დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS)

დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (დზეის) მიზანია ადამიანის და ცხოველთა დაავადებების მონიტორინგისა და პრევენციის გაძლიერება და მხარდაჭერა „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში და აგრეთვე საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესების (IHR) 2005 უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სისტემის საკვანძო მოდულებია: ადამიანის დაავადებების შემთხვევების მოდული, ვეტერინარული დაავადებების შემთხვევების მოდული, ვეტერინარული აქტიური ზედამხედველობის მოდული, ვექტორული ზედამხედველობის მოდული, ლაბორატორიული მოდული, ადმინისტრაციული მოდული, საყრდენი ბაზებით ზედამხედველობის მოდული, გადახრის ანალიზის მოდული და ანალიტიკური მოდული, რომელიც ასევე მოიცავს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) შესაძლებლობებს. დზეის-ის მეშვეობით ხდება შემთხვევის მონაცემების, დაავადება-სპეციფიური ინფორმაციის, შესაბამისი ნიმუშებით და შემთხვევასთან დაკავშირებული ლაბორატორიული მონაცემების და ჯამური მონაცემების მართვა. სისტემა უსაფრთხო და საიმედო კავშირის საფუძველზე აგროვებს და ავრცელებს მონაცემებს ახლო რეალური დროის რეჟიმში, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას დესკტოპიდან (ინსტალირებადი ვერსია), ვებ-იდან და მობილური მოწყობილობებიდან, რისი საშუალებითაც ხდება დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ეროვნული ქსელის სხვადასხვა დონეების და ასევე სამინისტროების დაკავშირება. დზეის-ი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის საშუალებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფექციური დაავადებების კომპიუტერული საინფორმაციო სისტემისთვის (CISID) და ასევე მონაცემთა ავტორიზირებულ მიმოცვლას სხვა ელექტრონულ სისტემებთან ე.წ. ღია არქიტექტურის მოდულის გამოყენებით. მათ შორის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისთვის. დზეის-ის კონფიგურაცია მორგებადია ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად, როგორიცაა დაავადებების ჩამონათვალი, ოფიციალური ანგარიშები, დაავადება-სპეციფიური კვლევის ფორმები და სხვა.

დზეის-ი პირველად დაინერგა საქართველოში 2004 წელს: პროგრამა დაყენდა სამ ობიექტზე: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (დკსჯეც) და ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (ქუთაისის სჯც), რომლის ქვე-ობიექტებად დაყენდა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო; ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (სმსლ), რომლის ქვე-ობიექტებად დაყენდა ვეტერინარული ლაბორატორიები დუშეთში, მარნეულში, გორსა და გურჯაანში. დღეისათვის დზეის-მა განიცადა შემდეგი მოდიფიცირება: ალფა ვერსია, ბეტა ვერსია, ვერსია 1, ვერსია 2, ვერსია 3, ვერსია 4 და ვერსია 5. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაყენებულია და გამოიყენება დზეის-ის მე-6 ვერსია.


2010 წელს დზეის-ის ქსელი გაფართოვდა და მოიცვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა რეგიონალური და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ამის პარალელურად, სისტემაში ჩაიტვირთა ოფიციალური ყოველთვიური და წლიური ანგარიშგების ფორმები (ფორმა IV-03 და ფორმა IV-03/1) ელექტრონული ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით.

2011 წელს, დკსჯეც-მა გამოაცხადა დზეის-ის სატესტო ექსპლუატაციის პერიოდის დაწყება ქვეყნის მასშტაბით: 1 თებერვლიდან ყველა რეგიონალური და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და დკსჯეც-ის ფილიალებს დაევალათ სისტემის ყოველდღიურად გამოყენება, როგორც ქაღალდის ფორმატიდან დზეის-ით ელექტრონულ ანგარიშგებაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი. დკსჯეც-ის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: 2012 წლის მაისში, სამინისტრომ გასცა ბრძანება #01-27N, რომლის საფუძველზე დზეის-ი დამტკიცებულ იქნა როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტების და უწყებების ოფიციალური ანგარიშგების სისტემა.

ამჟამად, დზეის-ის ქსელი საქართველოში მოიცავს 190 ობიექტს, რომელთა შორის 90 ობიექტი მიეკუთვნება ჯანდაცვის სამინისტროს, 97 ობიექტი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ობიექტებს და 3 ობიექტი კი ამ ორი სამინისტროსთვის საზიაროა.
ჯანდაცვის სამინისტროს ობიექტები წარმოდგენილია დკსჯეც-ით და მისი ფილიალებით, რეგიონალური და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და მობილური სადგურებით საველე სამუშაოებისთვის. სისტემას იყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებების 350-ზე მეტი თანამშრომელი, ხოლო მათ მუშაობაზე დაკვირვებას ახორციელებს დკსჯეც-ის მიერ დამტკიცებული ადმინისტრატორთა ჯგუფი. დკსჯეც-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) პერსონალი უზრუნველყოფს სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას. სისტემის კონფიგურაცია მორგებულია შჯსდს-ს მოთხოვნების შესაბამისად და მოიცავს შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების სიას, ნიმუშების და ლაბორატორიული ტესტის ტიპების ჩამონათვალს, დაავადება-სპეციფიური კვლევის ფორმებს და განახლებულ ოფიციალურ ანგარიშს „ფორმა IV-03“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, დზეის-ში მუშაობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური, რაიონული და ცენტრალური დონეების ვეტერინარები, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის დაქვემდებარებაში არსებული რეგიონალური ფილიალები. ამჟამად დზეის-ი გამოიყენება როგორც ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის.

 

აშშ თავდაცვის დეპარტამენტმა, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ შეიმუშავა დზეის-ი ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) ფარგლებში. ამერიკული კომპანია „Black and Veatch“ წარმოადგენს ამ სისტემის გენერალურ კონტრაქტორს. შემდეგ დაწესებულებებს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე წვლილი შეაქვთ დზეის-ის შემუშავების პროცესში: აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR), ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი (USAMRIID), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), საზღვაო სამედიცინო კვლევითი ცენტრი (NMRC), აკადემიური ჩართულობის პარტნიორობა (AEP), შეიარაღებული ძალების ჯანმრთელობისა და ეპიდზედამხედველობის ცენტრი (AFHSC) და კორპორაცია Northrop Grumman. დზეის-ის თანადაფინანსება ხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხრიდან.

 

საიტის მისამართი  https://eidss.ge/ka-GE/Account/Login