სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2014 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში 04.06.2015

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ-ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2014 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიშს მოუსმინეს. 

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებას ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ, პრევენციისა და პროფილაქტიკური მედიცინის თვალსაზრისით წამყვანი დაწესებულება გახლავთ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდი ეპიდემიოლოგიური გარემოს შენარჩუნებაზე და დროულ რეაგირებაზე სხვადასხვა ბიოლოგიური თუ სხვა ტიპის საფრთხეებისა“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მომხსენებელმა დეპუტატებს ცენტრის სტრუქტურა, ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა გააცნო და საქმიანობის ძირითად სფეროებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი ლაბორატორიული ზედამხედველობის ქსელზე ისაუბრა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით აშენდა. „ქსელი დღეს 22 ლაბორატორიას მოიცავს, 11 ლაბორატორია - დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ანუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო 11 - სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშაა. ლაბორატორიული ქსელი დღეს მუშაობს ე.წ. ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით, როგორც მოგეხსენებათ, დღეს ახალი მიდგომაა - ერთიანი ჯანმრთელობა. ეს ტერმინი გულისხმობს ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის საერთო მიდგომას. ამ ლაბორატორიული ქსელის ფუნქციონირების კონცეფცია გახლავთ სწორედ ეს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპი, რადგან ძალიან ბევრი დაავადება გადადის ცხოველიდან ადამიანზე“, - განმარტა მომხსენებელმა.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებაც და აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სრული ფუნქციური ინტეგრაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლაბორატორიული შესაძლებლობებით რეგიონში გამორჩეული სტატუსის და შესაძლებლობების მატარებელი ინსტიტუცია გახდა. მომხსენებლის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რვა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, მათ შორის, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ეპიდზედამხედველობა და პროფესიული დაავადებები. მისივე თქმით, ცენტრი ახორციელებს არაინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობასაც.

„ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გახლავთ დაფუძნებული მტკიცებულებებზე, ანუ მეცნიერულ კვლევებზე“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მისივე თქმით, საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია გადამდები ანუ ინფექციური დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება, არაგადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება, გარემოს საზიანო ზემოქმედებისა და ქცევითი რისკ-ფაქტორების შეფასება და კორექცია მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესების მიზნით და ქვეყანაში გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევების პოტენციალის განვითარება.

„2014 წლის გლობალური მიღწევებიდან მინდა დავასახელო ის, რომ 5 ივნისს ხელი მოეწერა ქოლგა-შეთანხმებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის, რომელიც გულისხმობს ხუთწლიან გარდამავალ პერიოდს ლაბორატორიული ეპიდზედამხედველობის სისტემის გადაცემისა საქართველოსთვის. სისტემის დაფინანსებაში ამერიკის წილი მნიშვნელოვანია, თუმცა თანდათან იზრდება საქართველოს წილი და 2018 წლიდან ხარჯებს მთლიანად ჩვენი ქვეყანა აიღებს. ეს დევს ბიუჯეტის ოთხწლიან გათვლაში“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გლობალური ჯანმრთელობის ინიციატივის მომზადებაში. „ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა თებერვალში, ეს გახლავთ გლობალური ინფექციებისგან დაცვის ახალი მსოფლიო ინციატივა - გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა, რომლის ინიციატორი გახლავთ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა,. საქართველო ამ ინიციატივაში თავიდანვე იყო ჩართული, პირველივე სხდომაზე მომხსენებელი იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, გასული წლის თებერვალში, ვაშინგტონში. ინიციატივის მომზადების პროცესში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სერიოზული როლი ითამაშა და დღეს ჩვენ წარმოვადგენთ სამდივნოს საქართველოს მხრიდან ამ გლობალური ინიციატივის განხორციელებისა ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველო რეალურ დროში ბიოზედამხედველობის სისტემის ლიდერადაა დასახელებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მთავარ პრიორიტეტად, იმუნიზაციის მეშვეობით, ქვეყნის მომავლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან დაცვა რჩება. „ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენ და ჩვენი მომავალი, ვიყოთ კარგად დაცული.ამისთვის უნდა გვქონდეს 95%-იანი მოცვა ყველა ანტიგენზე. საქართველოს ეროვნულ კალენდარს ბოლო ორ წელიწადში დავამატეთ კიდევ ორი ვაქცინა-როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა და პნევმოკოკური ინფექციის საწინაააღმდეგო აცრა, რომელიც 2014 წელს დაინერგა. აქედან გამომდინარე, ჩვენი კალენდარი თითქმის სრულად არის ჰარმონიზირებული ევროკავშირის კალენდართან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ინერგება გრიპის საწინააღმდეგო აცრების კულტურაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირველად, 1995 წლის შემდეგ, 30-40%-ით განახლდა „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვაქცინებით მომარაგებაში ქვეყანაში შეფერხება ან წყვეტა არ ყოფილა.

