პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2015 წლის 2 სექტემბერი გლაზგო - ჰეპატიტების პირველი მსოფლიო სამიტის მონაწილენი მოუწოდებენ ქვეყნებს ეროვნული პროგრამების განვითარებისკენ, რათა მოხდეს ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის, საბოლოო ელიმინაცია.

„ჩვენთვის ცნობილია ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის გზები, ვფლობთ B ჰეპატიტის უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინას, უკვე გვაქვს პრეპარატები C ჰეპატიტით ინფიცირებულთა სამკურნალოდ და B ჰეპატიტით ინფიცირების კონტროლისთვის“, განაცხადა დოქტორმა გოტფრიდ ჰირნშალმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ჰეპატიტების გლობალური პროგრამის დირექტორმა.

„თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ჯერ კიდევ არასაკმარისია წვდომა დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე. ეს სამიტი იქნება ბიძგის მიმცემი პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სერვისების გაძლიერებისთვის და ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის, საბოლოო ელიმინაციისთვის.

ვირუსული ჰეპატიტებით დღეისათვის დაინფიცირებულია დაახლოებით 400 მილიონი ადამიანი. ეს ინფექციები სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენენ მსოფლიოში - ყოველწლიურად კვდება 1,45 მილიონი. ღვიძლის კიბოთი სიკვდილიანობის შემთხვევათა 80%-ის მიზეზია B და C ჰეპატიტები, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის მქონე ადამიანთა უმრავლესობამ კი არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ.

სამიტს უმასპინძლა შოტლანდიის მთავრობამ ქალაქ გლაზგოში. სპონსორები - ჯანმო და ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსი (World Hepatitis Alliance). სამიტს დაესწრნენ დელეგატები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს იყო პირველი მაღალი დონის გლობალური შეხვედრა, რომელიც დაეთმო მხოლოდ ჰეპატიტებს. მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ვირუსული ჰეპატიტების პრევენციისთვის და ინფიცირებულ ადამიანთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ქმედებების გაძლიერებაში.

იმ რწმენით, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაცია შესაძლებელია, სამიტზე დამსწრე პოლიტიკოსები, პაციენტთა ჯგუფები, ექიმები და სხვა დაინტერესებული მხარეები გამოსცემენ დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს ჯანმოსთან თანამშრომლობით პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთო მიზნებზე შეთანხმებისკენ.

ჯანმო-მ სამიტზე წარადგინა ვირუსული ჰეპატიტების ეროვნული გეგმების განვითარებისა და შეფასების ახალი სახელმძღვანელო. პოლიტიკოსებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა 3-დღიან შეხვედრაზე (2-4 სექტემბერი) ასევე განიხილეს ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმოს გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგია, რომლის მიზნების შესრულება განსაზღვრულია 2030 წლისთვის. ეს მიზნები გულისხმობს ქრონიკული B და C ჰეპატიტების ახალი შემთხვევების შემცირებას 90%-ით, B და C ჰეპატიტებით სიკვდილიანობის შემცირებას 65%-ით და ქრონიკული B და C ჰეპატიტებით ინფიცირებულთა 80%-ის მკურნალობას.

მსოფლიო სამიტი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ვირუსული ჰეპატიტებისადმი მიდგომაზე. სამიტი ჩატარდება ყოველწლიურად, მონაწილე ქვეყნები ამ ცენტრალურ ფორუმზე შეძლებენ თავიანთი საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ რეაგირებაში სწრაფ პროგრესს.

„სამიტი საშუალებას მისცემს ქვეყნებს, გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები ეროვნულ დონეზე. ამ ქმედებების მხარდასაჭერად შოტლანდიაში იკრიბებიან პაციენტთა ჯგუფები და სამოქალაქო საზოგადოება მთელი მსოფლიოდან. ჩვენ შეგვიძლია ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საყოველთაო მკვლელის, ლიკვიდაცია, თუმცა მხოლოდ თანამშრომლობით არის შესაძლებელი ამ სურვილის რეალობად ქცევა,“ ამბობს ჩარლზ გორი, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტი.

კარგად დაფინანსებული და ყოველისმომცველი რეაგირება დიდი გამოწვევაა მრავალ ქვეყანაში, სადაც მაღალია ჰეპატიტებთან დაკავშირებული დაავადებების ტვირთი. სუბსაჰარულ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში მოსახლეობის 5-10%-ს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი. ქრონიკული ინფექციები ასევე ძლიერ გავრცელებულია ამაზონის რეგიონში, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სამხრეთ ნაწილში. C ჰეპატიტი მთელ მსოფლიოშია. ინფექციის მაღალი მაჩვენებლებია აფრიკაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა დაახლოებით ორი მესამედი ინფიცირებულია C ჰეპატიტით.

სულ უფრო მეტი ქვეყანაა ჩართული ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლაში. უკანასკნელ წლებში ეგვიპტეში საგრძნლობლად გაიზარდა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა; საქართველომ დასახა C ჰეპატიტის ეროვნული ელიმინაციის მიზნები; მონღოლეთში შემუშავდა ვირუსული ჰეპატიტების კონტროლის სტრატეგია.