ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28.07.2015

2015 წლის 28 ივლისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე 

ჰეპატიტის მსოფლიო დღე

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელები. ასევე, დარგის ექსპერტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს. ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი. ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 

2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია - იმოქმედე ახლავეაიცილე ჰეპატიტი!

და მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით

• აიცილე ჰეპატიტიიცოდე რისკების შესახებ

• აიცილე ჰეპატიტიმოითხოვე უსაფრთხო ინექციები

• აიცილე ჰეპატიტიჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია

• აიცილე ჰეპატიტიჩაიტარე ტესტირებაიმკურნალე

ვირუსული ჰეპატიტები,  რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის  ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. ის იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. B ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად დაახლოებით 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 ქრონიკული B ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 მწვავე B ჰეპატიტით.

მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.

მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ჰეპატიტის ვირუსით, მილიონობით ადამიანი კი დაინფიცირების რისკის ქვეშაა. ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ისინი B და C ქრონიკული ჰეპატიტის ვირუსის მტარებლები არიან.

ვირუსული ჰეპატიტი უდიდესი ტვირთია როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მისი გადამდებლობის გამო, ასევე მთლინად ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკისათვის, რადგანაც ღვიძლის კიბოს და ციროზის დროს ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ბევრ ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძირითად მიზეზს. მსგავსი მკურნალობა  საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

2014 წლის აპრილში ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ახალი რეკომენდაციები C ჰეპატიტის მკურნალობთან დაკავშირებით. მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე 194 მთავრობის დელეგატმა მიიღო რეზოლუცია ვირუსული ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ.

2015 წლის მაისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციურ კვლევას, რომლის მიზანიცაა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და მათი რისკ-ფაქტორების შესწავლა.

უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მოხდება 5000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი). ამჟამად პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 7600-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობა დაიწყო 2042-მა პაციენტმა.

ელიმინაციის პროგრამის მომდევნო ეტაპის დაგეგმვისათვის მუშავდება ელიმინაციის ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს სტრატეგიული გეგმის სხვადასხვა კომპონენტების შემუშავებაში, რაშიც სამუშაო ჯგუფს აქტიურ დახმარებას უწევს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების ექსპერტები, მათი წარმომადგენლობა საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოში აქვს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უახლოესი 5 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტის დიაგნოზი, აქვს უნიკალური შანსი უფასოდ მიიღოს ახალი გენერაციის ანტივირუსილი პრეპარატი.

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს. ის დაიწყო 27 ივლისს და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის (ათი სამუშაო დღის) განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში ცენტრის ვებ გვერდზე -www.ncdc.ge - მითითებულ მისამართებზე. ამავე დროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თხოვნით მიმართა საქართველოში არსებული კლინიკების  ხელმძღვანელებს აქტიურად ჩაერთონ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში. კლინიკებში 28-29 ივლისს შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით ან ქაღალდის მატარებლის სახით (მის.: ქ. თბილისი, ასათიანის ქ.N9, ელ. ფოსტა ncdc@ncdc.ge).

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

დაგეგმილი ღონისძიებები