პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2015 წლის  9 ივლისს  12:00 საათზე  სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით (NCDC) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართება კონფერეცია თემაზე

 

საქართველოში რეპროდუციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მეორე კვლევის შედეგები

Reproductive Age Mortality Study - RAMOS

                                          

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტეფენ ჰაიკინი. ასევე, დარგის ექსპერტები, დედათა და ბავშვთა საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

RAMOS  წარმოადგნეს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ქვეყანაში დედათა სიკვილდილიანობის მაჩვენებლების, მიზეზებისა და გამომწვევი ფაქტორების დადგენისა და დედათა სიკვდილიანობის რეგისტრაციის ხარისხის შეფასებისათვის. დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლების სწორი გაზომვა არსებითია უსაფრთხო დედობის უზრუნველყოფაზე მიმართული ღონისძიებების შეფასებისათვის და მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისთვის. 

2014 წლის RAMOS კვლევისმიზნები იყო: რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მიზეზების დადგენა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და სტატისტიკური აღრიცხვიანობის არსებული სისტემების შეფასება, ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში გართულებების მქონე ქალებისთვის დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შეფასება და მტკიცებულებებზე დამყარებული რეკომენდაციების მიწოდება ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისათვის.   

2014 წლის RAMOS კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2006 წლიდან 2012 წლამდე შემცირდა 44.4 შემთხვევიდან 26.3 შემთხვევამდე ყოველ 100,000 ცოცხალშობილზე. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალების გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევა (98%) აღრიცხული იყო საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სისტემაში.  ეს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს გარდაცვალების რეგისტრაციის მხრივ 2008 წლის RAMOS კვლევის შედეგთან შედარებით, რომლის მიხედვითაც  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სისტემაში აღირიცხებოდა გარდაცვალების შემთხვევათა მხოლოდ 84%. 2014 წლის RAMOS კვლევამ აჩვენა, რომ კიბო ჯერ კიდევ წარმოადგენს რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების წამყვან მიზეზს და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შეადგენს მათი საერთო სიკვდილიანობის 45,3%–ს. 2014 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს კიბო იყო რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების ერთადერთი წამყვანი მიზეზი (12,6%), რასაც მოყვება ავტოსაგზაო შემთხვევები (9.3%) და საშვილოსნოს ყელის კიბო (6,5%). ძუძუს (72.1%) და საშვილოსნოს ყელის კიბოს (75.4%) დიაგნოსტიკა გვიან სტადიაზე ჯერ კიდევ წარმოადგენს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას. 

RAMOS პირველ და მეორე კვლევას შორის პერიოდში საქართველოს მთავრობამ გარდაცვალებათა რეგისტრაციის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე წარმატებული ინიციატივა განახორციელა.  პირველ რიგში, საჯარო რეესტრის რეფორმის ფარგლებში მოხდა ახალი რეგულაციებისა და ღონისძიებების დანერგვა (მაგალითად, ყველა პასუხისმგებელ ორგანოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დაურეგისტრირებელი გარდაცვალების შემთხვევაში, შეიქმნა გარდაცვალების ელექტრონული სამედიცინო ცნობა, ნაცვლად წერილობითი ფორმისა), რასაც შედეგად მოჰყვა გარდაცვალების რეგისტრაციის მოცვის გაუმჯობესება.  ამასთანავე, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების მონაცემთა ბაზის შედარება ცოცხლადშობილებისა და მკვდრადშობილების მონაცემთა ბაზებთან დედის სიკვდილის შემთხვევათა გამოსავლენად.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა  დაიწყო დედათა სიკვდილიანობის აქტიური ზედამხედველობა რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილის შემთხვევების ჩართვით დაავადებათა ზედამხედველობის  ელექტრონულ ინტეგრირებულ  სისტემაში (დზეის) და ვერბალური აუტოფსიის მეთოდოლოგიის გამოყენებით. ამ ინიციატივებს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა დედათა სიკვდილობის სწორი დადგენის თვალსაზრისით.   

