ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

2015  წლის  28 სექტემბერს 13:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  ერთობლივად ჩატარდა პრესკონფერენცია თემაზე

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. ასევე,  დარგის ექსპერტები.

ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.  ამ დღეს საქართველოც უერთდება.

ცოფი ზოონოზური (გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს) დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას - ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება!

ცოფი ენდემურია მთელი მსოფლიოსთვის, ანტარქტიდის გარდა. ყველაზე მაღალი ინციდენტობით გამოირჩევა აზია და აფრიკა, სადაც ცოფის განვითარების რისკის ქვეშაა 3 მილიარდ ადამიანზე მეტი.

ცოფი 100%-ით ვაქცინით მართვადი დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დაავადების პრევენციის საშუალება, ცოფი მსოფლიოში ყოველწლიურად ათობით ათასი სიკვდილის მიზეზი ხდება. დაავადება დისპროპორციულად აზარალებს ღარიბ, დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას/თემს/სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს - ცოფით ყოველი 10 გარდაცვლილიდან ოთხი - 15 წლამდე ასაკის ბავშვია.

  • საქართველოში 2014 წელს  4 ადამიანი გარდაიცვალა ცოფით.
  • 2015 წლის 28 სექტემბრის მონაცემით, საქართველოში,  მიმდინარე წელს ცოფის შემთხვევა ადამიანებში არ დაფიქსირებულა!

ადამიანთა ცოფით სიკვდილის ძირითადი წყარო - ძაღლია, ცოფის ელიმინაცია  შესაძლებელია ძაღლების ვაქცინაციი, ცოფზე საეჭვო ცხოველების დაკბენით დაზარალებულ ადამიანთა 40 %  15 წლამდე ასაკის ბავშვია, ყოველწლიურად მსოფლიოში 15 მილიონ ადამიანს უტარდება ანტირაბიული იმუნიზაცია ცოფზე საეჭვო ცხოველთაგან დაკბენის გამო,  რაც სავარაუდოდ, ასეულ ათასობით ცოფით სიკვდილს აგვარიდებს თავიდან.

ყოველწლიურად საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ანტირაბიული დახმარების მიღების მიზნით მოსახლეობის სულ უფრო მზარდი რიცხვი მიმართავს. 2014 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ ანტირაბიული დახმარება გაეწია 53 ათასზე მეტ ადამიანს, 2015 წლის 8 თვეში - 41 ათასზე მეტს!

გახსოვდეთ:

  • ძუძუმწოვარი ცხოველებიდან ცოფის ადამიანისთვის გადადება შესაძლებელია ისეთი ტიპის კონტაქტის დროს, როგორიცაა კბენა, დადორბლვა, დაკაწვრა.
  • ცოფიან ან ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ დროულად  ჩატარებული იმუნიზაცია ცოფით დაავადების  აცილების გარანტიაა.  
  • ცხოველის მიერ დაკბენის ნებისმიერ შემთხვევაშიჭრილობა უნდა დამუშავდეს საპნითა (სასურველია - სამეურნეო ანუ სარეცხის საპონი) და გამდინარე წყლით, ამის შემდეგ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელიც გადაწყვეტს იმუნიზაციის საკითხს. 
  • ანტირაბიული პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ცხოველთან კონტაქტიდან რაც შეიძლება მალე. რაც უფრო მძიმეა ცხოველის მიერ მიყენებული ტრავმა, მით უფრო სასწრაფოა დროული ანტირაბიული პროფლაქტიკური იმუნიზაციის დაწყება. დაზიანების ხარისხს განსაზღვრავს ექიმი.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მიჩნეულია ძაღლი, რადგან ძაღლისგან ადამიანის დაკბენა-დადორბვლის შემთხვევები ყველაზე მეტია, ასევე საშიშია კატაც. საქართველოში ყველაზე ხშირად აღწერილია ცოფიანი ძაღლის, კატის და შედარებით იშვიათად  - გარეული ცხოველებისგან ადამიანის ჰიდროფობიით დაავადების შემთხვევები.

ცოფის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 10 დღიდან წელიწადზე მეტი დროს განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებული ჭრილობის ლოკალიზაციასა და დაზიანების ხარისხზე.

სიმპტომებს მიეკუთვნება  კონტაქტის დროს დაზიანებული ადგილის ჰიპერმგრძნობელობა, შესაძლებელია ნაიარევის ქავილი, დაბუჟება, წამოწითლება, რასაც შემდგომ მოსდევს ე.წ. აგზნების ფაზა. მოგვიანებით უკვე ვითარდება ენცეფალიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. პაციენტს უჭირს წყლის დალევა, სუნთქვა, აგზნების ფაზას ენაცვლება დამბლების ფაზა და საბოლოოდ დაავადება სიკვდილით (ლეტალობით) მთავრდება. 

თუ შინაური ცხოველი ავლენს აგრესიულობას, აქვს საეჭვო ქცევები, ეს ცოფით დაავადების რისკზე მიუთითებს. სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს! 

ჯამნრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა ცოფის ლიკვიდაცია ცხოველებში მათი ვაქცინაციის გზით.

ცოფის პროფილაქტიკაზე საქართველო ევროპის რეგიონში ყველაზე მეტს რესურსს ხარჯავს

პრესკონფერენცია გაიმართა დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

 

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, თეა შველიძე 577 71 33 74, ამბროსი კეკელიძე 599 94 6431

მისამართი:თბილისი, ასათიანის 9