უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისთვის საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

  • არ გადაირბინო გზაჯვარედინზე; 
  • ქუჩაზე გადასვლისას არ მოადუნო ყურადღება;
  • ქუჩაზე გადასვლისას თავი შეიკავე ყურსასმენების გამოყენებასა და ტელეფონით საუბარზე;
  • ნუ იქნები იმის იმედად, რომ მოახლოებული მანქანის მძღოლი შეგამჩნევს და  დაამუხრუჭებს; 
  • დაელოდე მანქანის გააჩერებას, მხოლოდ შემდგომ გადაჭერი ქუჩა;
  • საღამოს საათებში, ხილვადობის გასაუმჯობესებლად, ჩაიცვი ნათელი შეფერილობის   ტანსაცმელი;
  • ისარგებლე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელით;

1896 წლის 17 აგვისტო. ლონდონის ბროლის სასახლეში წარმოდგენაზე დასასწრებად შვილთან ერთად მიმავალი 44 წლის ბრიჯეტ დრისკოლი „უდიდესი სისწრაფით“ (სინამდვილეში, სულ რაღაც 12,8 კმ/სთ-ში) მიმავალმა ავტომობილმა გაიტანა. ავტოავარიის ისტორიაში მომხდარი ეს პირველი მსხვერპლი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.  „ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს“ - განაცხადა გამომძიებელმა... მას შემდეგ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, ავტოავარიებში დაღუპულთა რიცხვმა კი კატასტროფულად იმატა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით მსოფლიოში ყოველწლიურად  საშუალოდ 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება. მსხვერპლთა უდიდესი ტვირთი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 186300 ბავშვი იღუპება ე.ი. დღეში 500 ბავშვზე მეტი.

ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების  შესახებ   წარდგენილი  ანგარიშის მიხედვით 2012 წელს  დაფიქსირდა 5339 საგზაო შემთხვევა, რის გამოც დაშავდა 6638 და გარდაიცვალა 605 ადამიანი - აქედან 18 ბავშვი, 2013 წელს კი, 5510 საგზაო შემთხვევა,  7734 დაშავებული  და  514 გარდაიცვლილი - აქედან 22 ბავშვი. საგზაო შემთხვევების მესამედი ქვეითად მოსიარულეებს აზარალებს, რომელთაგანაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ბავშვები მიეკუთვნებიან.

ფეხითმოსიარულეთა უმეტესი ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ, უყურადღებობით, თუ დაუდევრობით, საფრთხეს უქმნის საკუთარ და  სხვის  სიცოცხლეს. ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში  მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელებით სარგებლობა, ბევრისთვის „თავისუფალი გადაადგილების უფლების“ შელახვად, მანქანებით გადაჭედილ ტრასაზე ავტომობილებს შორის გაძვრომა კი „ნორმად“ აღიქმება. შუქნიშანის და ტროტუარის ფუნქცია კი სრულებით უგულვებელყოფილია...

მართალია, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ქვეითად მოსიარულეები ვერ აცნობიერებ ავტოსაგზაო საფრთხეებს, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების ცოდნის და სარისკო ქცევის გაცნობიერების დონე მეტისმეტად დაბალია. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება.

დადგენილია, რომ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 5-9 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ეს ის ასაკია, როცა ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს ეზოში და სკოლაში სიარულს, ითვისებს შორ ტერიტორიებს...მშობლები გადაჭარბებულად აფასებენ მათ შესაძლებლობებს და თვლიან, რომ დამოუკიდებლად და წარმატებულად გაართმევენ თავს ისეთ „მარტივ ამოცანას’, როგორიცაა გზებზე უსაფრთხო გადაადგილება. 

რეალურად, ამ ასაკის ბავშვებში დაბალია რისკის აღქმა, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. შესაბამისად, მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევის განვითარების საშიშროება.

ავტოსაგზაო შემთხვევების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ქცევითი თავისებურებები, რომელსაც ბავშვი გარშემომყოფებისაგან ითვისებს. მაგ, უფროსები, რომლებმაც არ იციან (ან/და იციან და არ „სცნობენ“) საგზაო მოძრაობის წესები და მუდმივად არღვევენ მას,  ბავშვისთვის მიბაძვის ობიექტები ხდებიან, ხოლო მოძრაობის წესების დარღვევა კი ნორმად აღიქმება.  საბოლოო ჯამში, ბავშვის მიერ ქვეითად გადაადგილების წესების არცოდნა და/ან მისი უგულვებელყოფა იმ ასაკობრივი თავისებურებების დამატებით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, სავალალო შედეგით მთავრდება.

საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ინიცირებული საგზაო  უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეულის თემა „ბავშვები და საგზაო უსაფრთხოება“, ხოლო სლოგანი  „დაიცავი ბავშვების სიცოცხლე“ იყო.

ერთად გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას, დავიცვათ მათი უფლებები და გადავარჩინოთ ათასობით ბავშვის სიცოცხლე!

 

________________________________________

 http://www.cdc.gov/healthyplaces/healthtopics/physactivity.htm

 http://www.bioline.org.br/request?cm04014

 http://www.who.int/features/2004/road_safety/en/

 http://www.who.int/mediacentre/news/notes/2013/make_walking_safe_20130502/en/

 http://www.safekids.org/sites/default/files/documents/2013_global_final_0.pdf

 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/1741225

 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3467946/

 http://jpepsy.oxfordjournals.org/content/32/5/517.full

 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3455934/

 http://roadsafety.transport.nsw.gov.au/stayingsafe/pedestrians/tips/index.html

 http://hastebc.org/tools/pedestrian-safety

http://www.who.int/roadsafety/week/2015/UNRSW_2015_background/en/

www.SaveKidsLives2015.org