ჯილეხის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინები და გარემოს გაუვნებელყოფა
2015  წლის  29 სექტემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე 

                              ჯილეხის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინები და გარემოს გაუვნებელყოფა
                   Anthrax countermeasures: Vaccine and environmental decontamination 

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის და უკრაინის უნივერსიტეტების, ასევე  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

სამუშაო შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO) „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SFP) პროგრამის მიერ 2012 წელს დაფინანსებულ საერთაშორისო კვლევას „ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალმხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით” (პროექტი SfP984208),  რომლის მიზანია ჯილეხის საწინააღმდეგო ახალი თაობის ვაქცინისათვის პოტენციური ანტიგენების გამოვლენა და შესწავლა, რაც თავის მხრივ საფუძველს ჩაუყრის გაუმჯობებსებული, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართველი მეცნიერები თანამშრომლობენ დიდი ბრიტანეთის, თურქ და ამერიკელ მკვლევარებთან კარდიფის უნივერსტეტის ფარმაკოლოგიის სკოლის პროფესორის, ლეს ბეილის ხელმძღვანელობით. კვლევის ძირითადი ნაწილი სრულდება საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში. 

სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  "ჯილეხის დეკონტამინაციის ქსელი"  FP7 -PEOPLE-2013-IRSES  (პროექტის #612309), რომლის მიზანია  ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების შემუშავება B.anthracis სპორებით დაბინძურებული გარემოს დეკონტამინაციისთვის.

სხვადასხვა ქვეყანში ჯილეხის სფეროში მომუშავე მეცნიერების ერთად შეკრება ხელს შეუწყობს უცხოელ და ქართველ მკვლევარებს შორის ახალი კავშირებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.