გულის მსოფლიო დღე 03.10.2015

2015 წლის 3 ოქტომბერს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა „გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები, თბილისის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრა გახსნა და არა-გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის თვალსაზრისით დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტივობებზე ისაუბრა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ; მონაწილეებს მიესალმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა დარახველიძე. მოხსენება თემაზე „გულ-სისხლძარღვთა დაავადებები საქართველოში“ გააკეთა ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქალბატონმა დალი ტრაპაიძემ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა

1) მოსახლეობის გათვიცნობიერების ამაღლების საჭიროება გსდ რისკის დროული შეფასების აუცილებლობის და მისი სარგებლის შესახებ, როგორც პოპულაციურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე;

2) პრევენციული სტრატეგიის გააქტივება, დაავადების ადრეული გამოვლენა, მისი პროგნოზის გაუმჯობესების მიზნით;

3)  სტატისტიკის გენერირებისათვის აუცილებელი სამედიცინო  ინფორმაციის და სტატისტიკური ანგარიშგების პროცესის სრულყოფა.

 

იხილეთ ფოტოალბომი