სამუშაო შეხვედრა - გადამდები დაავადებების შეტყობინების თანამედროვე სისტემების გაცნობა 07.07.2015

2015 წლის 7 ივლისს, მცხეთაში, ორგანიზაცია ბათელის („Battelle”) მემორიალური ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ინიციატივით და ტექნიკური დახმარებით  მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე ორგანიზაციის, დკსჯეც-ის ცენტრალური და რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელები.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო გადამდები დაავადებების (მ.შ. განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული) შეტყობინების თანამედროვე სისტემების გაცნობა, არსებული სისტემების შეფასება და გაუმჯობესების გზების ძიება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა წარმოდგენილი გადამდები დაავადებების შეტყობინების საკანონმდებლო ბაზა, შეტყობინების, ანგარიშგების და ეპიდკვლევის მოთხოვნები ნოზოლოგიებისა და მდგომარეობების მიხედვით, მონაცემთა ნაკადების მიმოხილვა, ჯანდაცვის მუშაკთა მოვალეობები შეტყობინების ნაკადში, გადამდებ დაავადებათა შეტყობინების გაუმჯობესების მეთოდები სამედიცინო დაწესებულებებში (მათ შორის ლაბორატორიებში). შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოში კლინიცისტების კოჰორტაში ჩატარებული ტრენინგის შედეგად შეძენილი ცოდნის შეფასების შედეგები, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებული სტანდარტული მეთოდები შეტყობინების სისტემის გასაუმჯობესებლად.

ყველა განხილულ თემაზე გაიმართა დისკუსიები და დაისახა სამომავლო მიზნები აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.