ყვარელში მიმდინარე დიარეის ეპიდაპეთქება

ყვარლის რაიონში მიმდინარე ეპიდაფეთქების დროს დაზარალებულთა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა ნოროვირუსით დაინფიცირება.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 10-დან 72 საათამდეა. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენა ხდება 1-2 დღეში. ძირითადი სიმპტომებია პირღებინება, გულისრევის შეგრძნება და, ასევე, უფრო იშვიათად, დიარეა. ბავშვებში უმეტესად დამახასიათებელია პირღებინება. ავადმყოფთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეს სიმპტომები გამოუვლინდა.

ნოროვირუსული ინფექცია თვითგანკურნებად დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება და გრძელდება რამდენიმე დღე. განვითარებულ ქვეყნებში ნაწლავთა ინფექციების ყველაზე ხშირი მიზეზია. მძიმე შემთხვევებში არის გაუწყლოების საშიშროება, ამიტომ სასურველია, პაციენტები იყვნენ მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან: პატარა ბავშვები, მოხუცები და პაციენტები დასუსტებული იმუნური სისტემით.

ადამიანზე ნოროვირუსი გადადის ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის შედეგად ან დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით.

ამ ეტაპზე დაავადების გავრცელების თავისებურებების გამო, ავადმყოფთა უმრავლესობაში,შესაძლოა ვივარაუდოთ სასმელი წყლით დაინფიცირების ალბათობა. შესაბამისად ვურჩევთ ყვარლის და სხვა პატარა დასახლებული პუნქტების მოსახლეობას, წყლის წყვეტილად მიწოდების და/ან ავზებში დაგროვებული წყლის მოხმარების შემთხვევაში სასმელად გამოიყენონ მხოლოდ გადადუღებული წყალი და ხშირად დაიბანონ ხელები საპნით.