ამებიაზი

დაავადების გამომწვევია ერთუჯრედიანი პროტოზოა- Entamoeba histolytica/dispar, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით: დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი). მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი) და ინცისტირებული (ცისტების სახით). ამების ქსოვილოვანი ფორმა ჩნდება დაავადებულის ქსოვილებში და განავალში და გააჩნია ძლიერად გამოხატული ინვაზიური თვისებები.  სანათუროვანი ფორმა იმყოფება  ნაწლავის სანათურში, რეკონვალესცენციის პერიოდში მათ განავალში, ქრონიკული ნაწლავური ამებიაზით დაავადებულების განავალში, აგრეთვე ცისტების მტარებლებში. ჰისტოლიტიკური ამების ცისტების აღმოჩენა ხდება რეკონვალესცენტებისა და ცისტების მტარებლების განავალში.

ინფექციის ძირითადი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი. ცისტა ამების უმოძრაო, გარსით დაფარული ფორმაა. ამებიაზის მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა და ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის, მაგრამ, არასრულფასოვნად ნამკურნალები ადამიანი ცისტების მატარებლად ითვლება და ის წლების განმავლობაში, განავალთან ერთად გამოყოფს დიდი რაოდენობით ცისტას.

ცისტები მოხვდებიან რა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ისინი გარდაიქმნებიან სანათუროვან ფორმებად. ამ უკანასკნელს გააჩნია აქტიური მოძრაობის უნარი და გამოყოფს პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ მსხვილი ნაწლავის კედელის ქსოვილთა გალღობასა და ლიზისს ღრმა წყლულების წარმოქმნით. მსხვილი ნაწლავის კედლის ლორწოვანში და ლორწქვეშა შრეში მოხვედრის შემდეგ, სანათუროვანი ფორმა, მნიშვნელოვნად იზრდება და გარდაიქმნება ქსოვილოვან ფორმად. მების ქსოვილოვანი ფორმა იწვევს უკვე არსებული წყლულების ზომაში ზრდას, გამოყოფს  ჰისტოლიტურ ნივთიერებას და ხელს უწყობს ახალი წყლულების წარმოქმნას. ზიანდება უპირატესად მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილი, აგრეთვე სიგმური და სწორი ნაწლავი. ამების ქსოვილოვანი ფორმის პარაზიტობა ნაწლავის კედელში ხელს უწყობს ამებიაზის ხანგრძლივი მიმდინარეობის შენარჩუნებას; შესაძლებელია პროცესის ქრონიზაცია პერიოდული გამწვავებებით, აგრეთვე ამებების სხვა ორგანოებში (უპირატესად ღვიძლში) ჰემატოგენური გავრცელება ამ ორგანოებში აბსცესების წარმოქმნით. დაავადების კეთისაიმედოდ მიმდინარეობისას, ასევე წარმატებული თერაპიის შედეგად, ქსოვილოვანი ფორმები გარდაიქმნება სანათუროვან ფორმებად. ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას თან სდევს მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილებში სანათუროვანი ფორმის გარდაქმნა ცისტებად.

ნაწლავთა ამებიაზის ფარული პერიოდი ზოგჯერ ოთხ თვესაც გრძელდება. დაავადება იწყება უმადობით, სისუსტით, დაღლილობის შეგრძნებით, მუცლის ტკივილით. შემდეგ ვითარდება ფაღარათი. პირველ დღეებში კუჭის მოქმედების სიხშირე დღე-ღამეში ექვსს აღწევს, განავალი თხელია, ლორწოვანი, ტკივილი კი ლოკალიზებულია ბრმა ნაწლავის არეში; დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. განავალში ამ დროს ჩნდება სისხლი. მსუბუქ შემთხვევაში, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება სამ კვირაში, მაგრამ, თუ ავადმყოფი სხვადასხვა ფაქტორის, მაგალითად, არასწორი კვების, გაციების, ვიტამინოზის გავლენით ცისტების მატარებელი დარჩა, პერიოდულად ეწყება ამებიაზის გამწვავება, რაც წლების განმავლობაში, დროდადრო გრძელდება. ამას კი ნაწლავური და ნაწლავგარე სხვადასხვა სიმძიმის გართულებები მოსდევს. ნაწლავური გართულებებიდან აღსანიშნავია ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა, რასაც პერიტონიტის განვითარება მოსდევს.

ამაბიაზის გადაცემის ფაქტორებიდან საშიშია ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებული სამეურნეო თუ სასმელი წყალი. ცისტების გადაცემა ხდება დაბინძურებული მწვანილით, ხილით, საკვები პროდუქტებით, რომლებიც ასეთი წყლით ირწყვება, ასევე, ჭუჭყიანი ხელებით, საოჯახო ნივთებით, ცისტებმატარებელთან კონტაქტით, ზაფხულში კი – ბუზის მეშვეობით.

იმ ადგილებში, სადაც ხშირად გვხვდება ამებიაზი, აუცილებელია სასმელი წყლის მართებულად მომარაგება, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენის ზომების გაცნობა, სასმელად მხოლოდ ანადუღარი წყლის გამოყენება, ტუალეტის ჰიგიენურად შენახვა და დეზინფიცირება, საკვები პროდუქტების დაცვა ჰისტოლიტიკური ამების ცისტების მოხვედრისგან. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ცისტები დიდი ხნის განმალობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა წყალსატევში. 

ამებიაზის დიაგნოზი ძირითადად ლაბორატორიულ კვლევებს (განავლის ანალიზს) ემყარება. მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია რენტგენომანოსკოპია, რომლის მეშვეობითაც ათვალიერებენ სწორ და სიგმოიდურ ნაწლავს და იღებენ გამოსაკვლევ მასალას უშუალოდ ნაწლავის კედლიდან და წყლულიდან. დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ჩივილებს.