საქართველოში სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზების არასწორი კლასიფიკაცია კვლავ რჩება საყურადღებო პრობლემად.  2014 წლის RAMOS კვლევის მიხედვით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სხვაობაა  (47%) მიღებულ და ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს შორის სიკვილის გამომწვევ მიზეზთა დადგენისა და კოდირების მხრივ.  საქართველოს მთავრობამ უნდა დანერგოს სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების სტრატეგია იმ მიზნით, რომ  შესაძლებელი გახდეს ამ მონაცემების სანდო გამოყენება ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების დაგეგმვის დროს.

ინფექცია (21,7%) და სამეანო სისხლდენა (17,4%) წარმოადგენს პირდაპირი სამეანო სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს. არაპირდაპირი მიზეზებით გამოწვეულია სამეანო სიკვდილობის 26,1%.  სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა  და ჯანდაცვის სერვისების ორგანიზების ხარვეზები კვლავ რჩება დედათა სიკვდილიანობის მნიშვნელოვან ფაქტორად, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია. საჭიროა დაუყოვნებელი ზომების მიღება დედათა გარდაცვალების იმ შემთხვვევების პრევენციისათვის, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება: 1) რისკის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება და დონის შესაბამისი მოვლის უზრუნველყოფა სამედიცინო დაწესებულებებში (მაგალითად, პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პოლიტიკის დანერგვა); 2) დედათა სამედიცინო მომსახურების კოორდინაციის  გაუმჯობესება მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომი მოვლის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფით 3) ქვეყნის მასშტაბით ყოვლისმომცველი ხარისხის გაუმჯობესების ზომების დანერგვა და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ანგარიშვალდებულების გაზრდა.

კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, საჭიროა: 1) მოსახლეობის განათლების დონისა და ცნობიერების ამაღლება კიბოს ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ; 2) სკრინინგ სერვისების არასათანადო გამოყენებისა და გვიანი მიმართვიანობის მიზეზების შესწავლა; 3) ჯანდაცვის მიზნობრივი პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელება ამ მიზეზების დასაძლევად.

მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროა: 1) დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი გაუმჯობესება; 2) დედათა სიკვდილიანობის აქტიური ზედამხედველობის სისტემისა და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების გაძლიერება; 3) გარდაცვალების მიზეზების დადგენასა და კოდირებაში ყველა პასუხისმგებელი პერსონალის გადამზადება.

RAMOS კვლევის შესახებ

RAMOS გულისხმობს რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების ყველა შემთხვევის მიზეზების დადგენასა და შესწავლას, აგრეთვე დაავადებათა ტვირთის განსაზღვრას რეპროდუქციული ასაკის ქალებში.   სწორი განხორციელების შემთხვევაში RAMOS მიდგომა უზრუნველყოფს დედათა სიკვდილიანობის ყველაზე სრულყოფილ შეფასებას (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2002 წელი). RAMOS  კვლევისფარგლებში შესწავლილი იყო რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების 881 შემთხვევა. აღნიშნული ქალების ოჯახის წევრები და მკურნალი ექიმები კვლევას აწვდიდნენ ინფორმაციას გარდაცვალების მიზეზების, გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებებისა და გარდაცვალებამდე მიღებული სამედიცინო მომსახურებების შესახებ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევა საქართველოში მეორედ ჩატარდა.  პირველი RAMOS  ჩატარდა 2008 წელს (შესწავლ იქნა 2006 წლის მონაცემები). მეორე კვლევა ჩატარდა 2014 წელს (შესწავლილ იქნა 2012 წლის მონაცემები). 

 

 

ვებგვერდი - www.ncdc.ge 

ფეისბუქი - https://www.facebook.com/ncdcgeorgia

 

მისამართი: თბილისი, რედისონ ბლუ ივერია, ვარდების მოედანი #1

საკონტაქტოპირები: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31