ეპიდსიტუაციის პროგნოზი 2015 წლის ზაფხულის თვეებისათვის

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადებაგადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას,  რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

ამ დაავადებათა  თავიდან  აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:

• წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას,  წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების     მოსამზადებლად;

• არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ანადუღარი  წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

•  სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება; უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;

•  შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

•   ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

  • გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
    • ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად
    • საკვების მოსამზადებლად
    • სასმელების დასამზადებლად
    • ყინულის მოსამზადებლად
    • ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად
    • ხელების დასაბანად

 

  • მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
  • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
  • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები - თავდახურულ ჭურჭელში;
  • სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მზა პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
  • არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან  სახლში დამზადებული ნაყინი;
  • საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
  • არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
  • სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
  • მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს   გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
  • სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებული ტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების მომზადებასა და მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი და სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი, ხარისხიანი კარაქი, დამზადებული პროდუქტი კი მოვათავსოთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში არა უმეტეს 80C ტემპერატურაზე;
  • არ შეიძინოთ ხორცი და ხორცის პროდუქტები რომლებიც იყიდება ან ინახება არასათანადო პირობებში;
  • დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
  • დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია  მიმართოთ ექიმს;
  • ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავეთ კვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
  • დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს  ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას. 
  • მოერიდეთ სოკოს შეგროვებას თუ მათ კარგად არ იცნობთ. გახსოვდეთ, იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც იწვევს მოშხამვას, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ, სოკოს დაბერების ან დაჭიანების  შემთხვევაში, რომელშიც  დროთა განმავლობაში გროვდება ტოქსინები.

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა კიდევ ერთხელ მივმართავთ სოკოს მოყვარულებს, გამოიჩინონ  განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები:

  • შეაგროვეთ  ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომელთა შესახებ ზუსტად იცით, რომ ის ვარგისია საჭმელად;
  • სოკოს, რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს;
  • არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად სოკო, რომელსაც  ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი   გასქელება (როგორიცაა, მაგ: თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო);
  • არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
  • ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს;
  • არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, სოკოში მძიმე მეტალების აკუმულირების გამო;
  • სოკო სასურველია მომზადდეს იმავე დღეს;
  • გავრცელებული შეხედულებები სოკოს შხამიანობის გამორკვევისა - ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის ხარშვისას გაშავება - მცდარია!

ყურადღება მიაქციეთ საკვების მომზადებისა და მოხმარებისას ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენის წესების დაცვას.

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცოფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკუთრებაში მყოფი და მიკედლებული ცხოველების ცოფზე აცრა, მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის რეგულირება. ცხოველისგან დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლის შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხის გადასაწყვეტად.

ზაფხულის პერიოდში აქტიურდებიან გველები. გველის კბენისგან თავის დაცვის მიზნით, იმ ტერიტორიებზე, სადაც ცნობილია მათი გავრცელება, იარეთ მაღალყელიანი და სქელლანჩიანი ფეხსაცმლით. გველის დაკბენის შემთხვევაში ეცადეთ დაიმახსოვროთ გველის ფერი (ეს დაეხმარება ექიმებს სწორი ანტიდოტის შერჩევაში დაზარალებული სამკურნალოდ), არ გაეკიდოთ გველს და არ შეეცადოთ მის მოკვლას, არ დასეროთ დაკბენილი ადგილი და არ ეცადოთ შხამის გამოდევნას რაიმე მეთოდით, არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელები!  დაზარალებული მოათავსეთ მშვიდად და ეცადეთ დაკბენის ადგილი იყოს უფრო ქვევით, ვიდრე გული; დაკბენის ადგილი დაფარეტ სუფთა სახვევით და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს - ადექვატური დახმარების მიღების მიზნით. გახსოვდეთ! ყველა რაიონული ცენტრი მომარაგებულია გველის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებით! რაიონის ცენტრში მდებარე საავადმყოფოები შეძლებენ აღმოგიჩინონ ადექვატური დახმარება!

ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. აუცილებელია შინაური ცხოველების დროული აცრა ჯილეხის წინააღმდეგ; კატეგორიულად დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. ჯილეხით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფი სწორედ ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავებაში მონაწილე პირებია.

ავადმყოფ ან მკვდარ ცხოველთან, ფრინველთან კონტაქტი შესაძლოა მოიცავდეს საფრთხეს ადამიანთათვის.

თქვენი ცხოველის, ფრინველის დაავადების ან სიკვდილის შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს.

პროგნოზი იმუნიზაციით მართვადი ინფექციების მხრივ (რომელთა წინააღმდეგ არსებობს ეფექტური ვაქცინები და ქვეყანაში ტარდება რუტინული იმუნიზაცია) დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა, ყბაყურა, ჰეპატიტი B ბავშვებში - კეთილსაიმედოა. პოლიომიელიტის ადგილობრივი შემთხვევები მოსალოდნელი არაა, შესაძლებელია დიფთერიის ერთეული შემთხვევების გამოვლენა, სავარაუდოა ყივანახველას ათეულამდე შემთხვევა, მათ შორის დასასვენებელ ადგილებში ახლად ჩამოყალიბებულ კოლექტივებში მოხვედრილ აუცრელ მოზარდებს შორის. ამიტომაც ბავშვთა დასასვენებელი ბანაკების დაკომპლექტებისას ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა აცრის სტატუსს (ასაკის მიხედვით). აუცრელი ბავშვების დაშვება ახალ კოლექტივებში მიზანშეუწონელია.

