ახალი კორონავირუსი (MERS‐CoV)

2015 წლის 20 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, მიიღო შეტყობინება კორეის რესპუბლიკიდან შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) შემთხვევის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო ახალი კორონავირუსით (MERS‐CoV).

აღნიშნული ვირუსით გამოწვეული ინფექცია, კორეის რესპუბლიკაში დაფიქსირდა პირველად. ეპიდკვლევამ აჩვენა, რომ პაციენტმა დაავადების სიმპტომების დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (ბაჰრეინი, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები). აღნიშნულ პაციენტს დაავადების გამოვლინებამდე 14 დღით ადრე, არ ჰქონდა კავშირი დაავადების გამომწვევ რისკ ფაქტორებთან, როგორიცაა აქლემი ან MERS-CoV-ით ინფიცირებული პირი. დაავადების მეორე შემთხვევა იყო პირველი შემთხვევის მეუღლე, რომელიც უვლიდა მას. შემდგომი შემთხვევები გამოვლინდა პირველი შემთხვევის ახლო კონტაქტებსა და მათ ოჯახის წევრებში.

დღეის (11.06.2015) მდგომარეობით, კორეის რესპუბლიკაში სულ რეგისტრირებულია MERS-CoV-ის 108 შემთხვევა, მათ შორის 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.

 MERS-ის სტატისტიკის შეჯამება, სამხრეთ კორეა, 10 ივნისი 2015.


MERS-CoV 

ძირითადი ფაქტები

  • შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS) რესპირატორული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ახალი კორონავირუსი (MERS‐CoV), რომელიც პირველად იდენტიფიცირებულ იქნა 2012 წელს საუდის არაბეთში;
  • კორონავირუსები ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადებები, ჩვეულებრივი გაციებიდან დაწყებული მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომამდე (SARS);
  • MERS-CoV-ის დაავადების ტიპიური კლინიკური სიმპტომებია: ცხელება, ხველა და ქოშინი.
  • დღეის მდგომარეობით  MERS-CoV-ით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 36% გარდაიცვალა;
  • სავარაუდოდ, MERS-CoV-ის ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტის დროს, რომელსაც ადგილი აქვს ინფექციის პრევენციისა  და კონტროლის ღონისძიებების უგულვებელყოფისას.
  • მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში MERS-ის შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებულია ადამიანის მიერ ადამიანის დაინფიცირებასთან, MERS-CoV-ის ძირითად ბუნებრივ მტარებლებად/რეზერვუარებად  და ადამიანებში MERS ინფექციის განვითარების ცხოველურ წყაროდ სავარაუდოდ ითვლებიან აქლემები. თუმცა, ვირუსის გადაცემაში აქლემების როლი და გადაცემის გზა არის უცნობი.

 

კლინიკური სიმპტომები

MERS-CoV-ის მიერ გამოწვეულ ინფექციას ახასითებს კლინიკური სიმპტომების პოლიმორფიზმი: ასიმპტომური ან მსუბუქი რესპირატორული სიმპტომებიდან დაწყებული მძიმე მწვავე რესპირატორულ დაავადებამდე და სიკვდილამდე. MERS-CoV-ის დაავადების ტიპიური კლინიკური სიმპტომებია: ცხელება, ხველა და ქოშინი. პნევმონია ვითარდება ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა გასტროინტენსტინალური სიმპტომები, დიარეის ჩათვლით. მძიმე დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, რაც საჭიროებს პაციენტის ხელოვნურ ვენტილაციას და რეანიმაციულ განყოფილებაში განთავსებას. MERS-CoV-ით გამოწვეული ინფექცია განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს პაციენტებში ქრონიკული დაავადებებით (კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და დიაბეტი), ხანშიშესულ და იმუნიტეტ დაქვეითებულ პირებში.

ინფექციის წყარო

MERS-CoV არის ზოონოზური ვირუსი, რომელიც გადაეცემა ცხოველებიდან ადამიანს.  ვირუსის წარმოშობა ნაკლებადაა შესწავლილი, მაგრამ ვირუსის სხვადასხვა შტამების გენომური ანალიზის მიხედვით, სავარაუდოდ, წარმოიშვა ღამურებში და შორეულ წარსულში გავრცელდა აქლემებში.

გადაცემის გზები

ამჟამად სრულად შესწავლილი არ არის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის გზა, მაგრამ MERS-CoV-ის ძირითად მტარებლად/რეზერვუარად და ადამიანებში ინფექციის გამოწვევის ცხოველურ წყაროდ მიჩნეული არიან აქლემები. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში, ომანში, ყატარსა და საუდის არაბეთში, MERS-CoV-ის შტამები, რომლებიც ადამიანის შტამების იდენტურია, გამოყოფილი იქნა აქლემებისგან.

ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად არ გადაეცემა, თუმცა ინფიცირებულ პაციენტთან ახლო კონტაქტისას, მაგალითად დაუცველი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, შესაძლებელია ვირუსის გავრცელება. დაფიქსირებულია შემთხვევათა კლასტერები სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება უფრო მეტადაა შესაძლებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაეფექტურია ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები. ამჟამად, ვირუსის საზოგადოებაში გადაცემის მდგრადობა არ არის დადასტურებული.

ვირუსი ცირკულირებს არაბეთის ნახევარკუნძულზე, ძირითადად კი საუდის არაბეთში, საიდანაც შემთხვევათა უმეტესობა (>85%) შეტყობინებულ იქნა 2012 წლის შემდგომ. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირებულია ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარეთაც. ამ შემთხვევათა უმეტესობა სავარაუდოდ შეძენილ იქნა ახლო აღმოსავლეთში და შემდგომ გავრცელდა რეგიონის გარეთ. კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის ყველაზე მაშტაბური, რომელიც დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გარეთ, ხოლო რაც შეეხება ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მდგრადობას - აღნიშნულის კვალი კორეის რესპუბლიკაში არ არსებობს.

პრევენცია და მკურნალობა

ამჟამად, არ არსებობს MERS-CoV-ის სპეციფიური ვაქცინა და მკურნალობა. მკურნალობა ეფუძნება პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მხარდამჭერ თერაპიას.

უსაფრთხოების მიზნით, პირებმა, რომლებიც სტუმრობენ ფერმებს, ბაზრებსა და სხვა ადგილებს, სადაც იმყოფებიან აქლემები ან სხვა ცხოველები, აუცილებელია დაიცვან ზოგადი ჰიგიენის ნორმები, რაც გულისხმობს ცხოველთან ხელით შეხებამდე და მას შემდეგ ხელების დაბანას და ასევე, ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტის თავის არიდებას.

უმი და არასაკმარისად მომზადებული ცხოველური პროდუქტების, მათ შორის რძისა და ხორცის, მიღება წარმოშობს სხვადასხვა ორგანიზმებიდან, რომელთაც შესაძლებელია ადამიანებში გამოიწვიონ ავადობა, ინფექციის განვითარების მაღალ რისკს. ცხოველური პროდუქტები, რომლებიც შესაბამისადაა დამუშავებული ან პასტერიზირებული, მოხმარებისათვის არის უსაფრთხო, მაგრამ მათი დამუშავებისას აუცილებელია სიფრთხილე, რათა თავიდან აცილებულ იქნას ჯვარედინი დაბინძურება დაუმუშავებელი საკვებით. აქლემის ხორცი და აქლემის რძე ნოყიერი პროდუქტია, რომლის მოხმარება შესაძლებელია პასტერიზაციის, მომზადების ან მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც.

მანამდე, სანამ MERS-CoV უფრო მეტად იქნება შესწავლილი, მიჩნეულია, რომ დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის, ფილტვის ქრონიკული დაავადებისა და იმუნოდეფიციტის მქონე პირები ითვლებიან MERS-CoV-ის ინფექციის შედეგად მძიმე ავადობის მაღალი რისკის მქონე პირებად. ამ პირებმა თავი უნდა აარიდონ აქლემებთან კონტაქტს, აქლემის უმი რძის ან შარდის დალევას, ან არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მიღებას.

სამედიცინო დაწესებულებები

რამდენიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში აღინიშნა MERS-CoV-ის ვირუსის ტრანსმისია; პაციენტიდან სამედიცინო პარსონალზე და პაციენტთა შორის - სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის MERS-CoV-ის დიაგნოზის დადგენამდე. დაავადების საწყის ეტაპზე ან ტესტირების გარეშე ყოველთვის არ არის შესაძლებელი პაციენტისთვის MERS-CoV-ის დიაგნოზის დასმა, რადგან კლინიკური სიმპტომები შეიძლება იყოს არასპეციფიური. სამედიცინო დაწესებულებებში MERS-CoV-ის შესაძლო გავრცელების პროფილაქტიკისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს. სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებშიც ხორციელდება MERS-CoV-ის საეჭვო და დადასტურებული პაციენტების სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შემცირდეს MERS-CoV-ის ვირუსის ტრანსმისია ინფიცირებული პაციენტიდან სხვა პაციენტებზე, მომსახურე პერსონალზე და ვიზიტორებზე. სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს განსწავლული ინფექციების პრევენციისა  და კონტროლის საკითხებზე და რეგულარულად უნდა უტარდებოდეს ტრეინინგები აღნიშნულ საკითხებზე.

მოგზაურობა

ჯანმო არ იძლევა მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის, ან ქვეყანაში შესვლისას MERS-CoV-თან დაკავშირებული სკრინინგის რეკომენდაციას.