ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეული 20.09.2015

2015 წელს 20 სექტემბერს 11:00 საათზე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი აქცია 

საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად

მარათონი მიმდინარეობს სლოგანით

გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

მარათონში მონაწილეობა მიიღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, ქ.თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს წარმომადგენლები.აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID SUSTAIN), ეროვნული სკრინინგ ცენტრის, აშშ-ს საელჩოს, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, კერძო კომპანიების, ჯანდაცვის ობიექტების, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების და ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარომადგენლებმა.

მარათონი ტარდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით. ღონისძიების მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.

მარათონით მოხდება განათლების გაძლიერებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობის ხაზგასმა.  არსებობს ძუძუს კიბოს გამოკვლევის უფასო სერვისები, თუმცა მათი სრულფასოვანი გამოყენება არ ხდება. მოსახლეობამ არ იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ნაადრევი გამოვლენა და რატომ არის აუცილებელი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები რეგულარულად.

ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს  რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა (რაც ~5% მეტია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 972), მათ შორის 7 - მამაკაცებში (2013 წ. – 12). წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ავადმყოფი (2013 წ. - 6123). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.

აქცია - მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად უკვე მეათედ იმართება საქართველოში და იგი ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, მარათონი იმართებოდა ქ. ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან  “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” თბილისში დაფუძნდა და გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს აქციად. 10 000 ზე მეტი მონაწილის, საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამ აქციის საშუალებით ხდება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა. მსგავსი აქციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმა ნენსი ბრიკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო “მარათონი გადარჩენისათვის”. მარათონმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში და აშშ-ში ტრადიციად იქცა.

2015 წელს საქართველოს „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ ტარდება სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა შენარჩუნების, ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილსის მერიის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, გამარჯვებულ ქალთა კლუბის, ბი-პი-ს, პროკრედიტ ბანკის, შპს როშ ჯორჯიას, ბანკი რესპუბლიკას, საქველმოქმედო ფონდი „ავერსის“,  კუს ტბა კალას,  ჯორჯიან ივენთის, ჰელფინგ ჰენდის, IDS ბორჯომი საქართველოს, ჯორჯიან ბეიკერსის, კონტური - ფიტნეს კლუბის, სს „სმარტ რითეილის“,  „გენი ქართულის”, Holliday Inn თბილისის საქართველო,   შპს “გეოპლანტი“  - ჩაი გურიელის, კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას, Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi-ს,   სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“,  კლინიკა „მედი პრაივის“, რონის პიცას,  კაფე „ნატურას“  მხარდაჭერით.

მარათონის ფარგლებში მოეწყო რბოლა - გამარჯვებულების დაჯილდოვება, მსვლელობა და საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ,რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. 

ვიმედოვნებთ, რომ აქცია ხელს შეუწყობს ქალთა ჯანმრთელლობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის გაზრდას.

 

 იხილეთ ფოტოალბომი