როტავირუსული ინფექცია

1.რა არის როტავირუსული ინფექცია?

როტავირუსული ინფექცია არის მწვავე გასტროენტერიტით მიმდინარე დაავადება, გამოწვეული როტავირუსით, რომელიც მიეკუთვნება Rotavirus გვარს და Reoviridae-ს ოჯახს. როტავირუსები კლასიფიცირდება 7 სეროლოგიურ ჯგუფად (A –G). ყველაზე ხშირად დაავადებას იწვევენ A ჯგუფის როტავირუსები. ვირუსის გარეთა კაპსიდის სტრუქტურული პროტეინების – VP4 და VP7 -ის საფუძველზე  კლასიფიცირდება როტავირუსები G და P გენოტიპებად. დღეისათვის ცნობილია   როტავირუსის 15G და 27P  გენოტიპი.

http://www.medicinenet.com/rotavirus/article.htm

www.cdc.gov/rotavirus/

 

2. რამდენად საყურადღებოა როტავირუსული ინფექცია?

როტავირუსი მსოფლიოში ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებში არაბაქტერიული დიარეული დაავადებების ერთ–ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. პრაქტიკულად 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით. ყოველწლიურად მსოფლიოში ამ ასაკის  500 000 -ზე მეტი ბავშვის სიკვდილის მიზეზი როტავირუსული ინფექციაა.

როტავირუსი გამძლეა გარემო პირობებში, იგი ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას გარემოში რამდენიმე  კვირასა და თვეს. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, რომლის ფეკალიებში გამომწვევი არის დიარეის დაწყებამდე 1-2 დღით ადრე და კლინიკური ნიშნების დამთავრების შემდეგ 10 დღემდე. ინფექციის გადაცემა ხდება ფეკალურ - ორალური გზით, გადაცემის ფაქტორი შეიძლება იყოს დაბინძურებული ნივთები, დაბინძურებული საკვები და წყალი. ვირუსის მცირე მაინფიცირებელი დოზის და გარემო პირობების მიმართ მდგრადობის გამო, როტავირუსით ავადობა თითქმის თანაბრადაა გავრცელებული როგორც განვითარებად, ისე  განვითარებულ ქვეყნებში. ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი კი ძირითადად ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში, არაადექვატური და/ან დაგვიანებული მკურნალობის  შედეგად.

www.who.int/topics/rotavirus_infections/en/ 

www.cdc.gov/rotavirus/index.html

 

3. როგორია საქართველოში როტავირუსის ინფექციის პრევალენტობა?

საქართველოში მიმდინარეობს როტავირუსებზე ზედამხედველობა 5 წლამდე ასაკის ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში ორი საყრდენი ბაზით (ქ. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკა და პრივატ კლინიკა).

ჩატარებულმა კვლევების საფუძველზე 2013 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა როტავირუსული ინფექციის 186, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში -  174 შემთხვევა.

 

4. როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა როტავირუსით დაინფიცირებული?

როტავირუსით ინფიცირებისას, ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ (2 დღე), დაავადება იწყება მწვავედ, ღებინებითა და უხვი წყლისებური დიარეით. გამოიხატება ყურყური და დიფუზური ხასიათის მუცლის ტკივილი. დამახასიათებელია ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებიც: სისუსტე, ადინამია, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შემცივნება, მაღალი ცხელება (1-2 დღე). ასეთი სახით კლინიკური ნიშნები ჩვეულებრივ 3-7 დღე გრძელდება, თუმცა შესაძლოა 2-3 კვირადეც გაგრძელდეს. გარდა ამისა, ხშირად აღინიშნება ხახის ლორწოვანის ჰიპერემია და მარცვლოვნება, სკლერების ინიცირება.

მძიმე გასტროენტერიტით მიმდინარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (გაუწყლოვება), რომელიც უფრო ხშირად გამოვლინდება მცირე ასაკის ბავშვებში, რაც შეიძლება გამოიხატოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, შოკით და ბოლოს ლეტალური გამოსავლით.

როტავირუსის გარჩევა გასტროენტერიტის სხვა გამომწვევებისგან მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით შეუძლებელია, საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად, როგორც წესი, პირველი ინფექცია ყველაზე მწვავეა, რეინფექცია შესაძლოა მიმდინარეობდეს უფრო მსუბუქად ან ასიმპტომურად, უკვე შეძენილი იმუნიტეტის ხარჯზე.

http://www.cdc.gov/rotavirus/clinical.html

 

5.    როგორ უნდა მოვიქცე აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე სასურველია მოხდეს დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ქალაქისა და რაიონის ტიპის დასახლებებში.

ქ. თბილისი:

  • ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, მისამართი: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის გამზირი, # 16, ტელეფონი (ქალაქის): +995 32 39-57-29;  +995 32 39-57-16;
  • ქ. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკა, მისამართი: ვაკე-საბურთალოს რაიონი,  ს. ჩიქოვანის ქუჩა # 14, ტელეფონი (ქალაქის): +995 32 2363461; +995 32 2364019; 
  • პედიატრიული პრივატ კლინიკა (ყოფილი მ. გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკა). ქ. თბილისი, თემქა, მე-2 მ/რ. ტელეფონი (ქალაქის):+995 32  2600865

 

6. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული როტავირუსული ინფექციისგან თავის დაცვა?

როტავირუსული ინფექციის გავრცელება მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა და ჰიგიენური პირობების დაცვა ნაკლებად ეფექტურია როტავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში.

როტავაქცინა წარმოადგენს როტავირუსული დიარეის მძიმე ეპიზოდების პრევენციის საუკეთესო საშუალებას. 2013 წელს საქართველოში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01–13ნ  18.03.2013   ბრძანებით, სშჯც მინისტრის N183/ნ 25.06.2010  ბრძანებაში „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების  დამტკიცების შესახებ“ შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც პროფილაქტიკურ ეროვნულ კალენდარს დაემატა როტავირუსული ვაქცინა. ვაქცინაცია ტარდება როტარიქს (Rotarix) ვაქცინით, რომელიც მაღალეფექტურობით დაა უსაფრთხოებით გამოირჩევა ვაქცინაციის კურსი შედგება 2 დოზისაგან. პირველი დოზით ვაქცინაცია კეთდება 8 კვირის ასაკიდან (2 თვე) 15 კვირის ასაკამდე,  ხოლო მეორე დოზა  – 12 კვირის (3 თვე) ასაკიდან 24 კვირის ასაკამდე. ვაქცინის მიღება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით). პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა. 

http://www.cdc.gov/vaccines/vpd-vac/rotavirus/default.htm#clinical