ლამბლიოზი

ლამბლიოზი პროტოზოული ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია შოლტისებრთა კლასის წარმომადგენელი - უმარტივესი ლამბლია (Lamblia  Intestinalis Jiardia). ადამიანის და ცხოველების ორგანიზმებში ლამბლიები ორი ფორმით არსებობს. ვეგეტატური ფორმა (ასეთ ლამბლიებს ტროფოზოიდებს უწოდებენ), ისინი უმეტესწილად არსებობენ წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილებში, მსხვილ ნაწლავში მოხვედრისას გარდაიქმნება ცისტებად (მეორე ფორმა), რომლებიც ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. ცისტების სახით ლამბლიები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდნენ „დაკონსერვებულ“ მდგომარეობაში და მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას გარდაიქმნან ტროფოზოიდებად.

ნაწლავში მოხვედრისას ლამბლიები გარდაიქმნება ტროფოზოიდებად, ემაგრება ლორწოვანი გარსის ზედაპირულ უჯრედებს, საიდანაც იღებენ საკვებ ნივთიერებებს. მათი სასიცოცხლო ციკლი 3-დან 40 დღემდე ხანგრძლივობისაა. დაავადება შეიძლება ხანგრძლივად მიმდინარეობდეს, რაც განმეორებითი ინფიცირების შედეგია. ორგანიზმში ლამბლიის ხანგრძლივი არსებობის შედეგად ფორმირდება ქრონიკული ენდოგენური ინტოქსიკაციის სინდრომი. 

ლამბლიოზის გადაცემის გზებია: წყალი, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზა და კვებითი.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-3 კვირას შეადგენს. როგორც წესი, ლამბლიოზი გარკვეული სპეციფიური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს. ორგანიზმში დიდი რაოდენობით პარაზიტების არსებობისას დაავადება მკვეთრად გამოხატული კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობს და ხასიათდება მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობით. ლამბლიოზის დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება:

  • მყარი ნადები ენაზე;
  • მეტეორიზმი, მუცლის შებერვა და ყურყური;
  • შხეფის ხმა წვრილი ნაწლავის გასინჯვის დროს;
  • მტკივნეულობა თორმეტგოჯა ნაწლავის საპროექციო არეში, მეზოჰიპოგასტრიტი;
  • ღვიძლის გადიდება.

ზოგიერთი უჩივის პერიოდულ ტკივილს ჭიპის, მარჯვენა ფერდქვეშა და მუცლის ქვედა არეში, ბოყინს, მუცლის შებერვასა და ყურყურს, კუჭის გადავსების შეგრძნებას, სიმძიმის შეგრძნებას მკერდის ძვლის ქვემოთ, მადის დაქვეითებას. პატარა ბავშვებში ხშირია დღის განმავლობაში მრავალჯერადი დეფეკაცია ფაფისებური განავლით, იშვიათია შეკრულობა, შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ჭარბობს შეკრულობა ფაღარათის ხანმოკლე პერიოდებით. ფეკალურ მასაში შეიძლება შევამჩნიოთ გადაუმუშავებელი საკვების ელემენტები.

ლამბლიოზის დროს ხშირად აღინიშნება ნერვული სისტემის მოშლილობა. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, გაღიზიანებას, ძილის დარღვევას, კოშმარულ სიზმრებს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ტიკებს, ჰიპერკინეზიას (უნებლიე მოძრაობებს). შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერტონიული კრიზიც. ასევე ხშირია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია - ემოციური ლაბილურობა, ლოკალური ჰიპერჰიდროზი (ჭარბოფლიანობა), სუბფებრილური ტემპერატურა, არითმია.

მწვავე ფორმისას ლამბლიოზი იწყება დიარეით, აღინიშნება ტკივილი მუცლის მიდამოში. ნაწლავებში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით გაზები, აღინიშნება ბოყინი. პაციენტები უჩივიან მადის დაქვეითებას, გულის რევის შეგრძნებას, პირღებინებას, სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებას.

პაციენტების უმრავლესობაში დაავადების კლინიკური გამოვლინებები თავისთავად ქრება 1-4 კვირაში. შემდეგ ყალიბდება დაავადების ქრონიკული ფორმა, რომელიც პერიოდულად ვლინდება მუცლის შებერვით, ტკივილით მუცლის არეში, დიარეით. ლამბლიოზის შემთხვევაში აღინიშნება ვიტამინების ნაკლებობა, რაც გამოიხატება ფერმკრთალი კანით, თვალების ირგვლივი სილურჯით, ალერგიული გამონაყარით.

ბავშვები გაცილებით უფრო ხშირად და მძიმედ ავადდებიან ლამბლიოზით ზრდასრულებთან შედარებით. შემთხვევათა უმეტესობაში ლაბლიოზი ბავშვებში ვლინდება სიმპტომებით, რომლებიც სხვა დაავადებათა იმიტაციას ახდენს. ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას ლამბლიები იწყებენ აქტიურ გამრავლებას, იყენებენ ბავშვის ზრდისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, შედეგად ორგანიზმში ყალიბდება ვიტამინების ნაკლებობა, რაც ბავშვის განვითარებას აფერხებს. ლამბლიები გამოყოფენ ტოქსიურ ნივთიერებებს, რაც ბავშვის ორგანიზმის ძლიერ ალერგიზაციას იწვევს და აქვეითებს იმუნიტეტს. შედეგად, ბავშვებში ლამბლიოზის ხშირი გამოვლინებებია: ატოპიური დერმატიტი, ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული მშრალი ხველა და ხშირი გაცივება

ლამბლიები გავრცელებულია თითქმის ყველგან. ლამბლიოზით დაავადებული ადამიანი განავალთან ერთად დიდი რაოდენობით გამოყოფს ცისტებს (მაგალითად, ბავშვის ერთი გრამი ფეკალური მასა შესაძლოა 241800 ცისტას შეიცავდეს), რომლებიც ნესტიან გარემოში 3 თვეს ძლებენ. დადგენილია, რომ წყლის გასაწმენდად გამოყენებული ქლორის კონცენტრაცია ლამბლიების ცისტებს ვერ ანადგურებს. ლამბლიებს სახეობა სპეციფიკურობა ახასიათებთ, აქედან გამომდინარე, ცხოველის ლამბლიები ადამიანისთვის პათოგენურები არ არიან.