საპრეზენტაციო შეხვედრა პარლამენტში 08.10.2015

2015 წლის 8 ოტომბერს საათზე საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საპრეზენტაციო შეხვედრა პროექტის

ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებების სახელმწიფო კომისიის სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია (მთავრობის დადგენილება №58; 2013 წლის 15 მარტი); კომისიის მუშაობის შედეგად, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის დასაწყებად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია (დადგენილება N196; 30 ივლისი, 2013) და სტრატეგიის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა (დადგენილება N304; 29 ნოემბერი, 2013).

ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმით გაწერილი ღონისძიებებიდან განხორციელდა: (1) აქციზის  განაკვეთის ზრდა (2013 წლის 1 სექტემბერი და 2015 წლის 1 იანვარი) და ადვალურ აქციზზე გადასვლა (2015 წლის 1 ივლისი); (2) ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ დამტკიცება; (3) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენინგი მოწევის გადაგდების მოკლე კონსულტაციის საკითხებში; კვლევების შედეგების მიხედვით შემცირდა თამბაქოს მოხმარების გავრცელება როგორც მოზარდ, ისე მოზრდილ მოსახლეობაში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ თამბაქოს სფეროში განხორციელებული კვლევების: „საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება მოწევისა და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკისადმი“ და „ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების გლობალური კვლევის“ შედეგები.

პროექტი „ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“ ხორციელდება „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებითა და ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნისთვის ოპტიმალური თამბაქოს გადასახადების მოდელის შემუშავებას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერეტების დახმარებით, პოლიტიკის დოკუმენტის ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენას დასამტკიცებლად და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დასანერგად; ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის გაძლიერებას და მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებას პოლიტიკის დანერგვის მხარდასაჭერად.

 

იხილეთ ფოტოალბომი