სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე 12.06.2015

2015 წლის 12 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სისხლის დონორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია  სლოგანით

გმადლობ, რომ სიცოცხლე გადამირჩინე!

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  და სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

პრესკონფერენციაზე მოხდა სისხლის უანგარო, რეგულარული დონორებისა და უანგარო დონორობის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოება და  სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია (donori.ncdc.ge).

ყოველწლიურად 14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს  სისხლს. 

2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

2015 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 11 სისხლის ბანკი.

2014 წლის მონაცემებით, უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სისხლის ბანკებში განხორციელდა 56,456  დონაცია, მათ შორის 30%-მდე უანგარო დონაცია, რაც თითქმის 10%-ით მაღალია წინა წელთან შედარებით.

2011-2014 წლებში დონორთა საერთო რაოდენობიდან იმ პირების წილი, რომლებმაც სისხლი პირველად ჩააბარეს, 8%-დან  28%-მდე გაიზარდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია, 2020 წლისთვის სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში   მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.

საერთაშორისო ორგანიზაციები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ თავიანთი წევრების  მხარდაჭერა  ამ საქმიანობის განხორციელების საქმეში.

  თქვენც შემოგვიერთდით

თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა დაგვეხმარება, რომ ვუზრუნველვყოთ  სისხლის დონორთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება, რაც მთელ მსოფლიოში ხელს შეუწყობს  ღრმად გააზრებას იმისას, რომ სისხლის დონორობა არის სოლიდარობის გმირული აქტი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

 გაიღე სისხლი უანგაროდ, გაიღე ხშირად,

სისხლის დონორობა მნიშვნელოვანია!

 

 იხილეთ ფოტოალბომი