცხალშობილზე იმავე წელს 12.4 შეადგინა. ამრიგად, საქართველოში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კუთხით  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება. ათასწლეულის გავნითარების ერთ-ერთი მიზანი შესრულებულია. ქვეყანამ შეძლო ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება უფრო მეტად, ვიდრე ეს დასახული იყო.

0-1 წლის ჩვილთა და 0-5 წლის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000     ცოცხალშობილზე, საქართველო 2007-2013 წ.წ.

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2013

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ იღუპებიან ბავშვები პრევენტაბელური დაავადებებით. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,  2013 წელს ბავშვთა ავადობის ინციდენტობამ 5 წლამდე ასაკის 100000 ბავშვზე შეადგინა 683.9. დაავადებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სუნთქვის ორგანოების, ინფექციურ და პარაზიტულ ავადმყოფობებს. ასევე მაღალი ინციდენტობით გამოირჩევა ყურის და დვრილისებრი მორჩის, კანის და კანქვეშა უჯრედების, სისხლის და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები.

თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობა ბოლო წლების განმავლობაში იცვლება „ტალღი¬სებურად“. 2010 წლიდან   აღინიშნება თანდაყოლილ ანომალიათა მატება. 2013 წელს თანდაყოლილ ანომალიათა ინციდენტობამ 11,1 შეადგინა. 2011-2013 წლებში თანდაყოლ ანომალიათა გამოვლენა   ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა. თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლიგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის. ამავე დროს   შესაძლებელია ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის პრევენცია განხორციელდეს პერინატალურ პერიოდში. მაგალითად, ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობის 12 კვირის განმავლობაში, ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკს.

ძუძუთი კვება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნებისა და ჯანმრთელი მომავლის აღზრდისათვის. თუკი მსოფლიოში ყველა ახალშობილი ძუძუთი კვებას დაიწყებს სიცოცხლის პირველი საათის განმავლობაში და მომდევნო 6 თვის განმავლობაში გააგრძელებს ძუძუთი ექსკლუზიურ კვებას, მაშინ დაახლოებით 220 000 ახალშობილის გადარჩენა გახდება შესაძლებელი მსოფლიოში.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2013 წლის მონაცემებით, დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილთა რაოდენობა კვლავ მაღალი რჩება და შეადგინა 91.3%, ხოლო ძუძუზე დაბადებიდან პირველი საათის განმავლობაში მიყვანილ ახალშობილთა რაოდენობამ შეადგინა 69.4%, რაც დადებით ტენდენციას წარმოადგენს.

სახელმწიფო ახორციელებს სხვადასხვა სახის ვერტიკალურ პროგრამას, რომლის მიზანია დედათა და ბავშვთა  ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საბოლოო ჯამში დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილის შემთხვევების შემცირება. საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, რომლის ბენეფიციარიც არის საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობა, სხვა სამედიცინო სერვისებთან ერთად ფარავს ასევე მშობიარობისა და საჭიროების შემთხვევაში საკეისრო კვეთის დანახარჯებს.

 

მომავლის ხედვა

ჯანმოს ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით მსოფლიოში ინერგება დედათა და ბავშვთა ჯანრმთელობის სერვისების მიწოდებისადმი ინტეგრირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ხარჯეფექტური მიდგომა. ასეთ მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა საქართველოში, საჭიროა სწორედ ზემოთ აღნიშნული მიდგომების დანერგვა, რაც პერინატალური სამსახურის გაძლიერების საწინდარი გახდება. ორსულობისა და მშობიარობის ინტეგრირებული მართვა ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისებზე და ამცირებს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობას. იგი წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რომლის განხორციელებაშიც საჭიროა ჩაერთოს სამედიცინო პერსონალი, სათემო საზოგადოება და ოჯახის წევრები.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში იწყება „დაბადების რეგისტრის“ დანერგვა. დაბადების რეგისტრი საშუალებას მოგვცემს უზრუნველყოთ სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობა  ანტენატალურ, მშობიარობისა და პოსტნატალურ პერიოდში. ასევე საშუალებას მოგვცემს შეფასდეს დედათა და ბავშვთა ავადობის ტვირთი, დროულად მოხდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ხარჯთეფექტური ინტერვენციების დანერგვა.  დედათა სიკვდილის შემთხვევების შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილის შემთხვევების აქტიურ ეპიდზედამხედველობას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს დედათა სიკვდილიანობის აქტიური ეპიდზედამხედველობა. მონაცემთა შეგროვება ხდება ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ინფორმაციის გენერირება ხდება დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ-ინტეგრირებულ სისტემაში. 2015 წლიდან კი დაიწყება 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის აქტიური ზედამხედველობა.

მნიშვნელოვანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მხრივ სახელმწიფომ მნიშნველოვანი ნაბიჯები გადადგა, კერძოდ, უკვე დაწყებულია რეგიონალიზაციის გეგმის საპილოტე პროგრამის განხორციელება და რეფერალის სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. აღნიშნული პროცესები ასევე გაზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე,  შეამცირებს დედათა და ბავშვთა ავადობას და სიკვდილიანობას.

ყოველწლიურად მიმდინარეობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რისკფაქტორებისა და დეტერმინანტების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. საჭიროა შემუშავებული რეკომენდაციების უფრო აქტიური ადვოკატირება, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა საქართველოში.

საჭიროა აქტიურად მუშაობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. კერძოდ, ოჯახის დაგეგმვის სერვისები უნდა ჩაერთოს ჯანმრთელობის უნივერსალურ პაკეტში და გახდეს საყოველთაო ჯანმრთელობის  დაცვის ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო დედობის ინსტიტუტის გაძლიერებას ქვეყანაში. თავის მხრივ, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ შემცირდეს აბორტების რაოდენობა, გაიზარდოს თანამედროვე კონტრაცეპტივების მოხმარება და თითოეული ბავშვი გახდეს სასურველი.

 

სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები:

2013 წელის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლიც ბენეფიციარებსაც წარმოადგენენ საქართველოს დაზღვევის არმქონე მოქალაქეები. პროგრამა სრულად აფინანსებს 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო საჭირეობებს. პროგრამის ფარგლებშივე ხდება მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ასევე ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის  ისეთ ვერტიკალურ პროგრამებს,  როგორიცაა მაგალითად დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება და ა. შ. აღნიშნული პროგრამები ემსახურება დედათა და ბავშვთა ჯანრმთელობის გაუმჯობესებას.

2011-2013 წლებში თანდაყოლილ ანომალიათა გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა სწორედ ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის გამო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისცი­დო­ზისა და სმენის სკრინინგი ახალშობილებში. თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის.

2014 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომლიც თანახმად  მოხდება ყველა ორსულის უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის პრევენციისთვის. გარდა ამისა, ანტენატალური პროგრამის ფარგლებში რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულები უზრუნველყოფილი იქნებიან  რკინის შემცველი პრეპარატებით.

 

აცრები იცავს ბავშვს სახიფათო დაავადებებისგან!

დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვისუნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი. ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.  რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე. 

სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, B ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის და  ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B საწინააღმდეგო ვაქცინაციას. 2014 წლიდან ტარდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 8  ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( B ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB ( დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენზა ტიპი B, B ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), TD (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);

 

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით საქართველოში:

BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღისგანმავლობაში

Hep B (მონო)  - დაბადებიდან  0-12 საათისგანმავლობაში

DPT-HIb-HepB  - 2.3.4 თვისასაკში

Polio (OPV ) - 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლისასაკში

ROTA  - 2, 3 თვისასაკში

MMR -  12 თვისდა 5 წლისასაკში

DT,Td  – 5 წლის, 14 წლის ასაკში

 

იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმშემთხვევაში,  თუ:

1 წლამდე ასაკში ბავშვს ჩატარებული აქვს 10  აცრა: ბცჟ, ჰეპბ(0), 3 (დყტ+ჰეპბ+ჰიბ), 3 ოპვდა 2 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა 

1 წლიდან  2 წლამდე ასაკში 3 აცრა -  წწყდყტ და ოპვ

5 წლის ასაკში 3 აცრა - დტ, ოპვ და წწყ

14 წლის ასაკში 1 აცრატდ.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია,  ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – ბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან, რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდოალერგია, ქრონიკული დაავადებები და ა..

იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდაოა.

საქართველო განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში. 2013 წელს  დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 2014 წლიდან GAVI-ს  მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერთიფიცირებული ვაქცინები.

პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში;