ებოლა - სიტუაციის აღწერა

8 ივლისი, 2015

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსული დაავადების (ევდ) ახალი შემთხვევები სტაბილურად ფიქსირდება სიერა ლეონესა და გვინეაში. ბოლო კვირის განმავლობაში (29 ივნისი - 5 ივლისი) სულ დაფიქსირდა ევდ-ის 30 ახალი შემთხვევა: 18 გვინეაში, 9 სიერა ლეონეში და 3 ლიბერიაში.

ლიბერიაში 2015 წლის 20 მარტიდან ივნისამდე არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა და 9 მაისს ეს ქვეყანა ებოლასგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა. თუმცა, 29 ივნისს გამოვლინდა ერთი დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი იყო 17 წლის მამაკაცი, რომელიც 21 ივნისს გახდა ავად და მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უმკურნალეს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებით და მცირე ხანში სახლში გაწერეს. პაციენტი 29 ივნისს გარდაიცვალა და დასაფლავება მოხდა უსაფრთხოების წესების დაცვით. დასაფლავებამდე ჩატარებული ანალიზებით კი ორჯერ დადასტურდა ევდ. ამის შემდეგ, ებოლას დაავადება გამოვლინდა და დადასტურდა ამ შემთხვევის ორ კონტაქტში, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ დედაქალაქ მონროვიაში. ამას გარდა, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც მჭიდრო ეპიდემიოლოგიური კავშირი აღენიშნება საწყის შემთხვევასთან და გამოუვლინდა ებოლასთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა ლაბორატორიული ტესტები დაზუსტებულ დიაგნოზს ვერ იძლევა. ლიბერიაში დაფიქსირებული ეს ოთხი შემთხვევა მიიჩნევა დამოუკიდებელ ეპიდაფეთქებად, რომელსაც კავშირი არ აქვს 9 მაისს დასრულებულად გამოცხადებულ ეპიდემიასთან.

მთლიანობაში, აღნიშნულ სამ ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან 2015 წლის 5 ივლისის ჩათვლით დაფიქსირებულია ევდ-ის 27 573 დადასტურებული, სავარაუდო და საეჭვო შემთხვევა, რომელთაგან 11 246 ლეტალურად დასრულდა. დაავადების გავრცელება მამაკაცებსა და ქალებში დაახლოებით თანაბარია. ჯანდაცვის მუშაკებს შორის დაავადების შემთხვევათა რიცხვმა 875-ს მიაღწია, ლეტალურად დასრულდა 509 შემთხვევა.

დასენიანებული ძირითადი სამი ქვეყნის გარდა, ევდ-ის გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა ექვს ქვეყანაში (მალი, ნიგერია, სენეგალი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი). ამჟამად დაავადების გავრცელება ყველა მათგანში შეჩერებულია. ერთი შემთხვევა აღინიშნა იტალიაში - ებოლას დაავადება გამოუვლინდა სიერა ლეონედან დაბრუნებულ სამედიცინო მუშაკს. პაციენტი განიკურნა, მისმა ყველა კონტაქტმა კი დაასრულა მეთვალყურეობის 21-დღიანი პერიოდი.

ჯანმოს განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე თვე რჩება ებოლას საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის მიღებამდე. ამჟამად მუშაობა მიდის 15 ვაქცინაზე, საიდანაც ოთხი ყველაზე რეალური კანდიდატი გამოცდის სხვადასხვა სტადიებზეა. მათგან ორზე 2014 წლის სექტემბერში დაიწყო კლინიკური კვლევები ადამიანებში. მათ რეკორდულად მოკლე დროში გაიარეს I ფაზა და დამტკიცდა მათი უსაფრთხოება. ამ ორი ვაქცინის გამოცდა ამჟამად მიმდინარეობს III ფაზის კვლევებში დაავადებით დასენიანებულ სამ ქვეყანაში. ამას გარდა, უახლოეს კვირებში იწყება გლაქსო-სმიტ-კლაინის ვაქცინის კლინიკური გამოცდის II ფაზა კამერუნში, მალიში, ნიგერიასა და განაში. ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულება, რომ ვაქცინების საბოლოო მიღების შემდეგ 2015 წელს ვაქცინების მილიონობით დოზის წარმოება მოხდება.

13-15 ივლისს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება პარტნიორთა შეხვედრა ებოლას საკითხებზე. შეხვედრის დანიშნულებაა ძირითადი ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მხარეების შეკრება და საერთო სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება, რომლის მიზანიც იქნება საერთაშორის მზადყოფნის აქტივობების შენარჩუნება და გაძლიერება გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

გამოყენებული წყაროები:

1. Ebola Interactive Dashboard

2. Ebola Situation Report, 8July 2015