ბავშვებში წითელას შემთხვევების მინიმუმადე დაყვანის ფონზე, ავადობა, სამწუხაროდ, გაგრძელდება იმ მოზარდებში და მოზრდილებში, რომლებიც თავის დროზე არ ყოფილან აცრილები, ან ერთხელ არიან აცრილები, ასეთ კონტინგენტებში შესაძლებებლია ლოკალური ეპიდაფეთქებებიც. ამიტომ აუცილებელია ყველა წითელა-წითურა-ყბაყურაზე აუცრელი ადამიანის (29 წლამდე ასაკის) აცრა, რომელიც ხორციელდება შესაბამისი პროგრამით სახელმწიფოს დაფინასებით.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ მშობლებს პოლიომიელიტის აცრების აუცილებლობის შესახებ. არ დაგავიწყდეთ, რომ პოლიომიელიტის ვირუსის გადაცემის გზა (ფეკალურ-ორალური) იგივეა, რაც ენტეროვირუსული მენინგიტის, რომლის ეპიდაფეთქებაც 2014 წლის გვიან გაზაფხულსა და ადრე ზაფხულში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მცირე წყალსატევებში ბანაობისას. მოერიდეთ ასეთი წყლის  ჩაყლაპვას და დაიცავით ჰიგიენის წესები. ნუ დააბინძურებთ წყალს, რომელშიც ბანაობთ.

მოსალოდნელია მენინგოკოკური (ბაქტერიული) ინფექციის ერთეული შემთხვევებიც.

გარემოს ტემპერატურის მატების ფონზე იქმნება ხელსაყრელი პირობები ბევრი გადამდები დაავადების გავრცელებისათვის, მათ შორის მალარიის გამომწვევის განვითარების ციკლის დამთავრებისათვის კოღოს (გადამტანის) ორგანიზმში, ასევე ლეიშმანიოზის გადამტანის (ფლებოტომუსების) აქტიურობისათვის. ამის გამო ინფექციის წყაროს (რეზერვუარის) არსებობის პირობებში მოსალოდნელია მალარიის (ქვეყანაში შემოტანის შემთხვევაში) ერთეული და ლეიშმანიოზის რამდენიმე შემთხვევა. მალარიით დასნებოვნების უმნიშვნელო რისკია კახეთის და ქვემო ქართლის რაიონებში, ლეიშმანიოზის დაბალი რისკია ამავე რაიონებში და ქ. თბილისში (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია). პროფილაქტიკისათვის აუცილებელია გადამტანებისაგან თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას, მაშინ როდესაც გადამტანები აქტიურნი არიან (ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რეპელენტების  (დამაფრთხობლები)) წასმა და/ან შესხურება სხეულის ღია ადგილებზე. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც, დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებაც, ამიტომ დაუშვებელია ცხოველებიდან ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის (MERS-Cov) საქართველოში შემოტანის რისკი დაბალია, სიფრთხილე მართებთ არაბეთის ნახევარკუნძულიდან ან სამხრეთ კორეიდან დაბრუნებულებს, მათ გრიპის სიმპტომების გამოვლენისას უნდა გაიკეთონ ნიღაბი და მიმართონ სამედიცინო სამსახურებს, მათმა ახლობლებმა კი ხშირად დაიბანონ ხელები.

ხელების საპნითა და გამდინარე წყლით ხშირი დაბანა დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან.

გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად, აუცილებელია მათი აცრის სტატუსის კიდევ ერთხელ გადამოწმება და ასაკობრივად გამორჩენილი აცრების სკოლაში შეყვანამდე ჩატარება.

 

ტემპერატურის მატებისა და მაღალი ტენიანობის წილი ადამიანების ჯანმრთელობის სტატუსის გაუარესებასა და რისკების წარმოშობაში ეჭვს არ იწვევს. განვითარებული ქვეყნების დიდ ქალაქებში ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს ტემპერატურული სხვაობის (2 გრადუსითაც კი) ზეგავლენაზე ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაზე.

არსებობს მტკიცებულებები, რომელთა თანახმად ქალები და მამაკაცები განსხვავებულად რეაგირებენ კლიმატური პირობების მთელ რიგ ზემოქმედებაზე, მათ შორის მაღალი ტემპერატურის, გვალვის და, ზოგადად, სითბური ტალღების ზემოქმედებისას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიის მონაცემებით, რომელიც ეყრდნობა 141 ქვეყნიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას, ქალები აღნიშნული ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან, იღუპებიან უფრო ხშირად და უფრო ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე მამაკაცები. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფები, პირველ რიგშიკი  ორსული ქალები. მათზე სითბური ზემოქმედების თვალსაზრისით საყურადღებოა როგორც ინფექციური (მაგალითად, მალარია), ასე არაინფექციური დაავადებები (მაგალითად, გესტაციური ანუ ორსულთა ჰიპერტენზია თავისი გართულებებით).

 

რეკომენდაციები მაღალი ტემპერატური სდროს

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.

  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ  დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს
  • თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე

 

თავი აარიდეთ სიცხეს

  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
  • თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება)
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილის ყველაზე გრილი პერიოდი.
  • იყავით ჩრდილში
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
  • შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად
  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს
  • თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს
  • მედიკამენტები შეინახეთ 250C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

 

დავეხმაროთ სხვებს

  • ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან
  • ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც
  • თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელთაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ისინი ყოველდღიურად
  • თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე
  • შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს

 

თუ თქვე ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

  • თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ ტემპერატურა
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი
  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს
  • ექიმს მიმართეთ მაშინაც თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება
  • თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის წევრი ან ნებისმიერი ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, აქვს კრუნჩხვები ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით მკურნალ ექიმს
  • სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

 

მაღალი ტემპეტატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები თავიდ ანაცილებადი ანუ  პრევენტაბელურია

 

ზაფხულის სეზონური დაავადებები: