ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეული

2015 წელს 18 სექტემბერს სასტუმრო „Holiday Inn”-ში  არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია სლოგანით

ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ქ.თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.

საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ევროპაში ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ძირითადი მიზეზი - ინფორმაციის ნაკლებობაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობამ ნაკლებად იცის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს  რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა (რაც ~5% მეტია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 972), მათ შორის 7 - მამაკაცებში (2013 წ. – 12). წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ავადმყოფი (2013 წ. - 6123). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.

ყოველწლიურად ქ.თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი `ჰერა` ახორციელებს პროექტს `საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“. წელს მარათონი ზეიმობს ათი წლისთავს. საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით გაიმართა აქციები საქართველოს ორ ქალაქში - ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში სხვადასხვა აქტივობებით.

შემოგვიერთდით, ჩაერთეთ კამპანიაში, ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა, ხოლო ყოველი ქალის სიცოცხლე კი მეტად ფასეულია  თითოეული ოჯახის, შვილებისა და ქვეყნისათვის.

 

იხილეთ ფოტოალბომი