ანგარიშის წარდგენისას, ამირან გამყრელიძემ ებოლას და ქვეყნის მიერ ვირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებაც ისაუბრა. „გამკაცრებული იყო საზღვრებზე აღრიცხვიანობა, ებოლას ვირუსით დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულთა აღრიცხვა და მათზე 21 დღის განმავლობაში ეპიდზედამხედველობა ხდებოდა. შემუშავდა ქვეყნის პასუხის სტრატეგიული გეგმა, სახელმწიფოს მიერ გამოიყო თანხა, დარიგდა სპეცტანსაცმელი, ექიმების დიდ რაოდენობას ჩაუტარდა ტრენინგები, ლუგარში ლაბორატორიული დიაგნოზის დასმა 24 საათში იყო შესაძლებელი. ასე რომ მზად ვიყავით. საამაყოა ჩვენთვის, რომ ჩვენი თანამშრომელი, არჩილ ნავდარაშვილი მონაწილეობდა ებოლას გლობალურ პასუხთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, ის რამდენიმე თვის განმავლობაში, წარმატებით მუშაობდა სიერა-ლეონეში“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, ხორციელდება კვლევა, რომლის შედეგად, დადგინდება ქვეყანაში ც ჰეპატიტის გავრცელების ზუსტი ციფრები.

„საქართველო იქნება სამოდელო ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ, რომ ჯერ არცერთი ქრონიკული დაავადების ელიმინაცია არ მომხდარა. ის, რაც მოხდა ც ჰეპატიტის დარგში, მთელ მსოფლიოში, ითვლება ბოლო 13-14 წლის განმავლობაში მედიცინის ყველაზე დიდ მიღწევად. შეიქმნა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც თითქმის 95%-იან განკურნების შანსს იძლევა. სერიოზული პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოში ეს პროექტი დაიწყო“,- განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 5 წლის განმავლობაში ც ჰეპატიტის სკრინინგს განახორციელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ლუგარში იქმნება ანტიმიკრობული რეზისტენტობის რეფერენს ცენტრი. მისივე ინფორმაციით, ინერგება ვერბალური აუტოფსიის მეთოდიც, რომელიც ბავშვთა და ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ღირებულ ინფორმაციას იძლევა.
ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ზოგიერთი ანტიგენის მიმართ 95 %-იანი იმუნიზაციის მაჩვენებლის მიღწევა, ასევე, ჯერჯერობით ვერ ხერხდება საჯარო დაწესებულებების თამბაქოსგან 100%-ით გათავისუფლება, მისივე თქმით, გამოწვევაა გარემოს ჯანმრთელობის საკითხებიც. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს.

ამირან გამყრელიძემ ცენტრის მიერ განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ფინანსური მაჩვენებლების, 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მირიან წიკლაურმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, პრობლემები ყველგან არის, მათ შორის, ამ სფეროშიც, მაგრამ თქვენ მიერ გაწეული სამუშაო ამ პრობლემებს ყოველდღიურად ამცირებს. მსურს, შეგპირდეთ, რომ პარლამენტი ყოველმხრივ მხარში დაგიდგებათ. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად, ვისაუბროთ სხვადასხვა უწყებებთან“,- აღნიშნა მირიან წიკლაურმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სსიპ-ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2014 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში ცნობად მიიღო.